ახალი ამბები

ივანიშვილი ჟურნალისტებს საყვედურობს



პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტელეჟურნალისტებთან, 2 ოქტომბერი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური 

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2 ოქტომბერს საკუთარ რეზიდენციაში ხანგრძლივი სატელევიზიო შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან და ისინი პასუხისმგებლობის ნაკლებობის და „დილეტანტობის“ გამო გააკრიტიკა.

შუშის მრგვალი საკონფერენციო მაგიდის გარშემო მსხდომი 16 ჟურნალისტი – ძირითადი ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელები და პოლიტიკურ თოქშოუების წამყვანები ისმენდნენ ივანიშვილის შეხედულებებს ჟურნალისტიკის შესახებ და ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ „უფუჭებთ ხასიათს“ შრომისმოყვარე მინისტრებს უსაფუძვლო კრიტიკა, რაც მათ  კარგი საქმეების კეთების სურვილს აკარგვინებს.

ერთი კვირის წინ 13 ექსპერტი, რომლებიც ხშირად ჩნდებიან მედია საშუალებებში და კომენტარებს აკეთებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, იმავე მაგიდის გარშემო შეიკრიბა და პრემიერ–მინისტრის კრიტიკა მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვერ ახერხებდნენ ისინი სწორი ანალიზის გაკეთებას ფაქტობრივ რეალობებზე დაყრდნობით. ინტერვიუებიდან ექსპერტების ციტატებით შეიარაღებული ივანიშვილი სთხოვდა მათ საკუთარი განცხადებები დაესაბუთებინათ; შემდეგ იგი ოთხსაათიანი სატელევიზიო შეხვედრის ერთ–ერთ მონაწილე ექსპერტს მიუბრუნდა და პრემიერის მოსალოდნელი გადადგომის შემდეგ „ქაოსის“ წინასწარმეტყველების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, საზოგადოება უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი.

იგივე სცენარით წარიმართა 2 ოქტომბერს ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრაც; მან ზოგიერთი ჟურნალისტის მიერ თავიანთ თოქშოუებში დასმული კითხვების ან კომენტარების ამონაბეჭდები მიიტანა და მათ ამ განცხადებების გამო დაუპირისპირდა.

ერთ მომენტში ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი ალეკო ელისაშვილი გააკრიტიკა მისი შემდეგი გამონათქვამების გამო: „ეკონომიკაში აურზაურია“, „ეკონომიკური სტაგნაცია“, „გავს თუ არა ივანიშვილის გადადგომა გაქცევას?“ და უთხრა მას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ტერმინები რესპონდენტებისთვის კითხვის ფორმულირებისთვის იქნა გამოყენებული, ეს მაინც დამაბნეველია. მართალია ელისაშვილი თავდაპირველად შეეცადა აეხსნა, თუ რა კონტექსტში იქნა გაკეთებული ეს განცხადებები, მაგრამ შემდეგ მან განუცხადა პრემიერ–მინისტრს: „ნუ მასწავლით როგორ წავიყვანო გადაცემა, ბატონო ბიძინა“.

„მე არაფერს არ გასწავლით“, – უპასუხა ივანიშვილმა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ იგი პატივს სცემს ჟურნალისტებს და ამიტომაც ღიად ერთვება მათთან დებატებში. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ არა მხოლოდ მთავრობის წევრებმა, არამედ ჟურნალისტებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ჟურნალისტებისთვის კითხვების დასმა, არ უნდა აღიქმებოდეს მათთვის ჭკუის სწავლებად.

შეხვედრაზე ივანიშვილმა ასევე დაიჩივლა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი „ელემენტარულ კითხვებს“ არ უსვამს რესპონდენტებს და მან პრეზიდენტი სააკაშვილი ახსენა ამასთან დაკავშირებით; მისი თქმით, სააკაშვილის მონოლოგების მოსმენა და მისთვის კონკრეტულ საკითხებზე კითხვების არ დასმა „გასაოცარია“.

მან ასევე გააკრიტიკა ტელეკომპანიები თოქშოუების და ტელედებატების სტუმრების შერჩევის ფორმის გამო.       

„ერთი მხრიდან, ვთქვათ, არის მთავრობის წარმომადგენელი, ან ვთქვათ კოალიციის წარმომადგენელი, მეორე მხრიდან, ძალიან ხშირად ვხედავთ ერთი და იგივე პიროვნებებს, რომლებიც პასუხს არ აგებენ საკუთარ გამონათქვამებზე  და დემაგოგიური პოზიციით გამოირჩევიან და შესაბამისად მაყურებელი ღებულობს გადაუმუშავებელ ინფორმაციას და ძალიან უჭირს გაერკვეს რა ხდება რეალურად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„თქვენს პოზიციასა და  თქვენს გამონათქვამებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს… თავისთავად პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა იმედია გამოიწვევს პროფესიონალიზმის ზრდას“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი დილეტანტობას იჩენს, განსაკუთრებით ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას.

მისი თქმით, ვერც ერთმა ჟურნალისტმა ან ექსპერტმა ვერ შეძლო სწორად შეეფასებინა მისი წერილობითი განცხადება მისი ვადამდელი გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მისი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევებისა, მედია ხშირად ისეთ სურათს წარმოაჩენს, თითქოს ყველაფერი არასწორად მიდის ქვეყანაში.

