skip to content
ახალი ამბები

ავღანეთში მომსახურე ქართველ სამხედროებს ხელფასები ეზრდებათ

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი წლიდან ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსაურეებს სახელფასო ანაზღაურება ეზრდებათ, რაც „პირველი პრეცედენტია“. 

ავღანეთში მყოფ რიგითებს ხელფასები ყველაზე მეტად, 40%-ით ეზრდებათ და 715 დოლარის ნაცვლად 1001 დოლარი ექნებათ; კაპრალებს  – 780 დოლარის ნაცვლად 1040 დოლარი გაუხდებათ; უმცროსი სერჟანტები 845 დოლარის ნაცვლად 1079 დოლარს მიიღებენ; სერჟანტები 910 დოლარის ნაცვლად 1118 დოლარს; უმცროსი სერჟანტები 845 დოლარის ნაცვლად 1079 დოლარს მიიღებენ; უფროსი სერჟანტები 975 დოლარის ნაცვლად 1157 დოლარს; მასტერ-სერჟანტები 1105 დოლარის ნაცვლად 1235 დოლარს;  მთავარი სერჟანტები 1170-ის ნაცვლად 1300 დოლარს; ლეიტენანტები 1274 დოლარიდან 1391 დოლარამდე გაზრდილ ხელფასებს აიღებენ;  უფროსი ლეიტენანტები 1300 დოლარიდან 1417 დოლარამდე; კაპიტნები 1430 დოლარიდან 1547 დოლარამდე; მაიორები 1690 დოლარიდან 1781 დოლარამდე;  ვიცე-პოლკოვნიკები 1950 დოლარიდან 2041 დოლარამდე; და პოლკოვნიკების ანაზღაურება 2210 დოლარიდან 2301 დოლარამდე გაიზრდება იანვრიდან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ავღანეთში ვიზიტის შემდეგ მიიღო. ავღანეთში სააალწლოდ სტუმრობას გეგმავს ასევე პრეზიდენტი სააკაშვილიც.

საქართველომ ოქტომბერში თავისი სამხედრო კონტინგენტი 1 571 ჯარისკაცამდე გაზარდა.

საქართველომ ავღანეთში 18 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. მათგან შვიდი წელს დაიღუპა.

თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს აიღეს პრემია – ერთ სამხედროზე საშუალოდ 365 ლარის ოდენობით  მაშინ, როდესაც 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გაერთიანებულ შტაბში ფულადი პრემიის სახით გაცემულია 41 მილიონ 164 ათასი ლარი.

იმავე ბრიფინგზე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ განაცხადა, რომ სამინისტროში  პრემიების საიდუმლო ბრაძანებებით გაცემის  პრაქტიკაც არსებობდა და ამ გზით 19 მილიონამდე ლარის „საიდუმლო პრემიაა“ გაცემული „ერთი და იგივე მაღალი თანამდებობის პირებზე“. მისივე ინფორმაციით, ოქტომბერში ხელისუფლების გადაცემის პერიოდში 200 ათასი ლარის პრემიაა გაცემული სამხედრო მოსამსაურეებზე, ხოლო 538 ათასი ლარის ოდენობით – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე.

ამ ფაქტებში სამართალდარღვევა არ ვლინდება, განაცხადა გოცირიძემ, განსხვავებით იმ საქმისგან, რომელიც სამინისტროში სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის საბრძოლო იარაღის ჯილდოდ გადაცემის არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა.

მისი ინფორმაციით, 2009-2012 წლებში სამხედრო და სამოქალაქო პირებზე 756 000 ლარის 161 ერთეული იარაღია საჩუქრად გადაცემული, მათ შორის 2012 წლის 3-10 ოქტომბრის პერიოდში 55 სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეზე ჯილდოდ, დაახლოებით, 207 ათასი ლარის ღირებულების იარაღი გაიცა.

„იარაღით დაჯილდოების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ნიშნები გამოიკვეთა“, – განაცხადა გოცირიძემ, „29 მოქალაქეს, რომლებსაც იმ მომენტისათვის არანაირი შეხება არ ჰქონია თავდაცვის სამინისტროსა დ გაერთიანებულ შტაბთან, ჯილდოდ გადაეცათ სხვადასხვა ღირებულების ძვირადღირებული იარაღი, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა და მასალები აღნიშნულის შესახებ გადაეცემა საქართველოს მთავარ პროკურატურას“.

სამინისტრო აცხადებს, რომ თანამშრომლების წახალისების გამჭირვალე სისტემის შემოღებაზე მუშაობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წელს 660 მლნ ლარს მიიღებს ბიუჯეტიდან, რაც 70.6 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებასთან შედარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button