ახალი ამბები

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია



მარცხნიდან მარჯვნივ: ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროკომისიის ვაჭრობის საკითხებში გენერალური დირექტორატის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ფილიპ კუისონი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ვილნიუსში 28 ნოემბერს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების დროს. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვილნიუსში 28 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პირველ დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექნიკური პარაფირების პროცესი დასრულდა. 

1000–გვერდიანი შეთანხმების პარაფირების ოფიციალური ცერემონია სამიტის მეორე დღეს, 29 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი.

საქართველოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისი „ამბიციური გეგმაა“ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, 2014 წლის სექტემბრისთვის მოეწეროს ხელი.

ვილნიუსის სამიტის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე ძირითად სფეროს განსაზღვრავენ და შემდეგ ევროკომისია კონკრეტულ მიზნებს შეიმუშავებს თითოეულ ამ სფეროსთან მიმართებაში, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი დააკვირდება საქართველოს საქმიანობას ამ მიზნების განხორციელების კუთხით, რათა შემდეგ განსაზღვროს შესაძლებელია, თუ არა მასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.   

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისი რატიფიცირება იქნება საჭირო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების და ასევე ევროპარლამენტის მიერ.

რატიფიკაციამდე დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გარკვეული ნაწილების „დროებითი გამოყენება“; ეს ნაწილები მოიცავს იმ რეგულაციებს, რომლებიც ეხება ფიტოსანიტარულ, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, კონკურენციის პოლიტიკის და ასევე შეთანხმების იმ ნაწილებს, რომლებიც დარგობრივ თანამშრომლობას ეხება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება „ისტორიული მომენტია ჩემი ქვეყნისთვის“,  რომელიც აფიქსირებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

„მომავალი წელი, როდესაც ჩვენი ვალდებულებების განხორციელების ეტაპზე გადავალთ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შეუქცევადობის უზრუნველყოფისთვის“, – წერს ფანჯიკიძე თავის სტატიაში, რომელიც EUobserver.com–მა გამოაქვეყნა. 

ვილნიუსის სამიტი მესამეა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში 28 ნოემბერს ჩავიდა სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

ეს მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგად თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

„დღეს ჩვენ ვდგავთ ნაბიჯს, რომელიც რეალურად გვაახლოვებს ევროპასთან და რომელიც ევროპული მიმართულებით საქართველოს კურსის შეუცვლადობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მარგველაშვილმა ვილნიუსში.

ვილნიუსის სამიტის დროს საქართველო და ევროკავშირი ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ ევროკავშირისგან უკვე მიიღო მიწვევა რამდენიმე ახალ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის აფრიკის რქის ქვეყნებში საზღვაო მისიაში EUCAP NESTOR; მალის სამხედრო ტრეინიგის მისიაში EUTM Mali; და ლიბიის საზღვრის მართვის მისიაში EUBAM Libya.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button