ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატში უთანხმოება წარმოიშვა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტიდან რამდენიმე ყოფილ თანამშრომელთან დაპირისპირებული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა ომბუდსმენი მათ მიერ მომზადებული იმ რამდენიმე ანგარიშის დამალვის მცდელობაში დაადანაშაულეს, რომლებშიც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარება იყო გაკრიტიკებული; საპასუხოდ, სახალხო დამცველმა ყოფილი თანამშრომლები „უგულისყურო დამოკიდებულებაში“ და მისი დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

ნათია იმნაძე, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელი იყო 2009 წლიდან, სახალხო დამცველმა გასულ კვირას გაათავისუფლა თანამდებობიდან. მისი მოადგილე, ოთარ კვაჭაძე ასევე იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. ხუთი დარჩენილი თანამშრომლიდან სამმა პროტესტის ნიშნად ასევე დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები.

11 ნოემბერს იმნაძემ პრესკონფერენცია მოიწვია და უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის და მისი მოადგილე სახალხო დამცველმა იმის გამო გაათავისუფლა, რომ ისინი ობიექტურად აფასებდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას.

„ჩვენ ვითხოვდით გარკვეული საკითხების გასაჯაროვებას და ამის გამო ხშირად გვქონდა კამათი ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა იმნაძემ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მასთან ერთად ის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, რომელთაც საკუთარი ნებით დატოვეს სამსახურები.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი ნანუაშვილი, რომელიც პირდაპირ ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, „არ არის დამოუკიდებელი“ და იგი „შეზღუდულია“ გარკვეულ ქმედებებში, რადგან ანგარიშვალდებულია „ალბათ ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ პირთან“.          

„მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას არ სურს რაღაც პრობლემებზე ღია საუბარი“, – განაცხადა იმნაძემ.

მართალია მას პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, მაგრამ იმნაძემ მინიშნება სასჯელაღსრულების მინისტრზე სოზარ სუბარზე გააკეთა.

სუბარმა, რომელიც 2004–2009 წლებში სახალხო დამცველი იყო და რომლის მრჩეველიც იმნაძე იყო 2006–2008 წლებში, უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატში ბოლოდროინდელ გათავისუფლებებზე ჰკითხა, რომ მართალია სიტუაცია საპატიმროებში ახლა ბევრად უკეთესია, მაგრამ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი უმნიშვნელო საჩივრების შეტანის ხარჯზე, როგორიცაა მაგალითად საკვების ნახევარი საათით დაგვიანება პატიმრებისთვის ზოგიერთ საპყრობილეში. მან ასევე განაცხადა, რომ გარკვეული მიზეზების გამო დეპარტამენტი არ სწავლობდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას, მაგალითად 2011 წელს, როდესაც პატიმრებს სასტიკად ექცეოდნენ.

იმნაძემ განაცხადა, რომ სუბარის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მისი და მისი გუნდის აქტიური საქმიანობა იყო მონიტორინგის თვალსაზრისით.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც გუშინ პრესკონფერენცია მოიწვია, უარყო იმნაძის ბრალდებები, რომ ის ობუდსმენმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სიტუაციის გაკრიტიკების გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან და ამ განცხადებას „აბსურდული, გამაოგნებელი და უტიფარი“ უწოდა, რაც მისი თქმით, მიზნად ისახავს „სახალხო დამცველის შეგნებულ დისკრადიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მან იმნაძე და მისი მოადგილე მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა თანამდებობიდან, რადგანაც ისინი „გამოირჩეოდნენ უყურადღებობით და უდისციპლინობით დაკისრებული მოვალეობების მიმართ, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველთან არაკოორდინარებულ, შეუთანხმებულ მოქმედებებს“.    

„ზემოხსენებული პირები ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ამზადებდნენ არასათანადო წერილებსა თუ წინადადებებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ“, – განაცხადა ნანუაშვილმა, „მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთგზის ზეპირი გაფრთხილებისა, ისინი განაგრძობდნენ შეუთანხმებელ, არაკოორდინირებულ საქმიანობას და არ ახდენდნენ სახალხო დამცველის ინფორმირებას სასჯელაღსრულებისა თუ სხვა ტიპის დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ“. 

ნათია იმნაძემ განაცხადა, რომ პირველად მან საყვედური სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობისგან 2013 წლის აპრილში მიიღო, როდესაც მან ჟურნალ „ლიბერალს“ მისცა ინტერვიუ, სადაც მან ციხის „მაყურებლების“ შესახებ გამოთქვა ბრალდებები.

ნანუაშვილმა განაცხადა, რომ იმნაძის ინტერვიუ არ ყოფილა წინასწარ შეთანხმებული სახალხო დამცველის აპარატთან. მისი თქმით, თუ სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემა არსებობს, იგი ამის შესახებ აპარატის თანამშრომლებისგან უნდა იგებდეს და არა მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიდან.

სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით იმნაძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობას სურდა, რომ დაემალა და ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან ამოეღო ის ანგარიში, რომელიც მისმა დეპარტამენტმა მოამზადა და სადაც მე–7 საპატიმროში სათვალთვალო კამერების დაყენება იყო გაკრიტიკებული. 

ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ანგარიში მხოლოდ ერთი პატიმრის საჩივარს ეყრდნობოდა ხსენებული საპატიმროდან და რომ მან სთხოვა იმნაძეს დამატებითი ინფორმაცია შეეგროვებინა, თუმცა, ნანუაშვილის თქმით, მან დამატებითი ინფორმაცია ვერ მიიღო მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსისგან. მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც კიდევ ერთხელ ჰკითხა იმნაძეს ამ საკითხის თაობაზე, მისგან მიიღო პასუხი, რომ ციხის ადმინისტრაციას არ დაურღვევია კანონი საკნებში სათვალთვალო კამერების დაყენებით. 

იმნაძის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება 2013 წლის მაისში 24 წლის პატიმრის გარდაცვალებას, რომელიც სასტიკად სცემეს სხვა პატიმრებმა, სავარაუდოდ „მაყურებლებმა“; აგვისტოს დასაწყისში ამ ინციდენტთან დაკავშირებით ათი პირი დააკავეს, მათ შორის პატიმრები და გეგუთის ციხის ოთხი თანამშრომელი. იმნაძემ განაცხადა, რომ როდესაც მან უთხრა სახალხო დამცველს, რომ პროკურატურა არ აკეთებს საკმარისს საქმის ზედმიწევნით გამოსაძიებლად, ნანუაშვილმა ეს საკითხი რეაგირების გარეშე დატოვა. მაგრამ ნანუაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც მან ივლისის ბოლოს სთხოვა იმნაძეს, რომ ახალი ინფორმაცია მიეწოდებინა ამ საკითხზე, მან „უპასუხისმგებლობა“ გამოიჩინა და არ მიაწოდა სახალხო დამცველს ინფორმაცია.

როდესაც ნანუაშვილს სხვა პრეტენზიებზე ჰკითხეს, მათ შორის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომ თითქოს ხელმძღვანელობამ მოუწოდა მათ, რომ შეეწყვიტათ ციხეებში სიარული მონიტორინგის მიზნით, ნანუაშვილმა უპასუხა, რომ ასეთ სისულელეზე ის კომენტარს ვერ გააკეთებდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე საჯარო კომენტარს აღარ გააკეთებს; მისი თქმით, ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება იმნაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების თაობაზე კანონიერი.

იმნაძემ განაცხადა, რომ ის სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გასაპროტესტებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button