Placeholder canvas
ახალი ამბები

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე 5 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება

თბილისის საქალაქო სასამართლომ შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს, რომელიც 12 მაისს ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ბრალდებით დააკავეს, 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა.

თანხის გადახდისთანავე გელა ხვედელიძე, რომლის მიმართაც ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, პატიმრობიდან გათავისუფლდება, იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლო.

„აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება  ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ამასთან, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა“, – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო და იქვე აღნიშნავს, რომ "ბრალდებული არ  გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას  და არ მოახდენს მტკიცებულებათა განადგურებას".

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე გაასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ხვედელიძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს პირადი საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩაიდინა პირმა, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მაისს მისი პირველი მოადგილის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ გელა ხვედელიძემ, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული ჩანაწერების არქივს კურირებდა, პირთა სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში „შურისძიების“ მიზნით გაავრცელა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო დროს ხვედელიძეს ბრალდებებს უყენებდა.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გელა ხვედელიძის დაკავებით, მთავრობამ აჩვენა თავის „ხელწერა“, რომ მიუხედავად თანამდებობისა, „კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანაბარი“.

ხვედელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა  თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ივლისს გაიმართება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button