skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის აგვისტოს ომზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთთან ომი თავიდან აეცილებინა, მათ შორის მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი დათმობების შეთავაზების გზით, რომელთა შორის იყო ნატოს მისწრაფებაზე უარის თქმა, აშშ–სთან თანამშრომლობის შესუსტება და აფხაზეთის  დაყოფის გეგმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ხანგრძლივ ინტერვიუში, რომელიც 7 აგვისტოს გავიდა ეთერში რუსეთთან ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძალისხმევა ამაო იყო, რადგანაც რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, რაც საქართველოს „სრულ განადგურებას“ ისახავდა მიზნად.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან რუსეთის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის ინტერვიუზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ სრულიად ნათელი გზავნილია ის, რომ საქართველო უნდა შეეგუოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას, უარი თქვას ნატოში ინტეგრაციაზე და ევრაზიის კავშირში გაწევრიანდეს, თუ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს.

„ქართველი ერი… არის კონკრეტული არჩევანის წინაშე – თუ ქართველ ერს სურს, რომ უარი თქვას თავისი ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, თუ ქართველ ერს სურს, რომ უარი თქვას რეალურად მომავლის განვითარების იმედზე – იმიტომ, რომ ევრო–ატლანტიკური სივრცე ამას ნიშნავს… თუ საქართველო მზად არის უარი თქვას თავის შიდა არჩევანზე იმიტომ, რომ ევრაზიის კავშირი ამას ნიშნავს, რომ ისინი გიწესებენ თამაშის წესებს, მაშინ, რა თქმა უნდა, გარკვეული შესაძლებლობები რუსეთთან უკვე არის“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ერთადერთი სწორი ვარიანტი საქართველოსთვის არის გააგრძელოს ღირსეული განვითარება რუსეთისთვის თავის დახრის გარეშე.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანა კვლავაც განაგრძობს საკუთარი თავის მოტყუებას იმ იმედით, რომ რუსეთის მოფერება შედეგს გამოიღებს, ამას საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოყვება.

‘მეხუთე კოლონა’
 
სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს დადანაშაულება აგვისტოს ომის გამო, რაც პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობის პოზიციაა, „რუსული პროპაგანდის“ ნაწილია. 

„დღეს იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი გაჩნდა, მათ შორის მთავრობაში, რომლებიც იგივეს იმეორებს [რომ ორივე მხარეა დამნაშავე ომში], ამით იზრდება ჩვენს მიმართ საფრთხე იმიტომ, რომ განსხვავებით 2008 წლისა მათ დღეს ეგულებათ თბილისში მეხუთე კოლონა… ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად ფინანსდება რუსეთიდან – არც მალავენ თვითონ და პირდაპირ იმეორებენ მათ [რუსეთის] პროპაგანდას… სხვა თუ არაფერი, წინა არჩევნებზე 2 მილიარდი დოლარი მისცეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

‘საქართველო არ იყო მზად ომისთვის’

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ ემზადებოდა ომისთვის და 2008 წლის აგვისტო ყველაზე უარესი პერიოდი იყო საქართველოსთვის, რომ სამხედრო ქმედებებში ჩაბმულიყო, რადგანაც ქვეყანა „არ იყო მზად ომისთვის“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საუკეთესო სამხედრო ნაწილები ერაყში იმყოფებოდნენ; მისი თქმით, მართალია იმ დროს საქართველოს ნაყიდი ჰქონდა საჰაერო თავდაცვის სისტემები ისრაელის კომპანიისგან Rafael Advanced Defense Systems, ამ სისტემების ჩამოტანა მხოლოდ 2008 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა; სააკაშვილის თქმით, სამხედრო აღჭურვილობის ჩამოტანა ასევე იგეგმებოდა ბულგარეთიდან, და სამხედრო საველე საავადმყოფო „გზაში იყო“ გერმანიიდან, რომელიც შემდეგ „გერმანელებმა უკან წაიღეს“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო იმ დროს „მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე“ იყო აშშ–სთან დიდი რაოდენობით Stinger–ის ტიპის სარაკეტო სისტემების მოწოდებასთან დაკავშირებით.

