იუსტიციის მინისტრი: საქართველო მკაცრად ახორციელებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ
ხელისუფლება ყურადღებით აკონტროლებს ირანელების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში და „მკაცრ კონტროლს“ უწესებს ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 21 ივნისს.
მისი თქმით, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ახლო თანამშრომლობის შედეგად, ირანის ფიზიკური და იურიდიული პირების, დაახლოებით, 150 საბანკო ანგარიში გაყინულია.
20 ივნისს Wall Street Journal–მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო დროს ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის ზრდაზე მოგვითხობს და რომელშიც მოცემულია რამოდენიმე დეტალური ინფორმაცია ეროვნებით ირანელი სამი პირის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, მათ შორის კერძო ავიაკომპანია FlyGeorgia–სა და სს „ინვესტბანკში“. სტატიის თანახმად, საქართველოში ირანთან დაკავშირებული ბიზნესის დიდი ნაწილი ჩვეულებრივ არ ეწინააღმდეგება სანქციებს, მაგრამ აშშ–ს და ევროპის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ამ ფინანსურ მორევში ასევე ერევა ის უკანონო თანხები, რომლებსაც სხვა ირანელები მართავენ. სტატია თბილისში მოქმედი ერთი ირანელის ციტირებასაც ახდენს, რომლის თქმითაც, საბანკო სექტორში საქართველო წამყვანი ადგილი გახდა სანქციების თავიდან ასარიდებლად.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ Wall Street Journal–ში გამოქვეყნებული ფაქტები შესწავლილ უნდა იქნას და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლი იმდენად „მკაცრია“, რომ მის გარკვირვებას გამოიწვევს, თუ სანქციების თავიდან აცილების შემთხვევები დადასტურდება.
„ის მუშაობა, რაც წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტარდება გაეროს სანქციების შესრულების კუთხით ირანთან მიმართებაში, ცალსახად პოზიტიურად შეაფასა გაეროს დელეგაციამ, რომელიც აქ იყო რამდენიმე კვირის წინ [მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა გაეროს ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და აანალიზებს]. მათ ისიც კი თქვეს, რომ ჩვენთან ამ მხრივ მკაცრი კონტროლი უკეთეს მდგომარეობაში ხორციელდება, ვიდრე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა წულუკიანმა.
Wall Street Journal–ის სტატიის თანახმად, ირანის მხრიდან საქართველოში მზარდმა ბიზნეს საქმიანობამ “ობამას ადმინისტრაცია შეაკრთო, რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმა ურთიერთობები არსებობს… მაგრამ ირანთან მიმართებით, საქართველო, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისეთი პრემიერ–მინისტრი აირჩია, რომელსაც ნაკლებად პროამერიკული პოზიცია უკავია, ვიდრე ბატონ სააკაშვილს, ცდილობს [აშშ-გან] დამოუკიდებელი პოლიტიკა ქონდეს.“
როგორც ჩანს სტატიის ამ ნაწილთან მიმართებაში, აშშ-ის საელჩო აღნიშნავს თავის განცხადებაში 21 ივნისს: „ამ სტატიაში მოცემული გარკვეული განცხადების საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერი ურთიერთობების მიმართ საქართველოს მთავრობის ინტერესი არ განელებულა, ისევე როგორც საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის უწყვეტი ძლიერი სურვილი.“
„აშშ–ის წუხილები ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით ბოლო წლებში გაიზარდა და [ეს შეშფოთება] სათავეს იღებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რომ ხელი შეუშალოს ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას, რომელთა შორის შასაძლოა ასევე იყოს ირანის მიერ საქართველოში ბიზნეს კავშირების გამოყენება.
„ჩვენ საქართველოსთან მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხზე“, – განაცხადა საელჩომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)