![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
დეპუტატები სეპარატისტულ რეგიონებში უკანონო შესვლის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტს განიხილავენ
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის პროცედურულ საკითხებზე ცხარე და ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, 2 მაისს პარლამენტის სხდომაზე დაიწყო კანონპროექტთა პაკეტის განხილვა, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისთვის სეპარატისტულ რეგიონებში თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან შესვლის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ახდენს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შემოთავაზებულ კანონპროექტს, შეეცადნენ და წარმატებასაც მიაღწიეს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, რომ სხდომის დაწყება ერთ საათზე მეტი ხნით გადადებულიყო.
სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა არ გაიარეს რეგისტრაცია. პირველ ჯერზე 75-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, მეორე მცდელობისას კიდევ უფრო ნაკლები 58 დეპუტატი დარეგისტრირდა – არცერთ შემთხვევაში სხდომა არ იყო უფლებამოსილი შედგომოდა მუშაობას, ვინაიდან ამისთვის საჭირო კვორუმი 76-ს შეადგენდა. ამჟამად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას 83 ადგილი აქვს პარლამენტში, თუმცა, სხდომათა დარბაზში ქართული ოცნების ყველა დეპუტატი არ იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ქართული ოცნების უმრავლესობიდან გამოთქვეს ეჭვები, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით არიდებდა თავს რეგისტრაციის გავლას, მათ ეს ვარაუდები ოპონენტებმა დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ რეგისტრაციის გავლა შეგნებულად არ ხდებოდა.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განუცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა კოლეგებს, „ჩვენ ვთლით, რომ ოკუპაციის კანონის განხილვაც კი არის სამარცხვინო და ყველა მეთოდით შევეცდებით, რომ ეს განხილვა გადაიდოს. ფაქტი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის მოთხოვნით შეასუსტოს და ძალა გამოაცალოს ოკუპაციის კანონს მაშინ, როდესაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა საქართველოს დეოკუპაციის მიმართულებით, ჩვენ ვთვლით, რომ სამარცხვინოა“.
შესვენების შემდეგ განმეორებითი რეგისტრაცია ჩატარდა, თუმცა კვორუმი კვლავ არ იყო და მეოთხე მცდელობა გახდა საჭირო, რათა სხდომა გახსნილად გამოცხადებულიყო. ნაციონალურმა მოძრაობამ ამის შემდეგაც განაგრძო ე.წ. პროცედურული ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ სხდომა რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა. ეს ბრალდებები სხდომის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უარყო და მოუწოდა ოპონენტებს, რომ არსებული პრეტენზიები გაესაჩივრებინათ.
ამის შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა დაიწყო საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა პლენარული სხდომის დღის წესრიგში იყო შეტანილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით მისი განხილვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
არსებული კანონის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეების შესვლა იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც თბილისის მიერ არ კონტროლდება, უკანონოდ ითვლება; კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2–დან 4 წლამდე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ ეს ქმედება პირველ ჯერზე ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება და პატიმრობის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დაწესდება, ხოლო შესვლის წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
2009 წლიდან 254 უცხო ქვეყნის მოქალაქე მიეცა პასუხისმგებლობაში, საიდანაც 169-ს მისაჯა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ სულ ცოტა 2 000 ლარით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ინფორმაციით. ციხელაშვილის თქმით, კანონმდამრღვევთა ერთი მეშვიდედი რუსეთის მოქალაქე იყო.
"დაკავებული იქნენ ის ადამიანები, უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც არაფერი კავშირი არ აქვს ოკუპაციასთან თვითონ და არანაირად არ უთხრიან მიზანმიმართულად ძირს საქართველოს სუვერენიტეტს", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი „ასუსტებს“ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რუსეთისთვის რევერანსს წარმოადგენს. ერთი წლის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი იმ შემთხვევაში განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის საკითხს, თუ თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებს.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვა ევროკავშირის ერთ–ერთი რეკომენდაციაც იყო.
წლიურ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს ეხება, ევროკავშირი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, კერძოდ კი მის „შემზღუდავ დებულებებს“.
კონფლიქტებთან დაკავშირებით ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ 2013 წლის მარტში გამოაქვეყნა, ნათქვამია: „მთავრობის ცვლილების შემდეგ ჩანს სასიკეთო ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობა უფრო ეფექტიანი გახდეს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უფრო შერბილებულად განხორციელდეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)