ახალი ამბები

პარლამენტმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებაზე კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 25 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2014 წლის 1 თებერვლამდე იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
კანონპროექტი, რომელიც ოპონენტების თქმით, საინვესტიციო გარემოს გააუარესებს და უარყოფით შედეგებს მოუტანს ქვეყნის საბანკო და ფინანსურ სექტორს, 69 ხმით 1–ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.
 
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 თებერვლამდე ჩერდება სააღსრულებო პროცედურები იმ საქმეებზე, რომლებიც შეეხება სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევის გამო უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში გადაცემას, სახლებიდან პირთა გამოსახლებას და უძრავი ქონების რეალიზაციას.

თავდაპირველად მთავრობა ქართული ოცნების 49 დეპუტატის მიერ ინიცირებული ამ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო.
 
თუმცა, 25 ივლისს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა დეპუტატებს, რომ მთავრობა იმ პირობით დაუჭერს მხარს კანონპროექტს, თუ შეჩერება შეეხება მხოლოდ 1 აგვისტომდე არსებულ ვადაგადაცილებულ იპოთეკურ სესხებს და არ გავრცელდება იურიდიულ პირების უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულებაზე. ეს პირობა კანონპროექტის ინიციატორებისთვის მისაღები აღმოჩნდა.
 
თავდაპირველად დეპუტატი გედევან ფოფხაძე გამოდიოდა ინიციატივით, რომ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების ღონისძიებების შეჩერება არ შეხებოდა იმ ვადაგადაცილებულ სესხებს, რომლებიც ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გასცეს და მხოლოდ კერძო იპოთეკარებზე გავრცელებულიყო. ბევრი ადამიანი, რომელთაც სესხის აღება სურდა და ბანკის მკაცრ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა, კერძო იპოთეკარებს მიმართავდა სესხისთვის, რომლებიც მათ ბევრად მარტივ გზებს სთავაზობდნენ სესხის ასაღებად, თუმცა უფრო მაღალი პროცენტებით, რასაც იპოთეკით დატვირთული ქონების ჩამორთმევის უფრო მაღალი რისკები ახლდა თან.
 
მართალია არ არსებობს ზუსტი და სარწმუნო მონაცემები იმ პირების რაოდენობის შესახებ, რომელთაც საკუთარი სახლებიდან გამოსახლების საფრთხე ემუქრებათ იპოთეკური სესხების გადაუხდელობის გამო (ზოგიერთი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 73 000–ს შეადგენს), თუმცა ყველა არსებული შეფასების თანახმად, ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხების აბსოლუტური უმრავლესობა და შემდგომი გამოსახლებები კერძო იპოთეკარების მიერ გაცემული სესხებიდან გამომდინარეობს.
 
ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომ შეჩერება შეხებოდა მხოლოდ კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებულ შემთხვევებს და ახლა კანონპროექტი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც ეხება.
 
კანონპროექტის მიღებამდე ბიზნეს ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ 25 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები.
 
„კანონპროექტის მიღება გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და პრობლემებს შეუქმნის ბიზნეს სექტორს ფინანსური რესურსების მოზიდვაში, რადგან მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არალიკვიდური გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში, „ცვლილებები პრობლემებს შეუქმნის საბანკო-საფინანსო სექტორს გაცემული იპოთეკური სესხების დაბრუნებაში და წაახალისებს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას (გადავადების პერიოდში)“.
 
ბიზნეს ომბუდსმენმა გააფრთხილა, რომ ცვლილებები გამოიწვევს კრედიტის გაძვირებას და ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, მომხმარებელზე და სამუშაო ადგილებზე.
 
„მიგვაჩნია, რომ ასეთი დროებითი ღონისძიებები ვერ მოაგვარებს იმ პირთა სოციალურ პრობლემებს, რომელთა დასახმარებლად აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოხდა და სერიოზულად შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა კანონპროექტის განხილვის დროს, რომ მას არ მიაჩნია, რომ ბიზნეს ომბუდსმენის განცხადებაში ჩამოთვლილი საფრთხეები რეალურია.
 
მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ამ ნაბიჯს შესაძლოა გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება მოყვეს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ზემოქმედება და იმ ხალხის ბედი, რომელთაც ბინებიდან გამოსახლება ემუქრებათ, მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს.
 
ფოფხაძემ ასევე განაცხადა, რომ მათი მიზანია, რომ დაიცვან ხალხი გამოსახლებისგან და აღნიშნა, რომ ამით ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება.
 
კანონპროექტის ოპონენტები ასევე მიანიშნებენ იმაზე, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების ავტორებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ რაიმე კონკრეტული სქემა, რომელიც საბოლოო ჯამში პრობლემის მოგვარებას დაეხმარებოდა.
 
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ ეს დროებითი ღონისძიება პრობლემის მოგვარებას ვერ დაეხმარება. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ექვსი თვის შემდეგ, ამ ხალხის 90%, რომელთაც იპოთეკის გამო გამოსახლება ემუქრებათ, იგივე პრობლემის წინაშე იდგება და რეალურად არაფერი შეიცვლება.
 
25 ივლისის სხდომას ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. აკაკი ბობოხიძემ, რომელიც დებატების დროს დარბაზში იმყოფებოდა, გააკრიტიკა კანონპროექტი, თუმცა აღნიშნა, რომ ხმას მისცემდა ამ ინიციატივას. კიდევ ერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგ მისცემდა ხმას ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მისი თქმით, არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
 
კანონპროექტი პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენებით უნდა მიიღოს და შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მოაწეროს, რათა ის ძალაში შევიდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button