skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხმად მიიღო

პარლამენტმა 20 სექტემბერს პირველი მოსმენით 112 ხმით ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პროექტებიდან ერთ-ერთია და მიმართულია მთავრობასთან მიმართებაში პარლამენტის უფლებამოსილების შემცირების წინააღმდეგ.

კენჭისყრის წინ დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა დააფიქსირა საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერა კანონპროექტის მიმართ და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მომავალშიც მხარს დაუჭერს ყველა იმ ცვლილებას, რომელიც პარლამენტის როლის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.
 
მისი ეს განცხადება აღარ შეიცავდა წინაპირობებს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა 18 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს აყენებდა, როცა აცხადებდა, რომ ცვლილებების მიღებას იმ დათქმით დაუჭერდა მხარს, თუ დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა მეორე საკონსტიტუციო პროექტის მიღება, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმის 2/3-ზე (100 ხმა) შენარჩუნებას ითვალისწინებს. 

ცვლილებები ხორციელდება იმისათვის, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში არ შევიდეს ახალი საკონსტიტუციო დებულებების ზოგიერთი ის ნორმა, რომელიც წინა პარლამენტმა 2010 წლის ოქტომბერში მიიღო.

კერძოდ, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტს დარჩება ბერკეტი, რომ მთავრობის წევრთა 1/3-ით განახლების შემთხვევაში, ხელახლა გამოუცხადოს ნდობა პრემიერ-მინისტრს და მის კაბინეტს; ამჟამად მოქმედი ამ დებულების ძალაში დატოვება ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს აღარ მიენიჭება უფლებამოსილება, რომ პარლამენტის გვერდის ავლით გამოცვალოს მთავრობის მთლიანი შემადგენლობა.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, უქმდება ახალ კონსტიტუციაში ჩადებული დებულება, რომელიც უფლებამოსილებას აძლევდა პრემიერ-მინისტრს, რომ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დაესვა, რის შემდეგაც პარლამენტს ორი არჩევანი რჩებოდა: ან კანონპროექტის ერთი მოსმენით დამტკიცება ან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციას ემატება ბიუჯეტის კანონის მიღებასთან დაკავშირებული ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მიიღებს ბიუჯეტის კანონს, მაშინ ეს ავტომატურად ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად, ხოლო თუ პარლამენტი ვერ შექმნის ახალ მთავრობას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

ამჟამად მოქმედი ნორმით, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობას შესაძლოა მოჰყვეს პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენება ან პარლამენტის დათხოვნა.

ამ პროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერიც, პრეზიდენტი სააკაშვილი კატეგორიუად ეწინააღმდეგება ზოგიერთი დებულების შეცვლას, 18 სექტემბერს საპარლამენტო განხილვების დროს აყენებდა წინაპირობას, რომ დღის წესრიგში აღარ დამდგარიყო კონსტიტუციის გადასინჯვის კვორუმის ცვლილებაზე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის 2/3-ზე დატოვებას ითვალისწინებს, რათა 27 ოქტომბერს არჩეული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან აღარ ამოქმედდეს 3/4-მდე გაზრდილი კვორუმი.

„ჩვენი პოზიციაა, რომ პირველი მოსმენით ამას მხარს დავუჭერთ იმ პირობით, რა თქმა უნდა, რომ მომავალში არ დადგება  ¾-ის კვორუმის დაწევის საკითხი“, – აცხადებდა 18 სექტემბერს პავლე კუბლაშვილი.

ამ პოზიციის საპასუხოდ მაშინ ქართული ოცნების დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომხსენებელია, განაცხადა, რომ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტის ერთმანეთთან  „მიბმა“ არ არის „არანაირად გამართლებული“ და გამომდინარეობს „პოლიტიკური მიზნებიდან“.

„თუ ეს წარმოდგენილი პროექტი სწორია და მისაღები, ის უნდა მივიღოთ, მიუხედევად იმისა სხვა საკითხთან დაკავშირებით რა აზრის ვართ“, – უპასუხა ოპონენტებს ხმალაძემ 18 სექტემბერს, „როცა დადგება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის კვორუმის საკითხი, მაშინ ვისაუბროთ იმ საკითხზე და იქ მივიღოთ გადაწყვეტილება“.

20 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "საკონსტიტუციო ცვლილებების სხვა პროექტები განხილვის და მომზადების პროცესშია, მათ შორის ვენეციის კომისიასთან აქტიური კონსულტაციების გზით და ჩვენ, ცხადია, ყველაფერზე მუშაობას გავაგრძელებთ". 

კვორუმის საკითხთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონპროექტის გარდა, განხილვის მოლოდინშია ასევე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კიდევ ორი საკონსტიტუციო ცვლილება, საიდანაც ერთი ეხება იმ დებულების გაუქმებას, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს, ხოლო მეორე პროექტი უფლებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები, რაც ამჟამად აკრძალულია. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button