skip to content
ახალი ამბები

სოხუმი აფხაზეთსა და თურქეთს შორის მცურავი სავაჭრო გემების დაკავებას გმობს

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ აფხაზეთსა და თურქეთს შორის მოძრავი სატვირთო გემების დაკავება და განაცხადა, რომ ეს „აგრესიული ქმედებები“ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვამ ბოლო ექვსი თვის მანძილზე სამი თურქული სავაჭრო გემი დააკავა; უკანასკნელ შემთხვევას გასულ კვირას ჰქონდა ადგილი.

საქართველოს სანაპირო დაცვამ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი „ფაშა“  10 ივლისს დააკავა; აფხაზური მხარის ინფორმაციით, გემი ოჩამჩირიდან თურქული საზღვაო პორტის ბარტინის მიმართულებით მიცურავდა.  

გემი ეკიპაჟის 10 წევრით, რომელთაგანაც ოთხი თურქეთის, ოთხი ეგვიპტის და ორი სირიის მოქალაქეა, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის საზღვაო რაიონი) შესვლის წესის დარღვევის“ გამო დააკავეს, განაცხადა საქართველოს სანაპირო დაცვამ. 

ფოთის საქალაქო სასამართლომ 11 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გემის კაპიტანი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, 50 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის თანხმობის გარეშე.  

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთს და თურქეთს შორის მოძრავი სავაჭრო გემების დაკავების ორ წინა შემთხვევას მარტსა და მაისში ჰქონდა ადგილი.

ბოლოს თბილისსა და სოხუმს შორის დაძაბულობა საზღვაო ინციდენტებმა 2009 წელს გამოიწვია, როდესაც საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთისკენ და სეპარატისტული რეგიონიდან მომავალი ოთხი სატვირთო გემი დააკავა.  

„ადრე საქართველო არაერთხელ ახორციელებდა აფხაზეთში მიმავალი თურქული სავაჭრო გემების მსგავს პირატულ დაკავებას; თუმცა თურქეთის ენერგიული პროტესტის შემდეგ ამგვარი დაკავებები გარკვეული დროით შეწყდა“, – განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივლისს.

„ამჯერად, უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პირატული ქმედებები შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში განახლდა. ეს აგრესიული ქმედებები, რომელთა მიზანიც აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მოხდენაა, რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button