
ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრას არ ჩქარობს
ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს არ იჩქარონ კენჭისყრა ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, განაცხადა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პარასკევს.
საქმე ეხება ორ კანონპროექტს, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა – ერთი უკავშირდება პარლამენტის ადგილმდებარეობას, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სამართლებრივად შესაძლებელს გახდის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას; და მეორე ეხება საკონსტიტუციო შესწორების მიღების წესის შეცვლას.
ამ ორი ცვლილების კენჭისყრაზე დაყენება 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ იმას ნიშნავს, რომ მათ დამტკიცებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება ამჟამინდელი 100–ის ნაცვლად, რადგანაც ინაუგურაციის შემდეგ ახალი საკონსტიტუციო დებულებები შევა ძალაში, რომელიც ნებისმიერი საკონსტიტუციო შესწორების მისაღებად საჭირო კვორუმის ზრდას ითვალისწინებს არსებული ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე.
გარდა კვორუმის ზრდისა, ახალი საკონსტიტუციო დებულებები ასევე ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად სამი თვის ინტერვალით ორი კენჭისყრის ჩატარება იქნება საჭირო ¾-იანი კვორუმით.
ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს ხმების ორი–მესამედის დატოვებას საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად. ამასთან, ქართული ოცნება დათანხმდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით დაწესდეს ორი კენჭისყრის პროცედურა სამთვიანი ინტერვალით.
მართალია პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში არ შესულა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტები, მაგრამ არსებობდა მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ამ საკითხებზე კენჭისყრას 17 ნოემბრამდე მოაწყობდა, რადგანაც ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, ქართულ ოცნებას კიდევ უფრო გაუჭირდება საკონსტიტუციო ცვლილების მიღება.
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას არც ახლა ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და მითუმეტეს არც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ ეყოლება.
150–წევრიან პარლამენტში ქართულ ოცნებას 85 დეპუტატი ჰყავს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობას – 52.
12 მანდატი იმ მაჟორიტარ დეპუტატებს ეკუთვნით, რომლებიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრებად იქნენ არჩეული, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს. მართალია ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ისინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
ერთი დარჩენილი ადგილი დეპუტატ კობა დავითაშვილს უკავია, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა მას შემდეგ, რაც აგვისტოში ქართული ოცნება დატოვა. დავითაშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, განაცხადა, რომ პოლიტიკას დატოვებს არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგების გამო (0.6%); თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ იგი დეპუტატად რჩება. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს დავითაშვილი ამ ორ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის 12 ყოფილი დეპუტატის და დავითაშვილის მხარდაჭერას მიიღებს, მას მაინც აკლდება 2 ხმა საჭირო 100 ხმიდან – ესეც მაშინ, თუ ცვლილებები ინაუგურაციამდე დადგება კენჭისყრაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების ინაუგურაციის შემდეგ კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში კი, მმართველ კოალიციას 15 ხმა აკლდება მის მისაღებად, ამასთან, მას განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ამ ინიციატივების საბოლოო მისაღებად სამ თვეშიც მოუწევს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს 1 ნოემბერს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრაზე არ დააყენოს ცვლილებები იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ვერ მოიპოვეს ნაციონალური მოძრაობის რომელიმე დეპუტატის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და რამდენიმე სხვა დეპუტატმა პარტიიდან 1 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს აცნობეს, რომ პარლამენტის გადატანის შესახებ კენჭისყრა აღარ შედგებოდა; პარლამენტის წინ 1 ნოემბერს ადგილობრივების ჯგუფი შეიკრიბა პარლამენტის გადატანის თაობაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის გადატანის თაობაზე დამტკიცდება. მან 1 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა: „ვაცხადებ ძალიან მკაფიოდ და სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს საკითხი სამართლებრივადაც და სხვა ყველა თვალსაზრისითაც გვარდება და რამდენიმე თვეში ჩვენ შეგვეძლება ვიმუშაოთ თბილისის შენობაში, რუსთაველზე, პარლამენტის ძველ შენობაში… რაიმე კონსტიტუციური საკითხი ამ თემას ვერ და არ დააბრკოლებს და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილებები, როდესაც ამის დრო იქნება, მათ შორის იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა კვორუმი იქნება ამისთვის საჭირო და ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი თანამშრომლების წინაშე, რომ ეს ასე იქნება“.
ამ განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა აქცია ქუთაისის პარლამენტის შენობაში, სადაც ისინი მათ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ და თბილისში დაბრუნებას მოითხოვდნენ.