ახალი ამბები

სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ვეტოს ადებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 27 დეკემბერს, რომ ის არ მოაწერს ხელს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 21 დეკემბერს დაამტკიცა.

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უკან გაუგზავნის პარლამენტს კანონპროექტს შენიშვნებით. 

პარლამენტი ან გაითვალისწინებს ამ შენიშვნებს, ან პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას შეეცდება, რასაც სულ ცოტა 89 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

სააკაშვილის თქმით, მისი შენიშვნები ძირითადად კანონპროექტის ორ ასპექტს შეეხება – ერთი ეხება იმ 190 პატიმრის გათავისუფლებას, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო და მეორე იმ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს სასჯელის ვადა ერთი მეოთხედით უმცირდებათ.

„როგორც წესი, ამნისტია ცხადდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელნელა დააცარიელო ეს ციხე“, – განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრისას.

„არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა სააკაშვილმა, „საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა, რომ 200 პოლიტიკური პატიმარი იყო საქართველოში… ამით მინიმუმ ვაცხადებთ, რომ ვართ ძალიან არასერიოზული ქვეყანა და თუ ვინმეს სერიოზულად მიუვა ეს განცხადება, რომ 200 პატიმარი გვყავს, ვყოფილვართ ჩრდილოეთ კორეა, ბირმა, ბელარუსი და აფრიკის 70–იან წლებში რომ იყვნენ იდი ამინი და სხვა დიქტატორები ერთად აღებული“.

სააკაშვილმა პოლიტიკური პატიმრების სიაში შესულ იმ პირებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და ასევე ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, იმედი მაქვს, რომ ამათ უშვებენ ჩემ ჯინაზე და არა ვიღაცის დაკვეთით იმიტომ, რომ თუ რუსეთის აგენტებს უშვებ ასე მასობრივად, ეს ან ჩემ ჯინაზე კეთდება  – და მაშინ კიდე გავიგებ – ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მე მინდა ვთქვა, რომ ამ ნაწილს დავადებ ვეტოს იმიტომ, რომ ნამდვილად არ მინდა საქართველოს მოვჭრა თავი. მე მიმაჩნია, რომ დანარჩენი მასობრივი ამნისტიაც არის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, იგი ასევე წინააღმდეგი იყო რაიმე სახით ამნისტია შეხებოდათ მათ, ვინც მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

„ამრიგად, პედოფილიის ნაწილსაც ასევე ვადებ ვეტოს და გადალახოს პარლამენტმა პედიფილიის ნაწილშიც [პრეზიდენტის ვეტო] და აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ პედოფილებს უშვებს გარეთ, და უშვებს სახელმწიფო გადამტრიალებლებს და უშვებს რუსეთის ჯაშუშებს. მაგრამ მე ნამდვილად საღ აზრზე ამას ნამდვილად არ მოვაწერ ხელს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 21 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა, სხვადასხვა დოზით ყველა პატიმარს შეეხება და ითვალისწინებს პატიმრობიდან სრულ გათავისუფლებას, ასევე სასჯელის განახევრებას ან ერთი–მესამედით და ერთი–მეოთხედით შემცირებას.

პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტისგან განსხვავებით, ამნისტიის საბოლოო ვერსია უფრო ფართო კატეგორიაზე ვრცელდება და ითვალისწინებს, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირდებას ამნისტიის კონკრეტული მუხლების მიღმა აღმოჩენილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებისთვისაც – ამას ეწინააღმდეგებოდა რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის დეპუტატი კობა დავითაშვილი. 

გარკვეული წუხილები კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობამაც გამოხატა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სთავაზობდა დეპუტატებს შეემცირებინათ ამნისტიის მასშტაბები, რათა ის დანაშაულების კონკრეტულ კატეგორიას არ შეხებოდა, თუმცა დეპუტატებმა ეს შემოთავაზება არ მიიღეს.

თუ როგორ უპასუხებს პარლამენტი, კერძოდ კი საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის დაგეგმილ ვეტოს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

„ქართულ ოცნებას“ ამჟამად 83 დეპუტატი ჰყავს, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს იმ დეპუტატების მხარდაჭერის იმედი, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა დატოვეს. ამ რვა დეპუტატის მიმხრობის შემთხვევაში, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, ქართული ოცნებას ექნება ცოტა 89 ხმა პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს დასაძლევად.

ვეტოს სამართლებრივი პროცედურები

კანონმდებლობის თანახმად, თუ პრეზიდენტი ხელს არ აწერს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, ის „მოტივირებული შენიშვნებით“ უბრუნებს მას უკან პარლამენტს. შენიშვნებს, რომელიც კანონპროეტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, პარლამენტი 15 დღის განმავლობაში განიხილავს და იღებს ორიდან ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

პარლამენტი ან ამტკიცებს პრეზიდენტის შენიშვნებს, რის შემდეგაც 5 დღის ვადაში კანონპროექტი გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს მის საბოლოო რედაქციას და კანონს 7 დღის ვადაში აქვეყნებს. 

მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტი უარს ამბობს პრეზიდენტის შენიშვნების მიღებაზე, ის ირჩევს ვეტოს დაძლევის გზას და კენჭს უყრის კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი (ამჟამინდელ პარლამენტში მინიმუმ 89 დეპუტატი).  თუ პრეზიდენტი პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს არ გამოაქვეყნებს, მას პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და 5 დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს.  

თუ ორივე ვარიანტში კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩავარდება – ანუ პრეზიდენტის შენიშვნების მიღებისთვის საჭირო პარლამენტის სხომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, თუმცა არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 დეპუტატის) მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს ან ვეტოს დაძლევისთვის საჭირო 89 ხმას ვერ მოაგროვებს, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასეთ შემთვევაში, პარლამენტს შეუძლია „მომდევნო მორიგ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ დაუბრუნდეს დადგენილი წესით მის განხილვას“.

ამჟამად პარლამენტში საშემოდგომო სესია დახურულია და საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომების რეჟიმში ასრულებს 28 დეკემბერს მუშაობას. პარლამენტის რეგლამენტის თანამად, თუ პრეზიდენტი საპარლამენტო არდადეგებზე ან არდადეგებამდე დარჩენილ 15 დღეზე ნაკლებ პერიოდში ადებს ვეტოს კანონპროექტს, მის მიერ დაბრუნებული შენიშვნების განსახილველად შეიძლება მოწვეული იქნეს რიგგარეშე სესია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button