ახალი ამბები

სააკაშვილი აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის წინააღმდეგია

სეპარატისტული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ინტერესია და ამ საკითხის დეოკუპაციის კონტექსტის გარეშე წამოწევა „დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული“ აქტია, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 იანვარს.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თხოვეს კომენტარი იმავე დღეს, ცოტა ხნით ადრე პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაზე.

ერევანში პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე რამდენად შესაძლებლად მიაჩნია უახლოეს ხანებში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის სეპარატისტული აფხაზეთის გავლით, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „ეს შესაძლებელია“. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ არის რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების და „არცთუ ადვილი ურთიერთობების“ გამო „ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან“.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მხედველობაში მაქვს, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები არ არის“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში, გვქონდა ძალიან დიდი [პრობლემა] და სამწუხაროდ ამ დრომდე რჩება. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ და  ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ და დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობები. ღრმა და ყველაზე პრობლემური საკითხები, თქვენ იცით, საქართველო ტერიტორიული მთლიანობა, ალბათ ძალიან ჩქარა არ მოგვარდება“. 

მისი თქმით, რკინიგზის საკითხი გაცილებით მალე შეიძლება მოგვარდეს, თუ "ყველა მხრიდან ამის ნება იქნა".

„ქართული მხარე, თავის მხრივ, მზადყოფნას გამოთქვამს“, – განაგრძო ივანიშვილმა, „ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ ეს საკითხები რაც შეიძლება სწრაფად გადავწყვიტოთ“.

ამ განცხადებების კომენტირებისას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „ეს განცხადება შეიცავს რამდენიმე ელემენტს და ყველა ეს ელემენტი არის ძალიან საგანგაშო“.

„პირველ რიგში ეს არის განცხადება, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიულ ინტერესებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირებს, ამოქმედების შემდეგ საქართველოსთვის არანაირი პრაქტიკული საჭიროება აღარ ექნება რკინიგზის გახსნას აფხაზეთის გავლით, ვინაიდან მას უკვე ალტერნატიული გზა გაეხსნება ევროპისკენ.

სააკაშვილის განცხადებით, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა აზიას ევროპასთან დააკავშირებს და რუსეთის ტრანს-ციმბირულ რკინიგზას კონკურენციას გაუწევს.

„ჩვენი რკინიგზა ძალიან დიდი საფრთხეს უქმნის რუსეთის ტრანს-ციმბირულ რკინიგზას, დიდი კონკურენტია იმ რკინიგზის. როგორც ჩვენ შევუქმენით ენერგეტიკული დერეფანი კონკურენციის, ისე შეუქმენით ახლა სატვირთო გადამზიდავი კონკურენტი“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„ამ სატვირთო გადამზიდავის მნიშვნელობის დაკნინება და მოსპობა სურს დღეს რუსეთს“, – განაცხადა მან.

„მეორე, რუსეთს სურს, რომ ამ რკინიგზის გახსნით მოახდინოს, მისი მოტივაცია ასეთია, აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტობრივად დაკანონება, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც რუსეთის რკინიგზამ მიითვისა აფხაზეთის რკინიგზა უკანონოდ და რუსეთის რკინიგზა ფლობს სომხეთის რკინიგზას სომხეთთან ხელშეკრულების თანახმად, პრაქტიკულად სტატუსი ამ გახსნის იქნება სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ რუსეთი  აფხაზეთს განიხილავს – ერთადერთია პრაქტიკულად მსოფლიო თანამეგობრობის სერიოზულ წევრებს შორის –  რომელიც განიხილავს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამას პრაქტიკულად დანარჩენ მსოფლიოში არავინ არ აღიარებს და ამგვარად ასეთი ტიპის ქმედებებით ხდება რუსეთის მხრიდან მოტივაცია იმისა, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დაკანონდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„არც ერთი ნაბიჯით არ შეიძლება საქართველომ ამას შეუწყოს ხელი, სანამ არ გადაწყდება აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი ბოლომდე ან ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად, როგორც ამ საკითხის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა მან.

„მისი ცალკე განხილვა არის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული, ფუნდამენტურად ოკუპანტის ინტერესების შესაბამისი აქტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

„მე ვფიქრობ, რომ ის ვინც ამ განცხადებას აკეთებს და ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, მას ან წარმოდგენა არ აქვს საქართველოს სტრატეგიულ პოლიტიკურ ინტერესებზე ან ის შეგნებულად ძირს უთხრის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს მომავალს და პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის განმახორციელებელის დაკვეთით. მე სხვა განმარტებები ამაზე არ მაქვს. ეს არის, სამწუხაროდ,  კატეგორიული განცხადება, მაგრამ მე ვალდებული ვარ ჩემ ხალხს არ შევაყარო თვალში ნაცარი და ვუთხრა სიმართლე“. 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა სომხეთთან კარგი ურთიერთობები, სომხეთთან ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სომხური ტვირთები გაგვეტარებინა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა სწორედ ამას ისახავდა მიზნად.

„სომხეთის რაღაცნაირი იზოლაცია საქართველოს ინტერესებში არასოდეს არ ყოფილა და არასდროს ამისთვის მხარი არ დაგვიჭერია“, – განაგრძო მან, „მაგრამ ერთია სომხეთთან კარგი ურთიერთობები და მეორეა ჩვენი ოკუპანტის სტრატეგიული გეგმების შესრულება“.

„ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის განცხადება, ისევე როგორც ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის პროექტის ეჭვქვეშ დაყენება წინა განცხადებებში… რა თქმა უნდა, ძაბავს ურთიერთობებს ჩვენ სხვა მეზობლებთან. თქვენ იცით, რომ ახლა ჩვენ გვაქვს სერიოზულად გართულებული, სამწუხაროდ, ურთიერთობა თურქეთთან და ეს ჩანს ძალიან ბევრ რაღაცაში – ბევრი თურქული ინვესტიცია საქართველოში შეჩერდა“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ "თურქეთთან რაიმე სახის პრობლემებით, ჩვენ ვკარგავთ ნატოში შესვლის ამ ისტორიულ შანსს".

2006 წლის დასაწყისში საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან და სომხეთთან შესაძლო ერთობლივ კონსორციუმზე მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციას; თუმცა მაშინდელ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.

ნოემბერში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით საქართველოში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რესპოდენტთა 68%-მა განაცხადა, რომ დადებითად უყურებს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის პერსპექტივას; მხოლოდ 6%-მა გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება, ხოლო გამოკითხულთა 24%-მა განაცხადა, რომ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button