ახალი ამბები

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის დღევანდელ პლენალურ სხდომაზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა ნაციონალური მოძრაობიდან თავის კოლეგას გია ბარამიძეს შეურაცხყოფა მიაყენა. 

თავის განცხადებაში ჯაჭვლიანმა აღნიშნა რა, რომ მისასალმებელი იქნებოდა, თუ ნაციონალური მოძრაობა დაგმობდა წინა ხელისუფლების დროს 7 ნოემბერისა და 26 მაისის ოპოზიციური აქციების დარბევას, იერიში უშუალოდ გია ბარამიძეზე მიიტანა და მას გაუხსენა მესტიაში მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებული მსხვერპლიანი სპეცოპერაცია, ასევე ახსენა სვანეთში ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრის კახა კალაძის გატაცებული ძმის „ვითომ სასაფლაოს“ აღმოჩენის ფაქტი, რითაც  ჯაჭვლიანის თქმით, წინა ხელისუფლება მიზნად ისახავდა „შეეძულებინათ სვანეთი საქართველოსთვის“.

„შემდეგ ოპერაცია გაამართლეს ასე: ჩვენ სვანები დავაშინეთ და დავაჩმორეთო. თქვენ თქვენი თავი და თქვენი ოჯახები დააჩმორეთ და არა სვანეთი. მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს ხშირად ჩაატაროს რეიდები, ისევ და ისევ დამნაშავე ნაციონალების დასაცავად,  სადმე არ გადაგეყარონ ნამუსახდილი, დაჩმორებული ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო ცოცხი და დუბინკა“, – განაცხადა მან და სამართალდამცავებს ბარამიძის დაკითხვისკენ მოუწოდა, რომელიც კოლეგის ამ განცხადებაზე საფეთქელთან თითის მიტანის ჟესტიკულაციით რეაგირებდა.

„გიორგი ბარამიძეს გულწრფელად მინდა ვუთხრა: მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ შე ჩმორო“, – ჯაჭვლიანს ამ სიტყვებზე ბარამიძემ უთხრა "ნაბიჭვარო", რის შემდეგაც მას ჯაჭვლიანმა შეაგინა და ამის მერე დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.

სიტუაციის განსამუხტად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შესვენება გამოაცხადა. სხდომის განახლების შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ინციდენტს „სათანადო რეაგირება“ მოყვება და მას კონსულტაციები ექნება უმრავლესობასთან და უმცირესობასთან მომავალში „მსგავსი გართულებების“ თავიდან ასაცილებლად, იმის მიუხედავად „რაოდენ მწვავე, მძიმე და ემოციურ საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე“.

თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. ამგვარი დემარშები ნაციონალურმა მოძრაობის დეპუტაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა სამჯერ მაინც მოაწყო.

„უმცირესობა დატოვებს სხდომას და თქვენ [პარლამენტის თავმჯდომარეს] მოგმართავთ პირადად, რომ შეფასება მისცეთ ამ პროვოკაციას… მითუმეტეს რომ ეს შეიცავდა ძალიან საშიშ მომენტს კუთხური შუღლის გაღვივებისა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა დარბაზის დატოვების წინ და ასევე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა უწევთ იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი იხილება პარლამენტში.

მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა კოლეგების შეძახილების ფონზე სხდომა დატოვეს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი რეაგირება ამ ინციდენტზე იქნება „სრული, სამართლიანი და ობიექტური“ და გაიმეორა, რომ  „მექნება დიალოგი ყველასთან იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ნორმალურ რეჟიმში“.

მან ასევე უსაყვედურა კოლეგებს უმრავლესობიდან  პოლიტიკურად არცთუ „ჭკვიანური ქმედების“ გამო, რამაც ოპონენტებს დემარშის საბაბი მისცა, რათა „ბოლომდე გაექცნენ პასუხისმგებლობას“.

„ყველას შეგახსენებთ: ჩვენი ამოცანა არ არის ნაციონალურ მოძრაობასთან გამკლავება და მათთან სიტყვა-პასუხში თუ შეჯიბრში გამარჯვება, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის მართვა და ქვეყნის წინ წაყვანა“, – მიმართა უსუფაშვილმა თანაგუნდელებს, „არ არის მაინც და მაინც მოსაწონი ქმედება უმრავლესობის მხრიდან, თუ უმცირესობას აძლევს საბაბს იმისას, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს დარბაზი დატოვოს“.

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბოდიშს უხდის საზოგადოებას მომხდარის გამო.

„მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, თორემ გია ბარამიძე უარესის ღირსია“, – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button