Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების გამოძიებას საქართველოში და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი პროცესი ისე წარიმართოს, რომ ეს არ იყოს „აღქმული“ ან რეალურად არ მოხდეს ისე, რომ ადგილი ქონდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

მას ეს განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“–ის კორესპონდენტმა ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის და  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ ჰკითხა. სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც ამჟამად კახეთის გუბერნატორის პოსტს იკავებს, 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი ოფიციალური პირების დაკავებების და სავარაუდო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს. ჩვენ ხაზგასმით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მნიშვნელოვანია განხორციელდეს ისეთი გამოძიება და სამართლებრივი დევნა, რომლის დროსაც დაცული იქნება შესაბამისი პროცედურები და თავიდან იქნება აცილებული პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმა ან რეალობა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს განაგრძოს ერთობლივი, კონსტრუქციული მუშაობა საერთო მიზნისკენ, რომელიც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული“, – განაცხადა პატრიკ ვენტრელმა.

შემდეგ მას ამავე საკითხთან დაკავშირებით Associated Press-ის (AP) კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვათა მთელ კასკადზე მოუწია პასუხების გაცემა; კორესპონდენტი დაჟინებით ცდილობდა მიეღო პასუხი იმაზე, ნიშნავდა თუ არა აშშ-ის პოზიცია და მოწოდება, რომ „თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“ იმას, რომ ვაშინგტონი პრინციპში „შეშფოთებულია“ იმით რომ დაპატიმრებების უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივები იყოს.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა აშშ–ს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების ან აღქმა, ან რეალობა უკვე არსებობს, ვენტრელმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეფასება ჯერ არ გაუკეთებია ამ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დაკავებას ეხება. 

როდესაც იმავე კორესპონდენტმა რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა იყო თუ არა აშშ შეშფოთებული, რომ შესაძლოა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, ვენტრელმა უპასუხა, რომ ის არ დაიწყებს „ჰიპოთეტურ“ განხილვას იმისა, თუ რა შეიძლება ან არ შეიძლება იყოს და რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს პროცესი.

„მაგრამ თქვენ ეს გააკეთეთ უკრაინასთან მიმართებით“, – განუცხადა AP–ის კორესპონდენტმა, რომელიც, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაკავების საქმეს გულისხმობდა.

 „ეს ისაა, სადაც ჩვენ ძალიან გამოკვეთილი კონტურები გვაქვს“, – უპასუხა ვენტრელმა უკრაინის მაგალითთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით დასძინა: „ეს ის შემთხვევაა, სადაც ჩვენ ვაკვირდებით“. 

როდესაც იმავე კორესპონდენტმა  თავის შეკითხვაში ივარაუდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, თავი აარიდოს „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმასა ან რეალობას“ იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ შეშფოთებულია,  რომ ამ საქმის უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივები იყოს, ვენტრელმა უპასუხა: „მე მაგას არ ვამბობ“.

„ის, რასაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას ვახსენებთ, არის, რომ თუ თქვენ იძიებთ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებს, სადაც შეიძლება იყოს გადაცდომა ან სახსრების მითვისება ან რაც არ უნდა იყოს, სამართალწარმოება ისე უნდა განხორციელდეს, რომ წარმოიშვას ნდობა, რომ ეს არის თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო პროცესი, რომელიც ისე წარიმართება, რომ საზოგადოებას ექნება იმის რწმენა, რომ ყველა სარგებლობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით. სწორედ ესაა ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ“, – დასძინა ვენტრელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button