ახალი ამბები

პარლამენტმა ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 12 ივლისის სხდომაზე დაძლია პრეზიდენტის მიერ ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე  – მაუწყებლობის შესახებ კანონსა და სემეკის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე – დადებული ვეტო.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვების შემდეგ 31 მაისს დაამტკიცა, პრეზიდენტის შენიშვნები უკავშირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დათხოვნასთან და ასევე მაუწყებელთა ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ თემებს.

პრეზიდენტი მოითხოვდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ინდივიდუალური წევრის დათხოვნის უფლება დარჩენოდა 90 დეპუტატს და არ დაწეულიყო კვორუმი 50 ხმამდე, როგორც ეს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტშია გათვალისწინებული; ის ასევე ითხოვდა, კანონპროეტიდან იმ პუნქტის ამოღებას, რომელიც პარლამენტის მხრიდან სამეურვეო საბჭოს კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს; მესამე შენიშვნა უკავშირდებოდა იმ დებულების გაუქმებას, რომელიც სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების 2014 წლის იანვრიდან დათხოვნას და მათი შემცვლელების ახალი წესებით არჩევას ითვალისწინებს; ბოლო შენიშვნა კი ეხებოდა ტელევიზიების ახალი ვალდებულებების გაუქმებას, რათა მათ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური და ყოველკვარტალური ანგარიშების წარდგენა ამ მოუწიოთ  კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, რაც პრეზიდენტის მოსაზრებით, „ზედმეტი ტვირთი“ იქნება მაუწყებლებისთვის.

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ტექნიკური შენიშვნები ხმათა უმრავლესობით არ გაიზიარა და 94 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი ისევ მის მიერ მაისის ბოლოს მიღებულ ვარიანტს დაუჭირა.

არსებული წესების თანახმად, თუ პრეზიდენტი კვლავ არ მოაწერს ხელს ვეტო დაძლეულ კანონპროექტს, მაშინ ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში.

მეორე კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 94 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაძლია, უკავშირდება 12 ივნისს მიღებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს და წევრებს თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

პრეზიდენტის შენიშვნები უკავშირდებოდა ამ კანონპროექტის ამოქმედების ვადებს; ის ამ ცვლილებების ამოქმედების გადავადებას ითხოვდა 2013 წლის ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან.

თუმცა პარლამენტმა არ გაიზიარა ეს შენიშვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში და პრეზიდენტ სააკაშვილისგან სემეკის წევრთა და მისი თავმჯდომარის დანიშვნის უფლება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაეცემა.

სემეკის ამჟამინდელ ხელმძღვანელს გურამ ჩალაგაშვილს, რომელსაც ეს თანამდებობა 2007 წლიდან უკავია, უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button