ახალი ამბები

სააკაშვილმა დაყაჩაღებულ ოჯახში სტუმრობისას დაგეგმილ ამნისტიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვემო ქართლის სოფელ ჯანდარაში მცხოვრები მამედოვების ოჯახის დაყაჩაღების ფაქტი გამოიყენა რათა დაგეგმილი ამნისტიის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ დაეყენებინა. 

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შედეგად მიღებული ამნისტიის აქტი ძალაში ჯერ არ შესულა და მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, თუმცა თუ ის ამაზე კვლავ უარს იტყვის, აქტს სამართლებრივი ძალა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შედეგად მიენიჭება, ხოლო მისი აღსრულება ამოქმედებიდან ორი თვის მანძილზე მოხდება.   

სააკაშვილი სოფელ ჯანდარას 30 დეკემბერს ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად სტუმრობდა, სადაც დაყაჩაღებულ ოჯახსაც ესტუმრა.

„ეხლა იყო დრო ამნისტიის გაკეთების?“ – განაცხადა სააკაშვილმა, რომელსაც გვედრით მამედოვის ოჯახის წევრები ედგნენ, „ამის ფონზე მსოფლიოში რომელი ქვეყანა აკეთებს ფართომასშტაბიან ამნისტიას?“                 

შემდეგ პრეზიდენტმა ჰკითხა შიდა ქართლის გუბერნატორს რამდენი ყაჩაღობა მოხდა რეგიონში ვარდების რევოლუციის შემდეგ და გუბერმატორმა უპასუხა, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე სულ ცხრა ყაჩაღობას ჰქონდა ადგილი. „ბოლო ოთხ თვეში არის მეცამეტე ასეთი შემთხვევა“, – განუცხადა კირკიტაძემ პრეზიდენტს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს დაგეგმილი ამნისტიის ფონზე.

„ტელევიზორში ყელყელაობა კი არ სჭირდება პოლიციას, პატრული უნდა იყოს ყოველ კუთხეში და საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს მთელ საქართველოში, რამდენიმე ათასი საშიში დამნაშავე გადის გარეთ. ეხლა უნდა გამოცხადდეს საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა ამ მხრივ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ყაჩაღობის საქმე უკვე გახსნილი ჰქონდა პოლიციას, რომლის თქმითაც, სამართალდამცავებმაამ საქმეზე ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

31 დეკემბერს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის და გუბერნატორის განცხადებების საპასუხოდ გაკეთდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ საქმე ყაჩაღობიდან რამდენიმე საათში გაიხსნა და მძარცველების მიერ მიტაცებული ფულადი თანხა და ოქროს ნივთები ოჯახს უახლოესს დღეებში  დაუბრუნდება.

შსს–მ ასევე განაცხადა, რომ 2003 – 2012 წლების განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში ყაჩაღობის 471 ფაქტი იყო დაფიქსირებული, აქედან გახსნილი საქმეების რაოდენობა 251- ს  შეადგენს.

სამინისტროს თქმით, ნოემბერ-დეკემბერში რეგიონში რეგისტრირებული ყაჩაღობის 10 ფაქტიდან 6 გახსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პერიოდში დანაშაულის დონე გაიზარდა. თუმცა, მისივე თქმით, „მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნება კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება, არამხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში, არამედ  მთელი ქვეყნის მაშტაბით“.

დაგეგმილი ამნისტიის შედეგად სულ ცოტა 3 000 პატიმარი დატოვებს ციხეებს, ხოლო სასჯელის შემსუბუქება ათასობით დანარჩენ პატიმარს შეეხება.

პრეზიდენტს ამნისტიის კანონზე ვეტოს დადებისას ორი ძირითადი პრეტენზია ჰქონდა. ის წინააღმდეგი იყო იმ 190 პატიმრის გათავისუფლების, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო 5 დეკემბერს მიღებული დადგენილებით. ის ასევე სთავაზობდა დეპუტატებს, რომ არ დაეჭირათ მხარი ერთი მეოთხედით სასჯელის შემსუბუქებისთვის არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში მხილებული პირებისთვის.

საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობამ კლება წელს დაიწყო იანვარში არსებული 24 000-დან და მათმა რიცხვმა ნოემბრის ბოლოსთვის 20 493 შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button