თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელს სტუმრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ისრაელს საქმიანი ვიზიტით სტუმრობენ საქართველოში სამხედრო წარმოების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.
„ისრაელში ვიზიტის მიზანი სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ებრაელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო, სადაც არ აკონკრეტებენ "პარტნიორების" ვინაობას ისრაელში.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 29 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება „დელტას“ მიზანშეწონილობას განიხილავდა და აღნიშნა, რომ ამ სამხედრო საწარმოს გაუქმება „დიდი შეცდომა“ იქნებოდა. თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი „შეცდომაშია შეყვანილი“, უარყო "დელტას" შესაძლო ლიკვიდაციის გეგმები და აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა წინა მთავრობის მიერ დაწყებული წარმოების განვითარებაზე.
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „დელტა“, რომელიც საქართველოში სამხედრო ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელია, რამდენიმე ქარხანას აერთიანებს, მათ შორის „თბილავიამშენს“, რომელიც 2010 წელს კერძო მესაკუთრიდან თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა. საწარმომ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ გამოუშვა; ასევე აწარმოებს ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო სისტემებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, ჯარისკაცის აღჭურვილობას და სპეცტანსაცმელს, ოპტიკურ ხელსაწყოებს, საბრძოლო მასალებს, ბრძოლის მართვის სისტემებს და სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას.
„დელტას“ სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იანვრის დასაწყისში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „დელტას" ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, თანამედროვე აზროვნების მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, ის აბსოლუტური ფინანსური უპასუხისმგებლობა, რაც "დელტაში" იყო, დასრულდება".
როდესაც მას ივანიშვილის სკეპტიკურ განწყობაზე ჰკითხეს საქართველოს სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებით, ალასანიამ უპასუხა, რომ პრემიერ–მინისტრი „დელტაში“ სტუმრობას გეგმავს.
„თუ არ ნახე, ძნელია მისი პოტენციალის დაჯერება. მეც ვეჭვობდი, შეგვეძლო თუ არა სამხედრო მანქანების წარმოება. შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ და მენეჯმენტს სწორად წარვმართავთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე, თვითღირებულებასა და რენტაბელურობაზე. იმედია, მოვახერხებთ ხალხის დასაქმებასა და სამხედრო ინდუსტრიის შექმნას“, – განაცხადა ალასანიამ იანვრის დასაწყისში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)