skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის თქმით, მას აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე თანხმობა არ განუცხადებია

საქართველოს მთავრობის განცხადებით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ ბაღდასარიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო თანახმაა აღდგეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა, რაც სომხეთს რუსეთთან დააკავშირებს, „არ შეესაბამება სიმართლეს“.

არტურ ბაღდასარიანმა, სააგენტო „ახალი ამბები-სომხეთის“ ინფორმაციით, 6 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი, საქართველო და სეპარატისტული აფხაზეთი თანხმდებიან რკინიგზის გახსნას, რომელიც 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ჩაკეტილია. მისი თქმით, რკინიგზის გახსნის საკითხი, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სომხეთის ეკონომიკისთვის, 3 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ამ შეხვედრის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა ასევე თანხმობა განაცხადა გაწევრიანდეს რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის მონაწილეობით შექმნილ საბაჟო კავშირში, რაც განიხილება ევრაზიული კავშირის შექმნის ფუნდამენტად – კავშირის, რომელშიც გაწევრიანებას ვლადიმერ პუტინი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აქტიურად სთავაზობს.

„საქართველოს მხარემ თანხმობა განაცხადა [რკინიგზის გახსნაზე], ასევე რუსეთის და აფხაზეთის მხარეებმაც. მაგრამ ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობენ კონფლიქტის მქონე მხარეები. თუმცა მთავარია, რომ არის პოლიტიკური ნება ამ რკინიგზის აღდგენის მიმართ და საერთოდ, სარკინიგზო კომუნიკაციების განვითარების მიმართ“, – განაცხადა ბაღდასარიანმა 6 სექტემბერს.

საქართველოს მთავრობა ამ განცხადების საპასუხოდ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას რკინიგზის გახსნაზე არანაირი თანხმობა არ განუცხადებია.

„საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემით დაინტერესება ადრეც გამოხატა და ახლაც მზად არის განიხილოს ეს ინიციატივა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ოპოზიციონერი ლიდერის რანგში, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში გამოხატა რკინიგზის აღდგენაზე მზადყოფნა. იანვარში სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მან ასევე განაცხადა, რომ  შესაძლებლად მიაჩნია სეპარატისტული აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის უხლოეს პერიოდში აღდგენა, თუმცა დასძინა, რომ საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ არის რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების და „არცთუ ადვილი ურთიერთობების“ გამო „ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან“. ბოლოს ივანიშვილი ამ თემას მარტში შეეხო, როცა განაცხადა, რომ მთავრობა ფრთხილად ეკიდება რკინიგზის გახსნის საკითხს.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ  რკინიგზის აღდგენის  საკითხს  საქართველოს მთავრობა სწავლობს და მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე გასავლელია გრძელი გზა. მათ შორის გასარკვევია არაერთი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, ასევე უნდა შედგეს  დისკუსია და მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის 6 სექტემბრის განცხადებაში.

„ამ ეტაპზე საქართველოს  ხელისუფლებას აფხაზეთის  გავლით სარკინიგზო მიმოსვლის  აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია და წინასწარ რაიმე  განცხადებების გაკეთება ნაადრევია“, – აცხადებს მთავრობა.

იმავდროულად, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ლატვიაში ვიზიტად მყოფ პრემიერ-მინისტრს ახლავს თან და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რაიმე ნებართვაა გაცემული ან მიღწეულია რაიმე შეთანხმება „მართალი არ არის“.

„საერთოდ ეს რკინიგზის თემა არის ძალიან საინტერესო თემა, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებში“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „ჩვენ ვთქვით, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყო, რომ საქართველოს მთავრობა არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც არ არის მის ინტერესებში, ხოლო რა შეიძლება მის ინტერესებში იყოს, ამას მოვლენათა განვითარება გვაჩვენებს“.

პრემიერ-მინისტრის სპეცილურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, განაცხადა, რომ „აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე ჩვენ რუსეთთან არ ვსაუბრობთ“.

„ჩემი დიალოგის ფორმატში ბატონ კარასინთან ეს თემა საერთოდ არ განხილულა“, – განაცხადა მან, „თუმცა, თუ რუსეთის მხრიდან იქნება რაღაც ინიციატივა, რაღაც, ასე ვთქვათ, წინადადება, ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ აბა როგორ წარმოუდგენიათ ამ რკინიგზის აღდგენა; ჩვენ არ ვამბობთ რომ არასდროს არ დავილაპარაკებთ, შეგვიძლია ამის შესახებ ვისაუბროთ… თუკი ეს მოხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით“. 

უშიშროების საბჭოს მდივანმა, პრეზიდენტის სააკაშვილის მოკავშირემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ეკონომიკისთვის სტრატეგიული ინტერესია ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მიმდინარე პროექტი, ხოლო აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლოა გახსნა „სერიოზულ რისკებთან" არის დაკავშირებული.

„იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია, სადაც პარტნიორია, იქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბოკერიამ 6 სექტემბერს, „ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს არის ნაწილი პაკეტისა, რომლითაც გვარდება დეოკუპაციის საკითხი“.

„მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მოუვა ფუნდამენტური შეცდომა, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button