
პარლამენტმა პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა 29 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში, რომელიც 2011 წლის დეკემბრიდან მოქმედი მკაცრი ნორმების ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად.
ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს უბრუნდებათ უფლება დააფინანსონ პარტიები წელიწადში არაუმეტეს 120 ათასი ლარის ოდენობით. ბიზნეს-კომპანიებს პარტიების დაფინანსება 2011 წლის დეკემბრიდან აეკრძალათ და ეს უფლება დარჩათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც წელიწადში მაქსიმუმ 60 000 ლარის შემოწირულობა შეუძლიათ გაიღონ პარტიების სასარგებლოდ.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად დაწესებული ბარიერი მცირდება. ამჟამად, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები ანუ ის პარტიები, რომლებიც ცალკე ან ბლოკში შემავალ პარტნიორ პარტიებთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი შედეგი მაინც მიიღეს. ცვლილებების შედეგად, საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერიც 3%-მდე დაიწევს.
ამჟამად, საბიუჯეტო დაფინანსებას 14 კვალიფიციური სუბიექტი იღებს.
თავდაპირველად, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ზრდის საკითხი ასევე უნდა ყოფილიყო იმ კანონპროექტის ნაწილი, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო. თუმცა მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ პარტიებს შორის კონსენსუსის არ არსებობის გამო, ამ საკითხის ინიცირების საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადატანა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას არასაპარლამენტო პარტიების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
29 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა კოალიციამ შეცვალა გადაწყვეტილება და აპირებს დაფინანსების ზრდის საკითხი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღოს, ვინაიდან ამ თემამ „სრულიად არასასურველი აჟიოტაჟი შექმნა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას“.
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების ზრდაზე კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული და გაითვალისწინებს იმას, რომ დაფინანსება გაეზარდოთ როგორც კვალიფიციურ სუბიექტებს, ისე 150 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერადად დაფინანსდნენ ის პარტიები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდნენ. დამარცხებული პარტიების უმეტესობამ ხმათა 1%-ზე ნაკლები დააგროვა.
პარტიების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები, ასევე ითვალისწინებს პარტიათა უფრო მეტ ფინანსურ წახალისებას პოლიტიკაში ქალების ჩართვის შემთხვევაში. თუ მოქმედი ნორმით, კვალიფიციური პარტია დაფინანსებაზე 10%-იან დანამატს იღებს იმ შემთხვევაში, თუ პარტიული სიის ყოველ 10 კანდიდატს შორის ორი ქალია წარმოდგენილი, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სიის ყოველ ათეულში სამი ქალი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, დანამატი 30%-მდე გაიზრდება. ეს რეგულაცია 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ამოქმედდება.
ასევე მიღებული ცვლილებების თანახმად, პარტიას წლიური ხარჯების მაქსიმალური ოდენობა ორჯერ შეუმცირდება, რათა ის არ აღემატებოდეს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 %-ს, ამჟამად დაწესებული 0.2%-ის ნაცვლად; პარტიებს მილიონი ლარის ფარგლებში კრედიტის აღება ყოველ წელს შეეძლება – ამჟამად, ეს უფლება მათ მხოლოდ საარჩევნო წელს გააჩნიათ; პარტიების დაფინანსების წესების დარღვევისთვის მცირდება საჯარიმო სანქციები – თუ მოქმედი ნორმა უკანონო შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ჯარიმა ორმაგ ოდენობამდე შემცირდება; სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც პარტიების ფინანსებზე ზედამხედველ ორგანოდ რჩება, პარტიების გეგმიური აუდიტი წელიწადში ერთხელ შეეძლება, ხოლო რიგგარეშე აუდიტის ჩატარებას მხოლოდ სასამართლოს თანხმობით შეძლებს.
დღესვე პარლამენტმა მესამე მოსმენით უყარა კენჭი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც რეგისტრაციიდან სხვადასხვა მიზეზით მოხსნილ ამომრჩევლებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, თუ ისინი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლიან. დღევანდელი მდგომარეობით ასეთ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ და მათი საერთო რაოდენობა, ცესკოს-ს ინფორმაციით, 97 ათასს აღემატება.