ახალი ამბები

პუტინი ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა



სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი (მარჯვნივ) 25 აგვისტოს ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე. კრემლის ფოტო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით  აფხაზეთს სტუმრობდა, სადაც ბიჭვინთაში  შეხვედრა გამართა სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან, იტყობინებიან კრემლი და აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახური 25 აგვისტოს.

„შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ მოკლე პრესრელიზში.

შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც ათი დღით ადრე პუტინმა და ანქვაბმა სოჭში გამართეს მოლაპარაკებები და ის ასევე ერთი დღით უსწრებდა წინ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ხუთი წლისთავს.

26 აგვისტოს ამ თარიღთან დაკავშირებით პუტინმა სეპარატისტ ლიდერებს მისალოცი წერილები გაუგზავნა.

„წერილებში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული არცთუ მარტივი, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე საბედისწერო გამოდგა ამ ახალგაზრდა სახელმწიფოებისთვის, რომელმაც მისცა მათ საშუალება დამოუკიდებლად აირჩიონ თავიანთი მომავალი“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

კრემლი ასევე აცხადებს, რომ პუტინმა ცხინვალსა და სოხუმს „ყოველმხრივი დახმარებისა და მხარდაჭერის“ გაგრძელება აღუთქვა, მაღალი შეფასება მისცა რა „გასულ წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმატებას სახელმწიფოებრივ მშენებლობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების, სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენის კუთხით“.

„ასევე აღნიშნა წინაპირობები, რომელიც იქმნება ამ ქვეყნების გრძელვადიანი განვითარებისთვის და მათი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებისთვის“, – ნათქვამია პუტინის გზავნილების შესახებ კრემლის პრესრელიზში.

რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ აღიარა. მის მაგალითს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ მიბაძა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ კიდევ უფრო გაზარდა ამ ორი სეპარატისტული რეგიონის მოსკოვზე დამოკიდებულება.

„რეალურად, ისინი იზოლაციაში აღმოჩნდნენ. უცხო ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მინიტრის სახელით 26 აგვისტოს გავრცელდა, "ამდენად, აფხაზეთისა  და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებმა არა მხოლოდ ვერ მიაღწიეს საერთაშორისო აღიარებას, არამედ დიდი სახელმწიფოს მიერ მათი შთანთქმის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ“.

„აფსნიპრესთან“ ინტერვიუში სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს საერთაშორისო აღიარების წინააღმდეგ მიმართულ ზომებში დასდო ბრალი.

„რატომ ყოვნდება აღიარება? საქმე აქ იმ წარმოუდგენელ პრესინგშია, რომელსაც აშშ და ვროკავშირი აწარმოებს ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რომელიც გამოხატავს სიმპათიას აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის მიმართ. ადგილი აქვს შანტაჟს, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის მუქარებს ყველაზე მაღალ დონეზე“, – განაცხადა ჩირიკბამ, „ეს, სხვათაშორის, კეთდება არა განსაკუთრებული სიყვარულის გამო საქართველოსადმი, მთავარ მოტივაციას წარმოადგენს ცივი ომის დროინდელი ინსტინქტები, რომლებიც არსად არ გამქრალა. რუსეთი თავისი გიგანტური ბირთვული პოტენციალით ჯერ კიდევ აღიქმება დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონსერვატიულ წრეებში, მსოფლიოში მისი ჰეგემონიის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ. აფხაზებმა კი, მათი თვალსაზრისით, ბარიკადების სხვა მხარე აირჩიეს… თუმცა დასავლეთში უკვე ყველა მიხვდა, რომ აფხაზეთი საქართველოში არასოდეს არ დაბრუნდება“.

თუმცა, ჩირიკბამ ასევე გაუსვა ხაზი დასავლეთთან კონტაქტების შენარჩუნების საჭიროებას სოხუმის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ კონტექსტში აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ფორმატია.

საერთაშორისო აღიარების მიღების მცდელობაზე დასმულ კითხვაზე, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა: „ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის მიერ არის აღიარებული“.

მისი თქმით, მიმდინარეობს აღიარების გაფართოვების მცდელობა. „საკმარისი საფუძველი არსებობს იმის სათქმელად, რომ ეს მუშაობა მიმდინარეობს ნაყოფიერად და უახლოეს მომავალში იქნება გარკვეული მიღწევები ამ მიმართულებით“, – განაცხადა თიბილოვმა დეტალების დაზუსტების გარეშე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: „ღრმად ვართ დარწმუნებული, ყველა მხარე მალე გააცნობიერებს ხუთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების უარყოფით შედეგებს, რამაც სამშვიდობო პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო სასურველ მიზანს ყველა ააცილა. აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება ყოველთვის შეიძლება თითოეული დაინტერესებული მხარის სახის შენარჩუნებითა და მათი რეალური ინტერესების გათვალისწინებით“.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button