
ათობით პატიმარმა გეგუთის ციხეში თვითდაზიანებები მიიყენა
გეგუთის მე–14 დაწესებულების ათობით პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა შიმშილობის რამდენიმე დღიანი აქციის შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ციხის ბადრაგის მიერ პატიმრების ცემის ფაქტს უკავშირდებოდა.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ 9 თებერვალს 17 პატიმარი იქნა ჰოსპიტალიზირებული; ყველა მათგანი სასჯელაღსრულების მე–14 დაწესებულებაში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც პატიმრებს, რომელთაც ზედა და ქვედა კიდურების თვითდაზიანებები ჰქონდათ მიყენებული, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. სამინისტროს განცხადებით, კიდევ 14 პატიმარს ადგილზევე უმკურნალეს, რადგან მათი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობდა. არც ერთი დაზიანება პატიმართა სიცოცხლეებს საფრთხეს არ უქმნიდა.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გიორგი ლაბაძემ, რომელიც 10 თებერვალს გეგუთის ციხეს ესტუმრა, განაცხადა, რომ დაახლოებით 46 პატიმარს აქვს თვითდაზიანებები მიყენებული.
მისი თქმით, პატიმრებმა უთხრეს მას, რომ მას შემდეგ მიიყენეს თვითდაზიანებები, რაც ციხის ბადრაგისგან შეიტყვეს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა იგეგმებოდა ციხეში მათი პროტესტის ჩასახშობად. წინა ღამეს ციხის გარეთ შეკრებილები იყვნენ პატიმართა ნათესავები, რომელთაც ასევე ჰქონდათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია დაწესებულებაში სპეცრაზმის შესაძლო შეყვანის თაობაზე.
გასულ კვირას გეგუთის ციხის ასობით პატიმარმა შიმშილობა დაიწყო სულ ცოტა ორი პატიმრის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიების მოთხოვნით.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც გეგუთის ციხეს 7 თებერვალს სტუმრობდა, განაცხადა, რომ სულ ცოტა ერთ პატიმარს ჰქონდა სხეულის დაზიანებები. მაშინ მან ხელისუფლებას პატიმართა ცუდი მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა. პატიმრები მე–14 დაწესებულების ადმინისტრაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ გამოძიების პროცესში.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა 6 თებერვალს, რომ მას პროტესტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რომ პატიმრები „პროვოკაციას“ გეგმავდნენ და ამის შესახებ სახალხო დამცველსაც აცნობეს.
„ეს პროვოკაციის მცდელობა უკავშირდება იმას, რომ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, დაწესებულებაში ვითარება შეიცვალა და მსჯავრდებულებს შეეზღუდათ ის თავისუფლება, რაც სცდებოდა სარეჟიმო მოთხოვნების ზღვარს, გარდა ამისა, გატარდა რამდენიმე სარეჟიმო ღონისძიებაც. სწორედ ამიტომ, მსჯავრდებულები ცდილობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით შექმნან არასტაბილური გარემო, რათა შესუსტდეს მათზე კონტროლი, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კანონის სრული დაცვით ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს“, – განაცხადა სამინისტრომ 6 თებერვალს.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 10 თებერვალს, რომ უამრავი ხმები და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება მე–14 საპყრობილეში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის თავად პატიმრების მიერ. თუმცა, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დაუყონებლივ გამოიძიოს პატიმართა ცუდი მოპყრობის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა. ნანუაშვილმა ასევე მოუწოდა ციხის ადმინისტრაციას უფრო ლმობიერი მიდგომა შეარჩიოს, რაც ასევე მოიცავს პატიმრებისთვის უფრო ხანგრძლივ ყოველდღიურ სეირნობას, ვიდრე მათ ახლა აქვთ.
იმავე საპყრობილის ასობით პატიმარმა 2013 წლის დეკემბერში შიმშილობის აქცია გამართა, რითიც მათ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტის შეჩერების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)