ახალი ამბები

სააკაშვილი გმობს ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას

ვაჰან ჩახალიანის გათავისუფლება, რომელიც სასჯელს იარაღთან, შეიარაღებულ ხულიგნობასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო იხდიდა, დაგმო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ამ აქტივისტს ჯავახეთის რეგიონიდან  „საქართველოს სახელმწიფოს მტერი“ უწოდა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჩახალიანი რუსეთის „საამებლად“ გაათავისუფლებინა.

ჩახალიანი 24 იანვარს ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან მას შემდეგ, რაც ათწლიანი სასჯელიდან დაახლოებით 4.5 წელი მოიხადა.

ამნისტიის აქტი მას, ათასობით სხვა პატიმრის მსგავსად, სხვადსხვა ფორმით შეეხო – სასჯელისგან სრულად გათავისუფლება მისთვის წაყენებული სამი ბრალდებიდან ერთ-ერთს შეეხო (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობა, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს), ხოლო სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება გაავრცელდა ორ დანარჩენ ბრალდებაზე (ერთი უკავშირდება იარაღის უკანონო შენახვას, ხოლო მეორე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან).

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 24 იანვრის მდგომარეობით ამნისტიის შედეგად 2 910 პატიმარი გათავისუფლდა და პროცესი კვლავაც გრძელდება. 

ჩახალიანი, რომელიც ახალქალაქში არსებული იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო 2005 წელს რუსეთის სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გაყვანის წინააღმდეგ და რომელიც ჯავახეთის რეგიონის ავტონომიისკენ მოუწოდებდა, 2008 წლის ივლისში დააპატიმრეს და თავდაპირველად იარაღის უკანონო შენახვის ბრალდება წაუყენეს; შემდეგ მას ხულიგნობასთან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან და დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით დამატებით ორი ბრალდება წაუყენეს 2005 და 2006 წლებში მომხდარი ინციდენტების გამო, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა სასამართლოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის დარბევას.  მისმა მხარდამჭერებმა ჩახალიანის დაპატიმრება დაგმეს და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.

24 იანვარს გათავისუფლების შემდეგ ჩახალიანი საქართველოში სომხური ეკლესიის წინამძღვარმა ვაზგენ მირზახანიანმა მიიღო.

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ განაცხადა, რომ ეპარქიის წინამძღვარი თავის გამოსვლაში მიესალმა ახალი მთავრობის სამართლიან და ჰუმანურ ქმედებებს; ამავე განცხადების თანახმად, სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ  II ტელეფონით ესაუბრა ჩახალიანს და დალოცა იგი. გათავისუფლების შემდეგ ჩახალიანი საქართველოში სომხეთის ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმაც მიიღო.

ჩახალიანი გათავისუფლების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს დავოსში 25 იანვარს უპასუხა, რომ გასულ კვირას სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ეს საკითხი მასთან შეხვედრაზე სომხური ეკლესიის მეთაურმა წამოწია, თუმცა მისგან მიიღო პასუხი, რომ მის კომპეტენციაში არ შედიოდა პატიმრების გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა და ეს თემა გადაამისამართა სასჯელაღსრულების მინისტრთან სოზარ სუბართან, რომელიც თან ახლდა მას სომხეთში და რომელმაც ამ საკითხზე პასუხი გასცა.

„მე არ ვწყვიტავ ასეთ საკითხებს, დამიჯერეთ“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, „დამიჯერეთ, რომ ის ვერტიკალი, რაც არსებობდა საქართველოში, რომ ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს, ეს აღარ იქნება. და ამის პრეცედენტი უნდა დაიწყოს ჩემგან – გუნდსაც ვასწავლი და საზოგადოებამაც ისწავლეთ, რომ ყველა საკითხებს არ ვწყვეტ მე და არ ვღებულობ გადაწყვეტილებებს. ის რაც მე არ მეკუთვნის, არც ვერევი“.

25 იანვარს გამართულ სატელევიზიო ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩახალიანის გათავისუფლება ქვეყანას ძალიანს ურყოფით შედეგებს მოუტანს.

„როგორც გაირკვა ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მე მოვისმინე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტება ამ თემაზე და სრულიად არადამაკმაყოფილებლად ჩავთვალე“, – განაგრძო მან, „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგელობას იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მთლიანად, ერთპიროვნულად მან მიიღო და ეს არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე“.

„მან, მე ვფიქრობ, დაუშვა ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება ქართველ ერს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას უახლოესი კვირების, თვეების და წლების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამ ადამიანს, ჩახალიანს – და მე არ მინდა ხაზი გავუსვა მის ეთნიკურ წარმომავლობას იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს… მაგრამ ეს კაცი არის ძალიან კონკრეტული წარმომადგენელი არა სომხეთის იმიტომ, რომ სომხეთის ინტერესებში არ შედიოდა მისი 6 წლით ადრე გარეთ გასვლა და მე ეს ძალიან კარგად ვიცი იმიტომ, რომ ძალიან კარგი და დიდი ხნის ურთიერთობები მაქვს ჩვენს სომეხ კოლეგებთან, სომხეთის პატრიოტებთან, სომხეთის ლიდერებთან, [არამედ] ეს ადამიანი არის რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი რეზიდენტი, წარმომადგენელი საქართველოში“.

