ახალი ამბები

ღარიბაშვილი ქართული ოცნების აქტივისტებს ადგილობრივი არჩევნების წინ კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეა, მოუწოდა პარტიის აქტივისტებს და წევრებს აქტიურად ჩაერთონ ქართული ოცნების „განახლების“ პროცესსა და კამპანიაში ადგილობრივი არჩევნების წინ.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც ექვსპარტიული მმართველი კოალიცია ქართული ოცნების წევრია, ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის წინ დააფუძნა.

„დღეს ჩვენ გადავდივართ პარტიისა და მისი სტრუქტურების განახლების ახალ ეტაპზე და თქვენი მონაწილეობა ამ საქმეში, თქვენი ჩართულობა პარტიის ხელმძღვანელობისთვის და პირადად ჩემთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 20 თებერვალს გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში პარტიის წევრების და აქტივისტების მისამართით.

„ჩვენ ვიცით, რომ შესაძლოა ბევრ ადამიანს, რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში, აქვს განცდა იმისა, რომ მათი თავდადება სათანადად ჯერ კიდევ არ დაუფასდათ. მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს იმ სირთულეების ბრალი იყო, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ბოლო ორი წლის განმავლობაში. საბედნიეროდ, ეს სირთულეები ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ახლა წინ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია ქართული ოცნება, თქვენთან ერთად ღირსეულად გაიმარჯვებს. ამიტომ მე გარწმუნებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მე მოგიწოდებთ პარტიის თითოეულ წევრს, მხარდამჭერს, თითოეულ აქტივისტს, იაქტიურეთ, მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს შეხვედრებში, პარტიულ კონფერენციებში და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში“. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ 2 წლის წინ დაფუძნების შემდეგ „თითქმის შეუძლებელი შეძლო“. „დიდი ძალისხმევისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და მმართველი პოლიტიკური ძალა გახდა. ასეთ წარმატებას ხშირად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტიებიც ვერ აღწევენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო „კიდევ უფრო გაძლიერდება“ და „თანამედროვე ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button