ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლების რეკომენდაცია კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურებზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოზე მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს დააწესონ ორი კენჭისყრის პროცედურა ხმათა ორი მესამედით კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი დაიწყებს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო 2/3-იანი კვორუმის შენარჩუნებას.

ახალი საკონსტიტუციო დებულებების თანახმად, რომელიც ძალაში 27 ოქტომბერს არჩეული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა, კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო 2/3-ის კვორუმი, რაც 100 დეპუტატის ხმას მოიცავს, 3/4-მდე იზრდება (113 ხმა). თუმცა ქართული ოცნების წინადადება, რასაც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება, ითვალისწინებს კვორუმის 2/3-ზე შენარჩუნებას.

18 სექტემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში PACE–ს თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა დანიიდან და ბორის სილევიჩმა ლატვიიდან განაცხადეს, რომ საჭიროა მოიძებნოს ბალანსი საკონსტიტუციო რეფორმისთვის საჭირო მოქნილობასა და საკონსტიტუციო სტაბილურობას შორის.

„ამიტომ, ჩვენი რჩევაა, რომ პარლამენტმა კონსენსუსს მიაღწიოს გონივრულ კომპრომისზე, როგორიცაა სამთვიან ინტერვალში 2/3 უმრავლესობის მიერ ორი კენჭისყრის ჩატარების სისტემა, რაც ზოგადად განიხილება როგორც მისაღები შუალედური ვარიანტი მოქნილობასა და საკონსტიტუციო სტაბილურობას შორის“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის შენიშვნებიც გაითვალისწინოს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას.

თავდაპირველად, როდესაც პარლამენტმა 2010 წლის ოქტომბერში მიიღო ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებდა კონსტიტუციის გადასინჯვის წესის შეცვლას. მაშინ მიღებული დებულების მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულად ჩაითვლებოდა, თუ მას ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერდა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მაშინ ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სისტემა „საკონსტიტუციო სტაბილურობის შეზღუდულ დაცვას უზრუნველყოფდა“, ეს წესი იყო „წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სავარაუდოდ საუკეთესო შესაძლო ვარიანტს“ წარმოადგენდა იმ ეტაპზე. თუმცა, 2011 წლის ბოლოს წინა პარლამენტმა ისევ შეცვალა ეს დებულება და საკონსტიტუციო უმრავლესობის ზღვარი 3/4-მდე გაზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button