ახალი ამბები

პრეზიდენტი „სინანულს გამოთქვამს“ საპატრიარქოსთან მომხდარი დაპირისპირების ინციდენტის გამო

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „სინანული გამოთქვა“ და დაგმო  დაპირისპირების ის ინციდენტი, რომელსაც 8 იანვარს საპატრიარქოსთან გამართულ ორ ურთიერთსაპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის ჰქონდა ადგილი. 

ოთხშაბათს აქტივისტების ჯგუფი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე გამოთქმული მოსაზრებების გასაპროტესტებლად საპატრიარქოსთან შეიკრიბა. იმავე ადგილას გაიმართა კონტრდემონსტრანტების აქციაც, რასაც მცირე შეხლა–შემოხლა მოყვა. სამართალდამცავებმა, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის იდგნენ, ოთხი პირი დააკავეს.

სასამართლომ 9 იანვარს ოთხივე დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო – სამს 100-100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო ერთის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

„ღირსეული, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში სრულიად გაუმართლებელია ძალადობა ნებისმიერი საბაბით. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ურყევი ნება. ეს არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 9 იანვარს ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველო ისტორიულად შემწყნარებლობის, განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. სწორედ ამან შეგვანარჩუნებინა ის მრავალფეროვნება, რომლითაც სამართლიანად ვიწონებთ თავს. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული მრავალფეროვნება არის და ყოველთვის უნდა იყოს ამოუწურავი რესურსი დიალოგისა და თანამშრომლობისათვის და არა – დაპირისპირებისათვის“, – აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტი მიუწოდებს „თავისუფალ“ მედიას გახდეს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობის სივრცე.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივისცემით მოეკიდონ ოპონენტთა მიერ აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი, „რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ვინმესთვის ეს აზრები, გამოხატვის უფლება ხელშეუხებელია“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button