ახალი ამბები

მთავრობას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივის შეჩერების გამო აკრიტიკებენ

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავრობას იმის გამო აკრიტიკებს, რომ მან მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი შეაჩერა, რის მიზეზადაც დაასახელა ის ერთადერთი მოტივი, რომ სახელმწიფო არ არის მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.

„ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობა არგუმენტად არ გამოდგება იმ ასობით ადამიანის ლეგიტიმური მოლოდინის საპასუხოდ, რომელიც თვლის, რომ მას უკანონოდ ან შესაბამისი პროცესუალური უფლებების სერიოზული დარღევით აღუკვეთეს თავისუფლება, რომელიც იძულებული გახდა „ეყიდა თავისუფლება“; ან საკუთარი თავის ან სხვათა წინააღმდეგ მიეცა ჩვენება წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„ხელისუფლებას, მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით, შეუძლია უზრუნველყოს სავარაუდო კომპენსაციების გაცემის პროცედურებისა და ვადების იმგვარად გაწერა, რომ ამან არ გამოიწვიოს ერთბაშად დიდი ფინანსური დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, თუ მთავრობა არ გადახედავს თავის პოზიციას, სახალხო დამცველი თავად მიმართავს პარლამენტს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მექანიზმის დაკანონების წინადადებით, რაც, სახალხო დამცველის აზრით, „უსამართლობის მსხვერპლთათვის სამართლიანი განხილვის უფლების ჯეროვანი იმპლემენტაციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს“ იმ პირობებში, როცა  „წლების განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება სისტემური ხარვეზებით ხასიათდებოდა“ და „გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში 0.1%-ს არ აღემატებოდა“.

მთავრობის გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელმაც მოუწოდა  მთავრობას „გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას, გააანალიზოს თუ რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, შეიმუშაოს კომპენსაციის გონივრულ ვადაში გაცემის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების დროში გაწერილი გეგმა და თავისი ძალისხმევა მის შესასრულებლად მიმართოს“.

საიამ ასევე იმ ფაქტორს გაუსვა ხაზი, რომ „უფლებადარღვევის მსხვერპლთათვის ხშირად არსებითი მნიშვნელობა საქმეზე სიმართლის დადგენას აქვს, ხოლო ფინანსური ფაქტორი, რიგ შემთხვევებში, მათთვის მხოლოდ მეორეხარისხოვანია“.

იმავდროულად, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 22-მა პატიმართა შიმშილობის აქცია დაიწყო მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „კომისიის შექმნა არავის არ გადაუფიქრებია“.

ანალოგიური განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წლუკიანმაც 29 ნოემბერს, რომელმაც წინა დღეს გაახმოვანა მთავრობის გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივის შეჩერების თაობაზე.

„ეს იდეა უარყოფილი არ ყოფილა. როგორ შეიძლება უარყოს ვინმემ იდეა, რომ არის ბევრი უკანონო განაჩენები და ეს განაჩენები არის გადასახედი. მე გუშინ აღვნიშნე, რომ დროებით ეს შეჩერებულია, რადგან უნდა მოხდეს გათვლა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს პარასკევს.

იუსტიციის სამინისტრომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი 15-წევრიანი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი წლის დასაწყისში შეიმუშავა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გამოტანილი იმ განაჩენების გადახედვის მიზნით, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს და ასევე იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს ეხება, სადაც დავის საგნის ღირებულება 100 000 ლარს აღემატება. კანონპროექტის მიხედვით, კომისია ამ საქმეების შესწავლის შედეგად მოამზადებს დასკვნას, რომლის საფუძველზეც, ხარვეზის დადასტურების შემთხვევაში, განაჩენს უკვე  უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი პალატა გადახედავს.

 

მსგავსი/Related

Back to top button