skip to content
ახალი ამბები

ჰამარბერგის რეკომენდაციები უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგი, მთავრობას ურჩევს ოფიციალური სტატუსი მიანიჭოს უკვე არსებულ იმ კომისიას, რომელიც უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების არქივის განადგურებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
 
ჰამარბერგმა, რომელიც ევროკომისიამ თებერვალში ევროკავშირის სპეციალურ  მრჩევლად დანიშნა საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, ურჩია ხელისუფლებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო მასალის განადგურება მოხდეს მას შემდეგ, რაც ამ ჩანაწერების „სწრაფი და ეფექტური დათვალიერება“ მოხდება სპეციალური კომისიის მიერ, რათა შეგროვდეს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა იმ პირთა წინააღმდეგ სამართალწარმოებას დაეხმაროს, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული ეს არქივი შექმნეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 24 ივლისს გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, მთლიანი არქივის მოცულობა დაახლოებით 24 000 ჩანაწერამდე გაიზარდა. არსებული მონაცემებით ამ უზარმაზარი მასალის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ამსახველი, ძირითადად სექსუალური ხასიათის, საიდუმლო ჩანაწერები. დანარჩენ მასალებში ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და სხვა პირების შეხვედრები და საუბრები, ასევე ვიდეოები, სადაც წამების სცენებია ასახული.
 
სამოქალაქო სექტორის ნაწილი უკვე დიდი ხანია, რაც კატეგორიულად მოითხოვს არსებული ჩანაწერების დაუყოვნებლივ განადგურებას. მთავრობამ ადრე რამდენჯერმე განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ჩანაწერების განადგურებას აპირებს.
 
პროცესზე ზედამხედველობის მიზნით ივნისში კომისია ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც შევიდნენ. კომისიის წევრები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი; სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ასევე საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი. ამასთან, არსებობს შემოთავაზება, რომ კომისიის შემადგენლობაში შევიდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახლადდანიშნული ინსპექტორი თამარ ქალდანი, რომელიც მოვალეობის შესრულებას 1 ივლისიდან შეუდგა.
 
არქივის განადგურება რამდენჯერმე გადაიდო, რასაც ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზებით ხსნიდა, მათ შორის შსს–ს წინა ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალის საქმეზე გამოძიებით; ხელისუფლება აცხადებს, რომ არქივი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უკანონო თვალთვალის სისტემურ ხასიათს ადასტურებს. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან საქართველოში ევროკავშირის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში სთხოვა, რომ შეემუშავებინა რეკომენდაციები, თუ როგორ მოეგვარებინათ ამ ჩანაწერების პრობლემა.
 
თომას ჰამარბერგის რეკომენდაციები, რომელიც 20 ივლისით თარიღდება, 24 ივლისს გასაჯაროვდა. თავის 11–გვერდიან „წინასწარ რჩევაში“ საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მას რეკომენდაციის შემუშავება 13 ივლისს სთხოვეს, როდესაც იგი კომისიის შეხვედრაზე მიიწვიეს.
 
როგორც ჰამარბერგი აცხადებს, კომისიის სხდომაზე მას განუცხადეს, რომ არქივი, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით 17 000 უკანონო ჩანაწერისგან შედგებოდა (შსს–მ განაცხადა 24 ივლისს, რომ ჩანაწერების რაოდენობა 24 ათასამდე გაიზარდა კიდევ უფრო მეტი ფაილის აღმოჩენის შედეგად), პირობითად სამ კატეგორიად იყოფა: პირადი ცხოვრების ამსახველი 94 ჩანაწერი, ძირითადად ინტიმური სცენები, მათ შორის მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირები, რომლებიც ფარულად იქნა გადაღებული, როგორც ჩანს, შანტაჟისთვის გამოსაყენებლად. ჩანაწერების ცალკე კატეგორიაა, ფირები რომლებიც პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს შორის შეხვედრებს და საუბრებს ასახავს, და მესამე ჯგუფში შედის წამების ამსახველი ვიდეომასალა.
 
შსს–ს ინფორმაციით, შესაძლოა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი ან ასლი შსს–ს ყოფილ თანამშრომლებს ჰქონდეთ გატანილი და შენახული.
 
პარლამენტმა 24 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩააბარებენ უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს.  „ეს კარგი მიდგომაა“, – განაცხადა ჰამარბერგმა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.
 
„დილემა, რომლის წინაშეც ახლა კომისია დგას, არის შესაძლო კონფლიქტი ერთის მხრივ პირადი ცხოვრების ასპექტების დარღვევის ამსახველი ჩანაწერების დაუყოვნებლივ განადგურების საჭიროებასა  და მეორე მხრივ, იმის უზრუნველყოფას შორის, რომ ხელმისაწვდომი გახდეს მტკიცებულებები, რათა საქმე აღიძრას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ უკანონო ჩანაწერების [შექმნაზე]“, – აცხადებს ჰამარბერგი.
 
თავის რეკომენდაციებში ჰამარბერგი პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას პრიორიტეტად მიიჩნევს, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს, რომ ამგვარი უკანონო ჩანაწერები „ძალიან სერიოზული დანაშაულების გამოხატულებაა, რაც როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ რეაგირებას მოითხოვს“. მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ყველა სამიზნე პირის პირადი ცხოვრების უფლების დაცვა და იმ მყარი მექანიზმების შექმნა, რომელიც ამგვარ დაცვას უზრუნველყოფს ამ ჩანაწერების განადგურებამდე არსებულ შუალედურ პერიოდში; ამავე დროს, იგი ასევე ურჩევს ხელისუფლებას იმ მტკიცებულებების მოგროვებას, რომელსაც შეუძლია გაამყაროს მტკიცებულებები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ამ ფარული ჩანაწერების შეგროვებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
 
ჰამარბერგი აცხადებს, რომ მისი რეკომენდაციის განხორციელებას „სტრუქტურული მიდგომა“ სჭირდება და საჭირო იქნება მთავრობის ოფიციალური გადაწყვეტილება კომისიის უფლებამოსილების და დაკომპლექტების წესის შესახებ.  
 
