ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ციხის სკანდალის საქმეზე დამდგარ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაწყვიტა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობა დაეყენებინა სასამართლოს წინაშე ციხის სკანდალის საქმეში მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ, „არასაკმარისი და არადამაჯერებელია“.

8 ივლისს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა მიმართა მთავარ პროკურორს გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს იმ მიზნით, რომ „იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის“.

სულ 17 პირი წარსდგა მართლმსაჯულების წინაზე ციხის იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელსაც შარშანდელ ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ადგილი, როცა პატიმართა წამების და გაუპატიურების შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერები გავრცელდა მასმედიის საშუალებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს ციხის 16 ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო და ასევე დააკმაყოფილა მთავარი პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც ასევე ციხის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვდა. ბედუკაძემ განაცხადა, რომ გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ზოგიერთი ვიდეო მასალა მის მიერ იყო გადაღებული.

ბედუკაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ფარულად გამოიტანა ვიდეოფირები ციხიდან და შემდეგ გაასაჯაროვა, რათა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოეაშკარავებინა, პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდა ბრალი.

მთავარმა პროკურატურამ განმარტა 19 ივნისს, რომ ბედუკაძეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმიტომ მოეხსნა, რომ იგი „სისტემური დანაშაულის“ გამოვლენას დაეხმარა, „რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატიურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას, პატიმრების ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას“. პროკურატურის განცხადებით, ამ დანაშაულის გამოვლენა შესაძლებელი გახდა  ბედუკაძის მიერ ვიდეოების გასაჯაროებით, რითაც მან „საფრთხეში ჩააგდო არამარტო საკუთარი სამსახურებრივი კარიერა, არამედ საკუთარი უსაფრთხოებაც“. ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება.

3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბედუკაძის მიმართ მთავარი პროკურორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მან ამ საქმის შესახებ არ იცოდა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, მისთვის მიუღებელი იყო. ის ასევე დაპირდა, რომ შეისწავლიდა საკითხს და მოგვიანებით უპასუხებდა შეკითხვას.

8 ივლისს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ-მინისტრი ამბობს: „პირადად მე არცერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია,   ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი დადაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას“.

„რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმარისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „დაუკმაყოფილებლობის გრძნობა“ გაუჩნდა ასევე იმ „არაადეკვატურად ლმობიერი“ განაჩენების მიმართ, რომლებიც საქმეში სხვა ფიგურანტი პირების მიმართ დადგა. 

„მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას“, – აღნიშნავს ივანიშვილი წერილობით განცხადებაში.

„მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო, – კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
 
მთავარი პროკურორის შუამდგომლობა ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების თაობაზე ეყრდნობოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლს, რომელიც უფლებას ანიჭებს მთავარ პროკურორს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე „განსაკუთრებულ შემთხვევაში“, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გაირკვა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები. 2011 წლის ივნისამდე მთავარ პროკურორს ეკრძალებოდა  ამ მუხლის გამოყენება წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეებთან მიმართებაში; თუმცა 2011 წლის 17 ივნისს კოდექსში ცვლილება შევიდა და ამ მუხლის გამოყენება შესაძლებელი გახდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პირთა მიმართაც; ამასთან, კვლავ ძალაში დარჩა აკრძალვა, რომ ეს მუხლი არ იქნას გამოყენებული მსჯავრდებულთა ანუ იმ პირთა მიმართ, რომლებიც დამნაშავეებად არიან ცნობილნი წამების და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button