იუსტიციის მინისტრის კომენტარი მინარეთის დემონტაჟზე
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მართალია ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთზე მინარეთი „უკანონოდ“ იყო აგებული, მაგრამ რა ფორმითაც მისი დემონტაჟი მოხდა, ეს „ძალისმიერი მიდგომა“ მისთვის „აბსოლუტურად მიუღებელია“.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ თემამ შესაძლოა გამოიწვიოს დებატები საკითხზე უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები.
„ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა, ჩემი აზრით და საქართველოს საზოგადოებას ადრე თუ გვიან მოუწევს ჯანსაღად, ყოველგვარი ემოციების და მე ვიტყოდი, ისტერიის გარეშე და დაპირისპირების გარეშე, რადგან ეს ჩვენ არ გვჩვევია, იმსჯელოს შემდეგ საკითხზე: უნდა იყოს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მინარეთები“, – განაცხადა წულუკიანმა 27 აგვისტოს.
მისი თქმით, ეს საკითხი ევროპის ქვეყნებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად გადაწყვიტეს.
„ზოგიერთმა მათგანმა რეფერენდუმის გზით უარი თქვა მინარეთებზე“, – განაგრძო იუსტიციის მინისტრმა, „საქართველომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწვეტილება ყველა ჩვენი მოქალაქის, ყველანაირი მრწამსის მქონე ადამიანის ჩართულობით თუ რა გვინდა ჩვენ, ქართველებს – უნდა გვქონდეს თუ არა საქართველოში მინარეთები“.
თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ მინარეთების არსებობაზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მეჩეთებში აღევლინება თუ არა ლოცვა.
„ჭელაში, იმ მეჩეთში, სადაც მინარეთი, როგორც ჩანს, უკვე არის მოხსნილი, ლოცვას არაფერი ხელს არ უშლის და ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი“, – განაცხადა წულუკიანმა.
თავად მინარეთის მოხსნის მოტივთან დაკავშირებით, წულუკიანმა განაცხადა, რომ თუკი საბაჟოს რაიმე ტვირთი „გაეპარა“, მაშინ „უნდა დადგეს კონკრეტული მებაჟის ან მებაჟეების პასუხისმგებლობის საკითხი“.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მინარეთის დემონტაჟი ექსპერტიზისთვის განხორციელდა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული.
„როდესაც დამტკიცდება, რომ შემოსულია, როგორც ახლა ირკვევა, სავარაუდოდ, კოდ შეცვლილი და შემოპარებული ტვირთი, რომელსაც თურქეთის მხარეს ერქვა ‘მინარეთი’ და როდესაც საქართველოში შემოვიდა, მას დაერქვა ‘მეტალის კონსტრუქცია’, მიუხედავად ამისა, მებაჟეს ევალებოდა შეესრულებინა ზედმიწევნით თავისი მოვალეობა“, – განაცხადა წულუკიანმა.
„მაგრამ როდესაც ეს კონსტრუქცია ე.წ. შემოვიდა, გაიარა საქართველოს ტერიტორია და მოხვდა მეჩეთზე, მე, როგორც მართმადიდებელ მორწმუნეს, შემეშინდებოდა შევხებოდი, თუნდაც უკანონოდ, მეჩეთზე აღმართულ მინარეთს, მაგრამ ეს ჩემი პირადი მიდგომაა ამ საკითხისადმი“, – აღნიშნა მან.
„ეს მინარეთი ამ მეჩეთზე მოხვდა უკანონოდ“, – განაგრძო მან, „გამგეობამ და საკრებულომ, რომლებიც რჩება დღემდე ნაციონალების ფორპოსტად ადიგენში, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტია რელიგიაზე და რელიგიურ დაწესებულებებსა და შენობებზე აგრესიას მიჩვეული იყო წარსულში“.
ადიგენის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მინარეთის მშენებლობა მოხდა უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. თუმცა დემონტაჟის ფორმალური საფუძველი გახდა არა საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, არამედ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.
„სამწუხაროა, რომ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა წულუკიანმა, „თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვერც ერთი უკანონო კონსტრუქცია საქართველოში, რა პრეტექსტითაც არ უნდა იყოს ეს, ვერ უნდა აღიმართოს, მაგრამ მე, როგორც ამ მთავრობის ერთ–ერთი რიგითი წევრი, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მეტი მუშაობა მოხდეს ხოლმე პრევენციის და წინარე სტადიებზე და როცა უკვე მინარეთი აღმართულია, იქ გამორიცხული იყოს ხოლმე ყველანაირი ძალისმიერი მიდგომა საკითხისადმი“.
იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა ასევე იმ წინააღმდეგობაზე, რაც მინარეთის დემონტაჟს მოყვა ადგილობრივების მხრიდან, რომელთაგანაც რამდენიმე პოლიციასთან შეტაკების შემდეგ დააკავეს, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია.
„ის რომ ზოგიერთმა ადამიანმა გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, მათ უნდა ესმოდეთ, რომ პოლიციისთვის ხელის აღმართვისთვის ყველა თანაბრად დავისჯებით, ყველა მრწამსის მქონე ადამიანი. ეს არის ახლა ასე და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა წულუკიანმა.
„მე მინდა მოუწოდო ყველა მუსლიმს და პირველ რიგში მუფტებს", – განაგრძო შემდეგ მან, "მეც ვიქნებოდი მათ ადგილას შეურაცხყოფილი იმით თუ რა მოხდა, მაგრამ დანანება მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მუსლიმმა სასულიერო პირებმა დაუშვეს ერთ ღამეში ჩუმად მინარეთის აღმართვა ისე, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობა, სხვა მრწამსის მატარებელი ჩააყენეს საქმის კურსში და არც ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება".
„ჩვენ ერთი მარტივი რამ უნდა გავიგოთ: ჩვენ ვართ ყველანი, მიუხედავად მრწამსისა, ამ ქვეყნის შვილები და ერთმანეთთან, ერთმანეთის დასამალი საკეთებელი საქმე არ გვაქვს. თუ ჩვენ გვინდა ტაძრების, მეჩეთების, მინარეთების მშენებლობა, ამისათვის არსებობს ურთიერთობის სხვა ფორმა, ვიდრე ღამე მინარეთების აღმართვა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმგვარი ფორმით, რა ფორმითაც ამის დემონტაჟი მოხდა, ჩემთვის ერთი მოქალაქისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – აღნიშნა კომენტარის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)