ახალი ამბები

ზურაბ ხარატიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 აგვიტოს ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ხარატიშვილის კანდიდატურა იქნა წარდგენილი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ხარატიშვილის ოფიციალური წარმდგენია პაატა დავითაის პარტია ევროპელი დემოკრატები. წარდგენას ასევე ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. ხარატიშვილი სწორედ ამ ორ პარტიასთან მართავს კონსულტაციებს მემარჯვენე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკაში წასვლის მოტივით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა 12 აგვისტოს, არჩევნებამდე 11 კვირით ადრე დატოვა. 

ამ დროისთვის ოფიციალურად პრეზიდენტობის ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი.

სულ, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ცესკოში პრეზიდენტობის 43 მსურველის განაცხადია შესული, საიდანაც კანდიდატობის ოთხ პრეტენდენტს უკვე უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

37 კანდიდატობის მსურველი, მათ შორის მმართველი კოალიაცია ქართული ოცნებიდან გიორგი მარგველაშვილი; ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძე; დემოკრატიული მოძრაობიდან ნინო ბურჯანაძე; ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა მმართველი კოალიცია; ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი და დამოუკიდებელი კანდიდატი ნესტან კირთაძე, ცესკოს გადაწყვეტილებას ელიან კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე. კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილება ცესკომ არაუგვიანეს 27 სექტემბერისა უნდა მიიღოს.

თუმცა, მანამდე შესაძლოა პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს 7 სექტემბრამდე აქვთ ვადა დაასახელონ თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატები.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ცესკოს შესაბამისი განაცხადით, სავარაუდოდ, ორშაბათს მიმართავს.

თუმცა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი დავის საგანს წარმოადგენს კონსტიტუციაში არსებული ორი ნორმის გამო. 

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც „საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“.

საქართველოს კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველო 2010 წლის ნოემბერში დატოვა, როცა მან, როგორც ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა, ქართული პოლიტიკიდან  დროებით წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ამავე პერიოდიდან მუშაობა დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად.

ზურაბიშვილი, რომელიც უცხოელ დიპლომატებთან და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრებს მართავს, აცხადებს, რომ მას კონსტიტუცია კანდიდატად რეგისტრაციის შესაძლებლობას აძლევს, ვინაიდან ორმაგი მოქალაქეობის ამკრძალავი ნორმა უკვე არჩეულ პრეზიდენტზე ვრცელდება.

ცესკოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად რეგისტრაციაზე მას შემდეგ მიიღებენ, რაც შეისწავლიან იმ დოკუმენტაციას, რომელსაც ის საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგენს. საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციას ცესკოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი წყვეტს.

თუმცა ამ ეტაპისთვის არსებობს ცესკოში მიღებული ორი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მან 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის  კანდიდატობის ორ მსურველს რეგისტრაციაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მათ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. ცესკოს ეს პოზიცია სასამართლომაც დაადასტურა. სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ გააკრიტიკა ცესკოსა და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, როგორც არასწორი. ორგანიზაციის მოსაზრებით, ორმაგი მოქალაქეობა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციას ხელს არ უშლის.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილისადმი ღია წერილში, რომელიც 29 აგვისტოს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ზურაბიშვილმა მას საჯარო პოზიციის გამოხატვა თხოვა საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ის ვერ გადაწყვეტს რაიმე გამონაკლისის დაშვებას და ვერ ჩაერევა სასამართლოს ან საარჩევნო კომისიების კომპეტენციაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაში.

„მესმის თქვენი შეშფოთება იმის გამო რომ გავრცელებული არაოფიციალური შეფასებებისა და ცესკოსა და სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არსებობს სამართლებრივი ხასიათის კითხვები არჩევნებში თქვენი მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ მე ვერ და არ ვიქნები სამართლის უმაღლესი ინსტანცია“, – მიმართა ივანიშვილმა ზურაბიშვილს ღია წერილში, სადაც მას თავისი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლისკენ, ხოლო  შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ „მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით, კანონებით და საკუთარი შინაგანი რწმენით“.

იმავდროულად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლებათ დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები. ინიციატივის მიღება პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებამდე იგეგმება. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button