„ის მუშაობდა წლების განმავლობაში რუსეთის გრუ-ს რეზიდენტურასთან, მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, მან დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალაქში, მან დაარბია ქართული პოლიცია ახალქალაქში, ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და ის ეწინააღმდეგებოდა რუსული სამხედრო ბაზის გასვლას ახალქალაქიდან“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ჩახალიანი, რომელიც „მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს დანაწევრებას, საქართველოს ტერიტორიის დანაკუწებას, საქართველოში არეულობას და საქართველოში შეიარაღებულ შეტაკებებს და საქართველოში სამოქალაქო ომს“, არის „ზუსტად ამ მასშტაბის კრიმინალი და ამ მასშტაბის დამნაშავე“, როგორიც იყო ვლადისლავ არძინბა, აფხაზეთის აწ გარდაცვლილი ყოფილი ლიდერი, რომელიც სათევეში ედგა აფხაზეთის სეპარატისტულ მოძრაობას 1990-იანი წლების დასაწყისში.

მისი თქმით, ჩახალიანის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც საქართველოს პარლამენტი, რომელმაც ამნისტიის აქტი მიიღო, ისე სამართალდამცავი სტრუქტურები და სასჯელაღსრულების სამინისტრო.

„თუმცა ნუ ეცდება პრემიერ-მინისტრი მათ გადააბრალოს – ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო ნაკარნახევი საქართველოს ეროვნული ინტერესებით და მომიტევოს ყველამ, მათ შორის მისმა პოლიტიკურმა თაყვანისმცემლებმა, მაგრამ მე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ეს ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად. მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ ის უცხოური ძალის წარმომადგენელი კი არ არის, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ინტერესებში უნდა მოქმედებდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ძალიან მძიმე რამ მოხდა და მე მინდა მივმართო ასევე ჩვენს თანამემამულეებს ჯავახეთში: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სიწყნარე, არ ავყვეთ პროვოკაციებს“, – განაგრძო მან, „მე ვიცი რისთვის უნდათ რუსებს ასევე ჩახალიანის გამოშვება, უნდათ იმისთვის, რომ თქვენ იცით, რომ შენდება ძალიან დიდი რკინიგზა ჯავახეთის – ეს არის რკინიგზა, რომელიც შეაერთებს საქართველოს ევროპასთან. რუსეთმა ჩაგვკეტა ჩვენ აფხაზეთიდან და აფხაზეთის კონფლიქტი ამისთვისაც უნდოდათ, ფაქტიურად იზოლაცია მოახდინა ჩვენი დანარჩენი მსოფლიოდან იმიტომ, რომ რკინიგზა იქიდან გადიოდა რუსეთის გავლით ევროპისკენ. ახლა ჩვენ ავაშენეთ მეორე რკინიგზა, რომელიც გაიხსნება წელს, რომელიც შეგვაერთებს ევროპაში. რა თქმა უნდა, თუ ჯავახეთი არიეს, ამ რკინიგზის პროექტსაც ექმნება პრობლემა და ექმნება მთლიანად შუა აზიის დერეფანს და საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას პრობლემა. შეექმნება, თუ ეს შეძლეს და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ ამას არ დაუშვებს ასევე ჯავახეთის ადგილობრივი საზოგადოება“. 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დროის არძინბებს და კულუმბეკოვებს [90-იან წლებში ოსური სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი], უცხო სპეცსამსახურების აგენტებს, ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არ აყვებიან, თუნდაც ისინი მოქმედებდნენ საქართველოს მთავრობაში დროებით მოსულ ჯგუფთან ერთად“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ჩახალიანის დაკავების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ასევე დაგმო ჩახალიანის გათავისუფლება და მას „საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო“, „ჯავახური სეპარატიზმის სულისჩამდგმელი“, „რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაუფარავი ემისარი“ და „ჯავახეთში ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი“ უწოდა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა 25 იანვარს, რომ ჩახალიანი პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებული ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლდა. "თუ ეს ადამიანი ასეთი საშიშია, თუ ეს ადამიანი ფე-ეს-ბეს, გრუ-ს და კიდევ რომელიღაცა უწყებების აგენტია და ამის ყველაფრის საბუთები მაგიდის უჯრაში თუ გულის ჯიბეში უდევს ვანო მერაბიშვილს ან მიხეილ სააკაშვილს, სად იყვნენ მაშინ, რატომ არ არ წაუყენეს ეს ბრალდება?" – განაცხადა სუბარმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button