ახალი ამბები

სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება

სასჯელთა უპირობო შეკრებითობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვილილებები პარლამენტმა 15 აპრილს მესამე და საბოლოო მოსმენით 77 ხმით დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში მოსამართლე სასჯელთა უპირობო შეკრებითობის ნაცვლად, იხელმძღვანელებს პრინციპით, როცა სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს და მას უკუქმედების ძალა ექნება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც სასჯელს შეკრებითობის საფუძველზე იხდიან.

„უპირობო შეკრებითოის პრინციპით გამოტანილი ყველა განაჩენი დაექვემდებრება გადახედვას“, – განუცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ 17 აპრილს დეპუტატებს საპარლამენტო განხილვის დროს.

სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი  საპატიმროებში გადატვირთულობის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნეოდა; პატიმრების რაოდენობა იანვარში გამოსული ამნისტიის აქტის შედეგად ნახევარზე მეტით შემცირდა და შესაძლოა კიდევ უფრო იკლოს მას შემდეგ, რაც შეკრებითობის წესით დანიშნული სასჯელების გადახედვის პროცესი დაიწყება.

ამასთან, შეკრებითობის წესი კვლავინდებურად შეიძლება იქნას გამოყენებული დანაშაულის რეციდივის ანუ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირის მიერ განზრახი დანაშაულის ხელახალ ჩადენას. ასეთ შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად,  მოსამართლე თავად წყვეტს გამოიყენოს სასჯელთა შთანთქმის წესი თუ ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრიბოს ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button