ახალი ამბები

მელია: მთავრობა ‘გაძლიერებულ ყურადღებას’ უთმობს სათანადო სამართლებრივ პროცესს

საქართველოს მთავრობა უსმენს საერთაშორისო მოწოდებებს და „გაძლიერებულ ყურადღებას“ უთმობს სათანადო სამართლებრივ პროცედურებს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო გადაცდომების გამოძიებისას, განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელიამ ჟურნალისტებს თბილისში 12 დეკემბერს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც სხვებმა, მოუწოდეს საქართველოს ახალ მთავრობას „მკაცრი ყურადღება მიაქციოს სათანადო სამართლებრივ პროცედურებს იმ შესაძლო გადაცდომების გამოძიების და სამართალწარმოების პროცესში, რომელთაც შესაძლოა წარსულში ჰქონდა ადგილი“.

„და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობას ესმის ეს მოწოდებები; ისინი ჩვენ გვისმენენ და ვფიქრობთ, რომ ბოლო კვირების მანძილზე გაზრდილი ყურადღება მიექცა სათანადო სამართლებრივ პროცედურებს“, – განაცხადა მელიამ.

მან განაცხადა, რომ ეს საკითხი 12 დეკემბერს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან და მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან გამართულ შეხვეედრაზე განიხილა.

„მე მიმაჩნია, რომ ისინი სავსებით მზად არიან იმ გზით იარონ, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების უმაღლეს სტანდარტებს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ აშშ კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმ წერილზე, რომელიც ხუთმა ამერიკელმა სენატორმა გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა. წერილის თანახმად, სენატორები „უაღრესად შეშფოთებულები“ არიან იმით, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა შესაძლოა „პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ისახავდეს“.

მელიამ განაცხადა, რომ იგი პირადად მიაწვდის ახალ ინფორმაციას ამ საკითხზე სენატორ ჯინ შაჰინს, რომელსაც ის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდება. ჯინ შაჰინი იმ ხუთ სენატორს შორის არის, რომლებმაც ივანიშვილს წერილი გაუგზავნეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი 12 დეკემბერს თბილისში შეხვედრებს მართავს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მას თან ახლავს აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტში ევრაზიის რეგიონალური დირექტორია და პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრეინინგების მიმართულებას კურირებს.

მელიამ განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი სტუმრობა გაგრძელებაა იმ ვიზიტისა, რომელიც აშშ-ის უწყებათაშორისმა დელეგაციამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გამართა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ტრანზიციის პროცესს აქ და საქართველოს მთავრობაში გაჩენილ თანაარსებობის ტრადიციას და მხარს ვუჭერთ ოფიციალური პირების ძალისხმევას, რომ ამან ქართველი ხალხისთვის იმუშავოს“, – განაცხადა მან.

როდესაც მას ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება“ ზეწოლას ახდენს ადგილობრივ თვითმმართველობებზე ადგილობრივი გამგებლების შეცვლის მიზნით, მელიამ უპასუხა: „ჩვენ გავიგეთ ისტორიები ზეწოლის შესახებ, რაც ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებზე განხორციელდა სხვადასხვა ადგილებში. მე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ ამაზე და ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრო განიხილავს ამას და ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს საერთო შეშფოთების საგანია და ჩვენ დავაკვირდებით, როგორ მოგვარდება ეს მომდევნო კვირებში“.

პრესკონფერენციაზე თავის გახსნით სიტყვაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბოლოდროინდელი ინციდენტების საკითხიც დააყენა, რომელიც რელიგიურ უმცირესობას შეეხებოდა, კერძოდ, სოფელ ნიგვზიანში ნოემბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც აჭარელ მუსულმანებს, რომლებიც გურიის ამ სოფელში 90–იანი წლების დასაწყისში გადასახლდნენ, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ  ერთ–ერთ სახლში, სადაც მუსულმანური სამლოცველო იყო მოწყობილი, ლოცვის საშუალება არ მისცა. ანალოგიური ინციდენტი დეკემბერში სოფელ წინწყაროშიც მოხდა. ტომას მელიამ განაცხადა, რომ უმცირესობათა უფლებების დაცვა ფუნდამენტური პრინციპია და „დადებითად მოიხსენია“ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button