„იმდენი რაღაცა გვაკლდა. ყველაზე ცუდი დრო საქართველოსთვის რამეში ჩაბმის იყო 2008 წლის ზაფხული და ეს რუსებმა გადასარევად იცოდნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

‘დათმობები’

სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების გზების გამოძებნის მიზნით, მან მოსკოვს 2008 წლის დასაწყისში მთელი რიგი სერიოზული დათმობები შესთავაზა.

მისი თქმით, 2008 წლის თებერვალში, როდესაც ის დსთ–ის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ პუტინს შეხვდა, მან უთხრა თავის რუს კოლეგას, რომ საქართველო მზად იყო უარი ეთქვა ნატოში ინტეგრაციაზე და ამერიკასთან „უფრო წინ წასულ“ ურთიერთობებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სანაცვლოდ. 

„ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ ნატოზე უარი ვთქვათ… ხელშეკრულებით მზად ვართ უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ დაგვეხმარებით [სეპარატისტულ] ტერიტორიებზე პროგრესის [მიღწევაში]. პუტინმა შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ‘ბიჭებო, ჩვენ თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით’“, – განაცხადა სააკაშვილმა.  
 
მან განაცხადა, რომ 2008 წლის ივნისში მან რუსეთს აფხაზეთის დაყოფის გეგმაც კი შესთავაზა, რომლის თანახმადაც გალის და ოჩამჩირის რაიონები თბილისის კონტროლს დაექვემდებარება, ხოლო ოჩამჩირის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები, სოხუმის ჩათვლით, რუსეთის დე ფაქტო კონტროლს. როდესაც ეს ინფორმაცია პირველ გაჩნდა რუსულ პრესაში, თბილისმაც და მოსკოვმაც უარყვეს ის, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვისთვის ამგვარი გეგმის შეთავაზება პირველად 2008 წლის აგვისტოს ბოლოს დაადასტურა. 

„რუსთავი 2“–თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზად იყო ყველა შესაძლო დათმობაზე წასულიყო რუსეთთან, რათა ომი თავიდან აეცილებინა.

‘კონდოლიზა რაისი ამბობდა, რომ რუსები არ გააკეთებენ ამას’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ უფრო წაახალისა დასავლეთიდან რეაგირების ნაკლებობამ რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ზრდასა და პროვოკაციებზე ომის დაწყებამდე.

კითვაზე, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ ქვეყანა არ ყოფილიყო ჩათრეული სამხედრო კონფქლიტში, სააკაშვილმა უპასუხა: „კონდოლიზა რაისს არ სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. ამიტომ, ხანხადახ რომ ამბობენ ხოლმე ‘ჩვენ ვაფრთხილებდით’, ეს არის იმის მცდელობა, რომ – ყველას უნდა ისტორიაში მაგრად გამოჩნდეს; ამ ყველაფრის ჩანაწერები არსებობს; ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ დაიწყება [ომი] და ისინი გვეუბნებოდნენ, რომ შანსი არ არის. მისი [რაისის] საყვარელი ფრაზა იყო: ‘ვიცნობ რუსებს, ისინი არ გააკეთებენ ამას’“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაიმაიერმა, რომელიც 2008 წლის ივლისში დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაც კი შესთავაზა, პირველი დასავლელი ოფიციალური წარმომადგენელი იყო, რომელმაც ღიად უთხრა საქართველოს ხელმძღვანელობას რუსეთთან ომის რეალური საფრთხის შესახებ.  

„შტაიმაიერი, რომელიც შეიძლება ნაკლებად იყო ჩვენს მიმართ სიმპატიით განწყობილი და ბევრად უფრო პრო–რუსული იყო, პატიოსნად გვითხრა რაც მოხდებოდა; ის უკეთესად იცნობდა რუსებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.     

მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსი სამხედროების სვლა და ამით ქვეყანამ დრო მოიგო დიპლომატიური მანევრირებისა და რეაგირებისთვისთვის დასავლეთიდან, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის გადაწყვეტილება ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სამხედრო ხომალდის გამოგზავნის თაობაზე მნიშვნელოვანი სიგნალი იყო რუსეთისთვის. 

„საბოლოო ჯამში, დიპლომატიამ და ამერიკის მეექვსე ფლოტმა გააჩერა რუსები; მართლა თქვენ გჯერათ, რომ [რუსეთს] არ უნდოდა თბილისის აღება? ეს უთხრეს კონდოლიზა რაისს, რომ მათი მიზანი იყო საქართველოს სრული განადგურება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button