მისი თქმით, „ახალი რევოლუცია მოხდებოდა“ საზოგადოებას რომ დაეჯერებინა მედიის, არასამთავრობო სექტორის და ექსპერტების მიერ გაკეთებული არასწორი შეფასებებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციას მოისმენს, ადამიანი იფიქრებს, რომ ციხეებში სიტუაცია იგივეა, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო.  

„სოზარ სუბარს ღამეები არ სძინავს საწყალს; მას სჭირდება დაცვა და მას სჭირდება მადლობის თქმა. ეს უნდა იცოდეთ. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ და მადლიერებას ვერ გამოვხატავთ გაკეთებულზე, იცოდეთ, რომ მათ ხასიათი გაუფუჭდებათ… ძალიან ბევრი მინისტრი განიცდის ამას და ზოგიერთმა შეიძლება ვერც კი გაუძლოს ასეთ ზეწოლას და უარი თქვას [მუშაობაზე]“, – განაცხადა ივანიშვილმა.   

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მედიის და ექსპერტების მხრიდან იმდენი არასწორი განცხადება კეთდება, რომ მთავრობას თავად სჭირდება დაცვა.

„დღეს თვითონ ხელისუფლება საჭიროებს დაცვას, რამეთუ ძალიან ბევრია არაკორექტული გამონათქვამები“, – განაცხადა ივანიშვილმა, „კრიტიკა და კონტროლი არ ნიშნავს იმას, რომ ვაგინოთ და ვლანძღოთ. კონტროლი ნიშნავს შეფასებას სწორად. სწორ გაკეთებულზე სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს, მადლიერების გრძნობა არ უნდა დაიკარგოს საზოგადოებაში“.

ტელეკომპანია TV3-ის თოქშოუს წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განუცხადა პრემიერ–მინისტრს: „ძალიან დაემსგავსა ეს კითხვა–პასუხი საქმის გარჩევას“. 

„თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა კითხვა უნდა შეუთანხმოს ხელისუფლებას ჟურნალისტმა?“ – იკითხა მან ირონიულად.

„რა კარგად გებულობთ, ქალბატონო ინგა, ჩემს გამონათქვამს“, – ასევე ირონიულად უპასუხა ივანიშვილმა, „მე ვითხოვ, რომ როდესაც თქვენ კითხვას სვამთ, ან პასუხს ითხოვთ რესპონდენტისგან, ის უნდა იყოს არგუმენტირებული“.

ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელმა და თოქშოუს წამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა უთხრა პრემიერ–მინისტრს, რომ იგი იმედოვნებს, რომ მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრებს დაცვა სჭირდება, არ მოყვება ჟურნალისტებთან რკინის ფარდის ჩამოფარება.  

როდესაც ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქშოუს წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ჰკითხა ივანიშვილს, ვინ ურჩია მას მედიასთან კომუნიკაციის ამ ფორმის შერჩევა, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მისი იდეაა.    

„მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი ფორმაა; მე ვთვლი, რომ ეს იყო საჭირო და აუცილებელიც კი, რამეთუ ჟურნალისტებს მინდა შევახსენო, რომ მათაც აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობა და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ავიწყდებათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაცხარებული კამათი მოხდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ე.წ „საზღვრის მოწყობის“ პროცესთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრს მის რეაგირებაზე ჰკითხეს. იგი ზოგიერთმა ჟურნალისტმა იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ ჩავიდა სოფელ დვანში და არ შეხვდა ადგილობრივებს, რაც, მათი თქმით, სერიოზული გამხნევება იქნებოდა ადგილოვბრივი მოსახლეობისთვის. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გამართლებული კრიტიკაა, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტი, რაც შესაძლოა პოლიტიკურად მომგებიანი ყოფილიყო მისთვის, „პრინციპში“ ბევრს არაფერს შეცვლიდა. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანია, რომელთაც მთავრობის დახმარება სჭირდება, მაგრამ იგი ყველგან ვერ ჩავა, რადგანაც უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი. პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ვერაფერს გააკეთებს ე.წ. „საზღვრის მოწყობასთან“ დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.

მართალია ჟურნალისტები ითხოვდნენ მისგან დაესახელებინა მისი შემცვლელი პრემიერ–მინისტრის პოსტზე, მაგრამ ივანიშვილმა ეს არ გააკეთა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ანალოგიური შეხვედრის გამართვას რეგიონალური მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გეგმავს.

ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აცხადებენ, რომ პრემიერ–მინისტრის „ტონი და მისი ინსტრუქციები კითხვების ფორმულირების თაობაზე შეიძლება შეფასდეს, როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში“.

„ამჟამად საქართველოში პლურალისტური მედიაგარემოა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.  მოსახლეობისთვის სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები ხელმისაწვდომია, რაც განსხვავებული შეხედულებების ფორმირებას უწყობს ხელს და ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ქვეყანაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მართავს, ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, შექმნან კრიტიკული მასალა. მისი მხრიდან შეხვედრის დროს გაკეთებული შეფასებები კი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პრემიერ-მინისტრის ჩარევა მედიასაშუალებების საქმიანობაში, რაც გაუმართლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button