skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი კვლავ ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეტაკების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა 29 აპრილს, რომ მან „ეჭვი გამოთქვა“, მაგრამ პირდაპირი აქცენტი არასდროს გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლება „ტერორისტებთან თანამშრომლობდა“.

მან ეს განცხადება თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი განცხადება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიორგი ბარამიძის შეკითხვას მოყვა, რომელმაც ივანიშვილს 26 აპრილს გაკეთებული განცხადების თაობაზე ჰკითხა, სადაც პრემიერ–მინისტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეტაკების გამოძიებამ შესაძლოა გაამყაროს სახალხო დამცველის ბრალდებები, რომ წინა ხელისუფლებამ გაწვრთნა და შეაიარაღა მებრძოლები, რათა შემდგომ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში გაეგზავნა.

„რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ და რამდენად სწორია, რომ პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ტერორიზმის მხარდაჭერაში, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ, რომ ეს იქნება გამოყენებული რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის მიერ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და რამდენად მიესალმება ამას ნატო და ეს შეუწყობს ხელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როცა თქვენ საკუთარ ქვეყანას – არა აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობა როდის იყო  – ადანაშაულებთ ტერორიზმის ხელშეწყობაში და ტერორისტების დახმარებაში?“ – ჰკითხა პრემიერ–მინისტრს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ.

ივანიშვილმა უპასუხა: „პირდაპირი აქცენტი არცერთ ჩემს განცხადებაში მე არ გამიკეთებია, რომ წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა და აქტიურობდა, მე გამოვთქვი ჩემი ეჭვი ჩემს გამოსვლაში და დღესაც ვასაბუთებ, ძალიან დიდია საფუძველი ეჭვისა, მაგრამ მე არცერთ შემთხვევაში არ ვამტკიცებ ამას და არ აქვს ამას მტკიცებულების ფორმა; მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვები, ძალიან დიდი გაუგებრობები მოხდა ლაფანყურში“.

„რაც შეეხება ჩემს გამონათქვამებს ამ მხრივ რამდენად ეს დააზიანებს ჩვენს სახელმწიფო რუსეთთან თუ  ნატოს ქვეყნებთან, მე გარწმუნებთ – თქვენი დარწმუნება რთულია, მე მესმის“, – განაგრძო ივანიშვილმა, „მაგრამ მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ არცერთ შემთხვევაში ეს არ დააზიანებს ჩვენ ურთიერთობებს გლობალურად არცერთ სახელმწიფოსთან… ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვიცხოვროთ სამართლიან გარემოში და სიმართლეზე იყოს დაფუძნებული ჩვენი მოღვაწეობა“.

მისი თქმით, საქართველოს რეპუტაცია დაზიანდება, თუ ამ ბრალდებებს „მესამე სახელმწიფო“ გამოძიებს, მაგრამ ეს პროცესი საზიანო არ იქნება საქართველოსთვის, თუ ქვეყანა თავად გამოიძიებს ამ საკითხს.

თავის გამოსვლაში ”როუზ-როსის" სემინარზე ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის ერთგული რჩება.

„ჩვენ რეალისტები ვართ და კარგად გვესმის, რომ ნატოში ინტეგრაცია ეტაპობრივი პროცესია და საქართველო მზად არის განაგრძოს ეს გზა. ამავე დროს იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ ალიანსი სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასახავს ამას კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და ამით წინ წასწევს ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

იმავე კონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა ნატოში საქართველოს მისწრაფებებზე.

„პრეზიდენტი შევარდნაძე იყო, რომელმაც ნატოს კარზე დაახლოებით 10 წლის წინ დააკაკუნა. პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, რომელსაც აცნობეს დაახლოებით ხუთი წლის წინ, რომ ეს კარი ღიაა ჩვენთვის. ახლა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს და მე ერთი კითხვა გვაქვს თქვენთან: შეიძლება შემოვიდეთ ამ კარში? თუ შეიძლება გაგვეცით პასუხი ადრე თუ გვიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button