ჰამარბერგის თქმით, ერთ–ერთი პირველი გადაწყვეტილება კომისიის მანდატის შესახებ უნდა იქნეს მიღებული, რათა დაზუსტდეს ექნება თუ არა კომისიას უფლებამოსილება მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, თუ დანარჩენი ორი კატეგორიის უკანონო ჩანაწერებთან მიმართებითაც. ჰამარბერგის რეკომენდაცია,ა რომ კომისიას ფართო მანდატი მიენიჭოს.
 
ჰამარბერგი ურჩევს კომისიას უკანონო ჩანაწერებში ასახული პირების პირადი ცხოვრების უფლებები დაიცვას, მაგრამ ასევე „შეაგროვოს, თუ შესაძლებელია, ის მტკიცებულებითი მასალა, რომელიც სამართალწარმოებაში იქნება გამოყენებული იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მოცემულ დანაშაულებზე პასუხისმგებელნი არიან“.

„მოამზადეთ ყველა ამ დანაშაულებრივი ქმედების დეტალური აღწერა, რათა ჩამოაყალიბოთ ამ საკითხზე სწორი, მიუკერძოებელი, ისტორიული ჩანაწერი, მათ შორის აღიწეროს თავად კომისიის მიერ გატარებული ზომები, რომლებიც მიმართული იყო უკვე მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად. ამას დასჭირდება დაარქივებული ჩანაწერების კარგი შესწავლა… პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ორი კონკრეტული კატეგორიის ანალიზს: პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს და წამების ამსახველ ჩანაწერებს. ორივე შემთხვევაში, ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ დაცული იქნება სამიზნე პირების ვინაობა“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.    
 
ჰამარბერგი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ნახვის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ „არ დაიკარგოს ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა სასამართლოში იქნას გამოყენებული“.
 
„კომისიის წევრებს – განსაკუთრებით კი სახალხო დამცველს, [პერსონალურ] მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს – განსაკუთრებული როლი ეკისრებათ იმის დადასტურებაში, რომ განადგურებული მასალა ნამდვილად არსებობდა. ამ მიზნით უნდა შეიქმნას სპეციალური დოკუმენტაცია, რომელსაც კომისიის წევრები მოაწერენ ხელს“, – ნათქვამია რეკომენდაციაში, რომელიც დასძენს, რომ თუ შესაძლო სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამგვარი დოკუმენტის მტკიცებულებით ღირებულებას, ბრალდების მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ კომისიის წევრები მოწმეების სახით მოიწვიოს სასამართლოზე. ჰამარბერგის თქმით, „გონივრული იქნება, რომ სამოქალაქო საზოგადოების სულ ცოტა ერთმა წარმომადგენელმა ან მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიიღოს უშუალო მონაწილეობა [ჩანაწერების] დათვალიერებაში“.
 
რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ ვინაიდან პირადი ცხოვრების უფლება მნიშვნელოვანი ასპექტია, „უფრო სწორი იქნება, რომ ეს მასალები ნახვის შემდეგ დაუყონებლივ განადგურდეს და არ მოხდეს შესაძლო სასამართლო პროცესის დალოდება“.
 
თუმცა, მისი თქმით, ერთი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ჩანაწერის ნიმუშის სახით შენახვა, რათა შემდეგ სასამართლოს წარედგინოს მტკიცებულების სახით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული იქნება ჩანაწერში ფიგურანტი პირის ანონიმურობა.
 
„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიჩნეულ იქნება ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებად და მხოლოდ იმ პირობით, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტია იქნება უზრუნველყოფილი, ამგვარი ჩანაწერის ნიმუში შესაძლოა შენახულ იქნას სასამართლო პროცესისთვის (და შემდეგ განადგურდეს).  თუმცა, თუ არსებობს კონფლიქტი პირადი ცხოვრების უფლებებს და ბრალდების ინტერესებს შორის, უპირატესობა პირველს უნდა მიენიჭოს“, – აცხადებს ჰამარბერგი.
 
რეკომენდაციაში ასევე საუბარია მიყურადებისა და თვალთვალის წესების გამკაცრების საჭიროებაზე, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა ასეთი საქმიანობები არ უნდა დაგეგმონ ან განახორციელონ სასამართლო სისტემის ჩართვის გარეშე. რეკომენდაციაში ასევე ნახსენებია ხელისუფლების მიერ ე.წ. „შავი ყუთების“ შესაძლო გამოყენების პრაქტიკა. 

„ცნობილია, რომ ამგვარი სისტემები განვითარებულია სხვა ქვეყნებში, რაც საშუალებას აძლევს უსაფრთხოების ან შინაგან საქმეთა სამინისტროებს, რომ ყველა სახის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მონაცემები მოიპოვონ [data-mining]. როგორც მაცნობეს, საქართველოსაც აქვს ამგვარი სისტემა, რომლის მეშვეობითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საშუალება ქვეყანაში არსებულ კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიებში გამავალ ყველა სატელეფონო ზარზე, ელექტრონულ ფოსტაზე, SMS–ზე იქონიოს ავტომატური წვდომა. მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში მიმდინარე საქმიანობები კანონით დარეგულირდეს და დემოკრატიულ და სასამართლო კონტროლს დაექვემდებაროს“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button