ახალი ამბები

პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგები NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში

კოალიცია ქართული ოცნების რეიტინგი, განსხვავებით სხვა პარტიებისაგან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც აჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით შვიდი თვით ადრე რესპოდენტთა 61% მმართველ კოალიციას მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს.

სექტემბერში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში 50% ასახელებდა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ გაერთიანებად ქართულ ოცნებას, რომლის კანდიდატმაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები 62.12% ხმით მოიგო 27 ოქტომბერს.

პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა 12%-ით, რომელსაც სექტემბერში 9% ჰქონდა ანალოგიურ კვლევაში და რომლის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 21.72% დააგროვა არჩევნებზე.

შემდეგ მოდიან ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო 2%-ით (სექტემბერის ანალოგიურ კვლევაში – 4%; ბურჯანაძის მიერ მიღებული ხმები საპრეზიდენტო არჩევნებში – 10.19%); ლეიბორისტული პარტია ასევე 2%-ით (სექტემბერში – 3%; შალვა ნათელაშვილის მიერ მიღებული ხმები საპრეზიდენტო არჩევნებზე – 2.88%); ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 1%-ით (სექტემბერში – 2%; გიორგი თარგამაძის მიერ მიღებული ხმები საპრეზიდენტო არჩევნებში – 1.06%).

გამოკითხულთა 23%-ს ან არცერთი პარტია არ მოწონს, უარს ამბობს პასუხზე ან არ აქვს არჩევანი. სექტემბერში ამ ტიპის რესპოდენტთა რაოდენობა 26%-ს შეადგენდა.

პოლიტიკური რეიტინგები, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა და  ორი დღით ადრე გასაჯაროებული იმ ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც აჩვენებს საზოგადოების განწყობებს პოლიტიკურ და მიმდინარე საკითხებზე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 13-27 ნოემბერს ჩაატარა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 3 915 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით და მისი ცდომილების ზღვარი +/- 2%-ს შეადგენს.

კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობაზე მოთხოვნა კვლავაც მაღალია, ვინაიდან ამის საჭიროებაზე  გამოკითხულთა 82% მიუთითებს. 

52% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს, რაც სექტემბრის კვლევასთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია; შემდეგ მოდის ბურჯანაძის პარტია 8%-ით; ლეიბორისტები – 4%-ით. 

პოლიტიკოსთა მოწონება და საქმიანობის შეფასება

კვლევაში მოცემულ იმ სიას, რომელიც აჩვენებს ამა თუ იმ ფიგურის მიმართ მოწონების მაჩვენებელს, სათავეში უდგას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 94%-ით და ბიძინა ივანიშვილი 74%-ით, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გამოკითხვის პერიოდში დატოვა.

ყველაზე მოწონებადი სახელისუფლებო ლიდერები, კვლევის თანახმად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არიან 72-72%-ით.  არჩევნებში გამარჯვებამდე მარგველაშვილი სექტემბრის ანალოგიურ კვლევაში 56%-ს მოწონდა.

რეიტინგში შემდეგ მოდის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 71%-ით; და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 65%-ით, რომლის მოწონების მაჩვენებელიც 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სექტემბრის შემდეგ, ხოლო საქმიანობის დადებითად შეფასება 10 პროცენტული პუნქტით 41%-მდე. 

ყველაზე მოწონებად ოპოზიციურ ლიდერად კვლავ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რჩება 48%-ით, რაც სტატისტიკურად უცვლელი მაჩვენებელია სექტემბრის კვლევასთან მიმართებაში.

ოპოზიციონერ ლიდერებს შორის შალვა ნათელაშვილი კვლავ 34% მოწონს; გიორგი თარგამაძე 32%-ს (სექტემბერში – 36%); ასევე 27%-მდე დაიკლო ნოემბერში ნინო ბურჯანაძის მიმართ მოწონებამ სექტემბერში დაფიქსირებული 33%-დან.

სარეიტინგო სიაში ასევე შესულია ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომლის მოწონების მაჩვენებელიც სექტემბერში არსებული 16%-დან ნოემბერში 23%-მდეა გაზრდილი.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე არაპოპულარულ ლიდერთა სამეულში 71%-ით პირველ ადგილზეა ბაჩო ახალაია; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია 70%-ით და ვანო მერაბიშვილი 60%-ით, რომლის მოწონების მაჩვენებელი 19%-მდეა გაზრდილი, სექტემბერში არსებული 17%-დან.

მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გაპრემიერებამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო,  54%-ით ლიდერობს; შემდეგ მოდის ირაკლი ალასანია 51%-ით და თეა წულუკიანი 46%-ით – სამივე შემთხვევაში დადებითი შეფასების ეს მაჩვენებლები გაზრდილია სექტემბერთან შედარებით.

მინისტრების რეიტინგში 28%-ით მეცხრე ადგილს იკავებს დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც გამოკითხვის ჩატარების პერიოდში ქართული ოცნების კანდიდატად დასახელდა თბილისი მერობის პოსტზე 2014 წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის.

თბილისის ამჟამინდელი მერის გიგი უგულავას მოწონების რეიტინგი 26%-ს შეადგენს; მის საქმიანობას კი დადებითად 14% აფასებს; საპირისპიროს 37% ფიქრობს, ხოლო უგულავას ნეიტრალური შემფასებელი 33%-ს შეადგენს, კვლევის თანახმად.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button