Placeholder canvas
ახალი ამბები

რასმუსენი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ

  • საქართველო ‘სწორ გზას ადგას და რეალურ პროგრესს აღწევს’;
  • ‘თანმიმდევრული ძალისხმევით საქართველო შევა ნატოს ღია კარში’;
  • ‘ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები შემდეგი მნიშვნელოვანი გამოცდაა’;
  • ‘სააკაშვილს, მის მემკვიდრეს და პრემიერ–მინისტრს, ყველას გაიხსენებენ როგორც დემოკრატიის მშენებლებს’;
  • ‘მოკავშირეებს გარკვეული წუხილები გააჩნიათ ყოფილი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით’;
  • ‘საქართველომ არ უნდა დაუშვას შერჩევითი სამართლის აღქმაც კი’;
  • ‘მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავს კანონის უზენაესობას’.



ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სიტყვით მიმართავს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ სტუდენტებს, 27 ივნისი. ფოტო: ნატო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა 27 ივნისს თბილისში, რომ საქართველო „სწორ გზაზე დგას“ და „ბევრად დაუახლოვდა ნატოს“, მაგრამ „თქვენ ისევ უნდა აიღოთ თქვენს თავზე ტვირთი და განაგრძოთ საჭირო რეფორმების განხორციელება“.

„მაგრამ როდესაც განახორციელებთ [რეფორმებს], შემდეგ ჩვენი ჯერი იქნება, რომ შევასრულოთ დაპირება, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი“, – განაცხადა მან ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს.

მანამდე 27 ივნისს ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს შეხვდნენ როგორც უმცირესობიდან, ისე უმრავლესობიდან.

შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები „შემდეგი მნიშვნელოვანი გამოცდა“ იქნება საქართველოს ნატოში მისწრაფებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „საქართველო ძალიან მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდება ჩრდილო–ატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია და რა მიზანსაც ემსახურება დღევანდელი მთავრობა და რა მიზანსაც ემსახურებოდა წინა ხელისუფლება“.

„საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები ველით იმასაც, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იქნება გადმოდგმული შემხვედრი ნაბიჯები“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები მომავალ წელს მოახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ინტეგრაციის პროცესი გაღრმავდა. 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა იმავე შეხვედრაზე, რომ ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს ერთიანი პოზიცია აქვთ ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რთულია ისეთი საკითხის მოძებნა, რომელზეც ამდენი პოლიტიკოსი შეთანხმდება, თუმცა ნატოს წევრობა ის საკითხია, რაზეც ყველა თანხმდება. 

სტუდენტების წინაშე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ის პრიორიტეტული სფეროები დაასახელა, რომელთაც საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს და განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა „განაგრძოს მუშაობა, რათა უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები უზრუნველყოს“.

 „თქვენ სწორ გზაზე დგახართ, რადგანაც ეს არის გზა ნატოს ღია კარისკენ. თქვენ რეალურ პროგრესს აღწევთ. თანმიმდევრული და გადამწყვეტი ძალისხმევით, თქვენ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს. და თქვენ შეხვალთ იმ ღია კარში“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, რეზოლუცია საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა ერთხმად მიიღო, ქვეყანაში პოლიტიკური კომპრომისის და დიალოგის დემონსტრირება იყო.

„მაგრამ მოკავშირეებს ნამდვილად გააჩნიათ გარკვეული წუხილები, კერძოდ ყოფილი ოფიციალური პირების წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით“, – განაგრძო რასმუსენმა, „საქართველომ არ უნდა დაუშვას შერჩევითი სამართლის აღქმაც კი“.

„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ კორუმპირებული ან დამნაშავე ჩინოსნები უნდა გასამართლდნენ. მაგრამ სამართლებრივი დევნა  არ უნდა გახდეს, ან არ უნდა იქნას დანახული, როგორც პოლიტიკური შურისძიების გამოხატულება“, – განაცხადა მან.

„საქართველოს მთავრობას აკისრია ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, პოლიტიკურად დამოუკიდებელ და ძლიერ სასამართლო სისტემას და საზოგადოების ნდობას სასამართლოების მიმართ. და ჩემი შეხვედრის დროს მთავრობის წევრებთან მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეს ძირითადი ღირებულებები. ამრიგად, მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავს კანონის უზენაესობას თითოეულ საქმესთან მიმართებაში. და მჯერა, რომ ქართველი ხალხი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული იმაში, რომ თქვენი სამთავრობო ინსტიტუტები უმაღლეს სტანდარტებზე შენარჩუნდეს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე გაუსვა ხაზი „მეტი ტოლერანტობის“ საჭიროებას და აღნიშნა, რომ იმ ძალადობას, რომელიც თბილისში 17 მაისს მოხდა, არ აქვს ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში.

რასმუსენი, რომელიც 26 ივნისს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ხოლო 27 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილს, განაცხადა, რომ შარშანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და ამისათვის პრემიერ–მინისტრი „მილოცვას“, ხოლო პრეზიდენტი „შექებას იმსახურებს“.

„წელს მოგვიანებით, პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგება. და როდესაც ის ამას გააკეთებს, თავად მას, მის მემკვიდრეს და პრემიერ–მინისტრს გაიხსენებენ, როგორც დემოკრატიის მშენებლებს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას რასმუსენმა კვლავ ახსენა წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება და განაცხადა: „თქვენმა ახალმა მთავრობამ გააძლიერა წინა მთავრობის ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“.

„ნატო მიესალმება ამ ძალისხმევას. ისინი აჩვენებენ პოლიტიკურ სიმამაცეს და რეალისტურ გაგებას იმისა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი. მაგრამ ამ კუთხით რუსეთის დახმარებაცაა საჭირო“, – განაცხადა მან და მოუწოდა რუსეთს, რომ საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების პირობის ანალოგიური ნაბიჯი გადადგას.

მან ასევე გამოხატა შეშფოთება რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ამგვარი ნაბიჯები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ასევე ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“.

„ღობეების აღმართვა თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს. მას შემდგომი დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. ეს დაუშვებელია და უნდა აღიკვეთოს“, – განაცხადა რასმუსენმა.

თავის სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ საქართველოს წვლილი ISAF–ის მისიაში ნატოში გაწევრიანების მიღების საშუალება არ არის. 

„მე ვიცი, რომ ბევრი ქართველი კითხულობს, რომ კიდევ რამდენი მათი მამაცი ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს იმისათვის, რომ ნატოს წევრობა მიიღონ. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, თქვენი ჯარისკაცები არ არიან ავღანეთში იმიტომ, რომ ნატოში გაწევრიანება იყიდონ. უპირველეს ყოვლისა, ისინი იქ იმიტომ არიან, რომ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებში შედის, რომ ისინი იქ იყვნენ“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button