
უსუფაშვილი: მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის და პირადად მისი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება და ყველა სხვა საკითხი ამ ამოცანის მიღწევას „დაექვემდებარება“.
„პირადად ჩემი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიღწევა და პირად ჩემი პოზიციები, ქმედებები თუ უმოქედობანი ამა თუ იმ საკითხზე განპირობებულია ძალიან ხშირად ამ პრიორიტეტით. და მზად ვარ ძალიან ბევრ საკითხზე ვიყო უფრო მოქნილი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს აი ამ უსერიოზულესი პოლიტიკური ამოცანის მიღწევა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
„ამიტომ ყველა სხვა საკითხზე ჩემი პოზიცია თუ ქმედება ამ საკითხითაც უნდა იყოს ხოლმე ახსნილი ან დანახული“, – განაგრძო უსუფაშვილმა, „მგონია, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა და ამ მიმართულებით ბევრი ხიფათი უნდა ავიცილოთ თავიდან. ეს ხიფათი უკავშირდება არა მხოლოდ ოკუპანტი სახელმწოფოსგან შესაძლო ხიფათს, არამედ ეს ხიფათი უკავშირდება ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების წარმართვას, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებას, კოალიცია ქართული ოცნების ერთიანობას და სიმტკიცეს, რომელიც აუცილებელია ამ ამოცანის მისაღწევად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების ცივილურად აწყობას“.
მან ეს განცხადებები წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კუთხით მიაღწია „მაქსიმუმს, რისი მიღწევაც შეიძლებოდა“ და ამ მხრივ, ხაზი გაუსვა ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობას, სადაც ქვეყნისთვის "აინთო მწვანე შუქი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განვილი ერთი წლის მანძილზე შეძლო ის, რომ „რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად აღარ გაუარესებულა, თუმცა არც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულა“.
„ის მცირედი მიღწევები, რაც [რუსეთთან] სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება, არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ არ არის საკმარისი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე „გამყოფ, იგივე საოკუპაციო ხაზებთან“ პრობლემები გრძელდება და ამ კუთხით, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის „სერიოზული“ იმედი აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ „დამატებითი სირთულეები არ იქნება", თუმცა არ გამორიცხა „გარკვეული ლოკალური ხასიათის პრობლემები“, რომელიც, უსუფაშვილის თქმით, არ უნდა გადაიზარდოს „გლობალურში“.
„საქართველომ უნდა მოახერხოს ძალიან რთული გზის გავლა უახლოესი თვეების განმავლობაში აგვისტო-სექტემბრამდე, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოხდება ხელმოწერა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმა „არის სწორი მიმართულების გადადგმული ნაბიჯი“. მისი თქმით, პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსის მეორე მოსმენით განხილვას იანვრის ბოლოს გააგრძელებს.
„დარწმუნებული ვარ ამ ცვლილებებით ჩვენ გავაუმჯობესებთ მდგომარეობას ადგილებზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ადგილობრივი არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავინახოთ, როგორც ორ პოლიტიკური ძალას შორის – ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მორიგი პაექრობა… ადგილობრივი არჩევნები ეს იქნება გაცილებით კონკურენტული“, – განაცხადა მან და საწყის ეტაპზევე „ყველა პოლიტიკური ძალის" ამ პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის პარლამენტში ახლახანს შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემას შეიმუშავებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)