Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი უხსნის აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრის მონაწილეებს თუ რატომ ეწინააღმდეგება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრებს და მაღალი რანგის წარმომადგენლებს, მათ შორის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს, რომ იგი სეპარატისტული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგია, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და „კავკასიაში რუსეთის ექსპანსიას“ გამოიწვევს.

სააკაშვილის თქმით, იმ დროისთვის, როცა რუსეთმა სომხეთის რკინიგზა ჩაიგდო ხელში, მოსკოვს ალბათ უკვე ჰქონდა „მზაკვრული გეგმა“ და გარკვეული „გათვლები საქართველოს არჩევნებზე“; მან ასევე დასძინა, რომ მოსკოვს ალბათ ჰყავდა თავისი „ფავორიტი კანდიდატი“, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები გააჩნდა რუსეთის წინაშე.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იანვარში სომხეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის დაიწყოს მუშაობა საქართველოს და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე, რომელიც ასევე დააკავშირებს სომხეთს რუსეთთან. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ არის რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების და „არცთუ ადვილი ურთიერთობების“ გამო „ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგია, კიდევ ერთხელ წამოწია ეს საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეების საპრეზიდენტო სასახლეში მასპინძლობისას. მონაწილეებს შორის იყვნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტი სიიმ კალასი. მანამდე 13 თებერვალს შეხვედრის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი სახელმწიფოდან ტრანსპორტის საკითხზე გამართეს დისკუსიები.

„ერთის მხრივ, ჩვენ ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სომხეთის რესპუბლიკასთან და მე მადლობელი ვარ სომხეთის. განსაკუთრებით 2008 წელს, ომის შემდგომ პერიოდში, სომხეთმა გამოიჩინა სერიოზული სოლიდარობა საქართველოს მიმართ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დახმარებოდა სომხეთს ტრანსპორტირების საკითხებში, მათ შორის ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის გზით.

„მაგრამ დღეს საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი დაისვა ისევ დღის წესრიგში. მე არ მინდა, რომ მეგობარ სომხეთს რაიმე პრობლემები შეექმნას მომავალში ტვირთებთან დაკავშირებით. მე უბრალოდ მინდა მათ იცოდნენ, რა არის ჩემი პოზიცია ამ რკინიგზასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„პირველ რიგში, ვიცით, რომ რუსეთი ფლობს სომხეთის რკინიგზას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სახელმწიფო კომპანიამ „რუსული რკინიგზა“ სომხეთის სარკინიგზო ქსელი  30–წლიან მართვაში აიღო შეღავათიანი ხელშეკრულებით, რომელსაც 2008 წლის იანვარში მოეწერა ხელი.   

 „როდესაც მათ იყიდეს სომხეთის რკინიგზა, მიითვისეს უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა, მაშინ უკვე გამიჩნდა კითხვა, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვლაპარაკობდით ამ რკინიგზის გახსნაზე, რა გეგმა ჰქონდა ასეთი რუსეთს? რაში სჭირდებოდა სომხეთის რკინიგზა, თუ მას არ ჰქონდა საქართველოს რკინიგზა გახსნილი?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეტყობა მოსკოვში უფრო შორსმიმავალი და მზაკვრული გეგმა ჰქონდათ, ვიდრე მე ეს წარმომედგინა“, – განაგრძო მან.

„მათ ჰქონდათ თავისი გათვლები დაკავშირებული საქართველოს არჩევნებთან; მათ ალბათ ჰყავდათ საკუთარი ფავორიტი და მას ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები მიღებული; სხვანაირად მე ვერ ვხსნი რაში სჭირდებოდათ მათ სომხეთის რკინიგზის და აფხაზეთის მიტაცებული რკინიგზის ერთდროულად საკუთრებაში ქონა იმ დროს, როდესაც ისინი არ არიან ერთმანეთთან კავშირში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის ფონზე, განაგრძო მან, სეპარატისტული რეგიონის გავლით რკინიგზის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მოსკოვის გავლენას აფხაზეთზე.

„ეს იქნება კავკასიაში [რუსეთის] ექსპანსიის ინსტრუმენტი“, – განაცხადა სააკაშვილმა, „საქართველო ამით ვერაფერს ვერ მიიღებს; პირიქით, საქართველოს გაურთულდება აფხაზეთის რეინტეგრაციის საკითხი ასმაგად და შეექმნება სხვა ტიპის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები“.

„მე მგონია, რომ ეს არ პასუხობს არც ერთი კავკასიური ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ეს პასუხობს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოკლევადიან, საკმაოდ აგრესიულ ინტერესებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გავლით მეტი ტვირთების გატარებისთვის, მათ შორის იმ ტვირთებისთვის, რომელთა გადაზიდვაც სომხეთში იგეგმება, საქართველოს წინა მთავრობა შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტის, ლაზიკას მშენებლობას გეგმავდა. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით მიესალმა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმერ მაკეის მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ შეხვედრაში თბილისში.

„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იმისა, რომ ბელარუსმა პატივი სცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ძალიან რთულ ვითარებაში, ისევე როგორც თითოეულმა აქ წარმოდგენილმა ქვეყანამ. რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ბელარუსთან დიალოგი, ბელარუსის ჩართვა სხვადასხვა ევროპულ ფორმატებში გრძელვადიანად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბელარუსისთვის, არამედ ასევე მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნა მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს არსებობდა მოსაზრება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის განაცხადის მიღება შესაძლებელი იყო. „ახლა ამაზე ნაკლებად საუბრობენ“, – განაცხადა მან. „იმედია, ეს ბოლომდე უახლოეს პერსპექტივაში დაკარგული არ არის“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას.      

„მე მზად ვარ დავეხმარო საქართველოს მთავრობას ამაში. თქვენ იცით, რომ ბევრი გარემოება არის, რომელიც შეიძლება პრობლემატური იყოს საქართველოსთვის და მე ეს სულაც არ მახარებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ევროპის ხალხთა პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა და პარტიის ვიცე–პრეზიდენტმა, Euronest-ში ევროპის ხალხთა პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელმა იაჩეკ სარუზ ვოლსკიმ 13 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც დაგმეს 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ინციდენტი. განცხადების თანახმად, საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე დიალოგის გაგრძელებაზე დაყენებული პირობები „აღარ სრულდება“, რადგანაც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სიტუაცია დრამატულად უარესდება“ საქართველოში. პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას ევროპის ხალხთა პარტიაში დამკვირვებელი წევრის სტატუსი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button