Placeholder canvas
ახალი ამბები

ქუთაისში სააკაშვილის სტუმრობის დროს ინციდენტი მოხდა

ათობით მომიტინგემ 19 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისის პიკეტირება მოაწყო, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი პარტიის დეპუტატებს ხვდებოდა. პიკეტირებას ინციდენტი მოყვა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომიტინგეები, რომელთაც მანამდე ქუთაისში პარლამენტის შენობის წინაც გამართეს აქცია, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის ოფისის უსაფრთხოდ დატოვების უზრუნველსაყოფად, მისმა დაცვამ მანქანა ტროტუარზე აიყვანა და ოფისის შესასვლელთან გააჩერა ისე, რომ პრეზიდენტი გამოსვლისას მაშინვე ჩამჯდარიყო მანქანაში. ზოგიერთი ინფორმაციით, პრეზიდენტის მანქანას ქვები დაუშინეს, როდესაც ის ტერიტორიას ტოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ფორმიანი პოლიციელები იმყოფებოდნენ, მათ ვერ შეძლეს მომიტინგეების დაწყნარება. 

რამდენიმე მომიტინგე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს აკაკი მინაშვილს გაყვა, როდესაც მან ნაციონალების ოფისი დატოვა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა; დეპუტატმაც შეუბრუნა სიტყვა მომიტინგეებს რამდენჯერმე და მათ „მოღალატეები“ უწოდა; რაღაც მომეტში რამდენიმე მომიტინგე აგრესიულად დაიძრა მისკენ, რათა სავარაუდოდ მისთვის ფიზიკური შეურაცხყობა მიეყენებინა, თუმცა მინაშვილის თანმხლებმა პირებმა უზრუნველყვეს მისი მშვიდობიანი მისვლა მანქანასთან. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მკაცრად დაგმო ინციდენტი და პოლიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ვერ აღკვეთა ის.

„მე არ ვიცი, სად იყო ამ დროს პოლიცია და თუ იყო, მაშინ რატომ ვერ აღკვეთა ეს ამბავი“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „თუ ჩვენ, ხელისუფლებამ, აღმასრულებელმაც და საკანონმდებლომაც, ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ რაღაც სტანდარტი ამ ქვეყანაში, მაშინ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს“.

„აზრის გამოხატვის თავისუფლება არის უზენაესი… მაგრამ როცა საქმე ეხება რაღაცის ბლოკირებას, პარლამენტის წევრთა ფიზიკურ შეხებას, ამისი მოთმენა და ატანა არის დაუშვებელი ამბავი“, – განაცახდა უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, „პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოებიდან ველი, რომ გვექნება ამომწურავი პასუხი რა მოხდა და უმრავლესობის წევრებსაც მოგმართავთ, პარლამენტის ღირსების საქმეა პარლამენტის წევრის უფლებების დაცვა. თუ ჩვენ ეს ხალხი არ დავიცავით დღეს, მაშინ თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ დღეში ძალიან მალე“.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წერილობით განცხადებაში დაგმო ინციდენტი და სამართალდამცავ სტრუქტურებს მისი სწრაფი გამოძიებისკენ და მომავალში ამგვარი ინციდენტების აღკვეთისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას „თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან, არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე“.

ნაციონალურმა მოძრაობამ “ქართული ოცნება“ ოფისის წინ აქციის ორგანიზებაში დაადანაშაულა, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უარყვეს რაიმე კავშირი ინციდენტთან.

ინციდენტის ადგილზე დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა: "ეს არის სასაცილო და აბსურდული, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს საცოდავ ადამიანებს, რომლებიც აქ მოსულები არიან. ისინი არ წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას, არამედ იქცევიან, როგორც არაადამიანები, როგორც ველურები".

ინციდენტის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს – უკვე მეორედ ბოლო ექვსი კვირის მანძილზე.

პირველად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად 8 ნოემბერს დატოვეს ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და კიდევ ორი სამხედრო მეთაურის დაკავებასთან, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო შემოწმების დაწყებასთან დაკავშირებით.

ასევე 19 დეკემბერს ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელია და 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ასევე კიდევ სამი პირი სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო გვარამიას დაკავება, როგორც ზეწოლა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე.

„სასამართლოზე ზეწოლა, ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშწორება, თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის დაპატიმრება – ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა რეალურად მიადგა იმ ზღვარს, სადაც მთავრდება დემოკრატია და რომლის იქითაც იწყება განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტების ფიზიკური დევნა და განადგურება“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, სანამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.  

„სასამართლოზე ზეწოლაში“ ბაქრაძე გულისხმობდა ბრალდებას, რომელიც 19 დეკემბერს გაჩნდა და რომლის თანახმადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ–ერთი მოსამართლის თანაშემწე აცხადებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში, რომ მასზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზეწოლას ახდენდა, რათა მას ეთანამშრომლა და მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. ნაციონალურმა მოძრაობამ სამართალდამცავებს ამ საკითხის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button