skip to content
ახალი ამბები

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა

  • რუსული „საფრთხის“ მიმართ დამოკიდებულებაში ცვლილებაა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 12 დეკემბერს მისი დაკვეთით განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარდა და მთელი რიგი მიმდინარე და პოლიტიკური საკითხების მიმართ რესპონდენტების დამოკიდებულებას ასახავს.

კვლევა ასევე მოიცავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, რომლებსაც NDI-ი 17 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

NDI–ის დაკვეთით  გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 14-25 ნოემბერს ჩაატარა. კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. კვლევის ფარგლებში, რომლის ცდომილების ზღვარი +/– 3%–ია, პირისპირ ინტერვიუს გზით 1 947 რესპონდენტი გამოიკითხა.

მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ, NDI–ის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, თითქმის უცვლელია. კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 41%-მა უპასუხა „დიახ“, ხოლო 40%-მა  – „არა“.

რესპონდენტების 58% (აგვისტოში 54%) მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 11% (აგვისტოში 21%) თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

საქართველოს მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები (56%), ხელმისაწვდომი ჯანდაცვა (35%) და ტერიტორიული მთლიანობა (29%; აგვისტოში 34%) წარმოადგენს.

ამ ბოლო კვლევაში უფრო ნაკლები კითხვა იყო მიმდინარე მოვლენების შესახებ, ვიდრე წინა ანალოგიურ კვლევებში დაისვა.

რესპონდენტებს ციხის სკანდალის შესახებ ჰკითხეს, რომელიც სექტემბერში პატიმართა ცუდი მოპყრობის ამსახველი შოკისმომგვრელი ვიდეოების გავრცელებას მოჰყვა.

კითხვაზე, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს ახალმა მთავრობამ ციხის სკანდალის შემდეგ, პასუხები შემდეგი პრიორიტეტულობით გადანაწილდა: წინა ხელისუფლების წევრების საქმიანობის სრულად გამოიძიება (47%); სასჯელაღასრულების სისტემის რეფორმა (41%); ყოფილი მთავრობის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება (35%); ციხეში არსებულ პირობებზე მონიტორინგის გაზრდა/არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ხელმისაწვდომობა (24%) და ამნისტია (12%).

რესპონდენტებს სოფელ ნიგვზიანში ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შესახებაც ჰკითხეს, როდესაც აჭარელ მუსულმანებს, რომლებიც გურიის ამ სოფელში 90–იანი წლების დასაწყისში გადასახლდნენ, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ  ერთ–ერთ სახლში, სადაც მუსულმანური სამლოცველო იყო მოწყობილი, ლოცვის საშუალება არ მისცა.

კითხვაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა მუსულმანურ მოსახლეობას საკუთარ სახლში რელიგიური მსახურების ჩატარების უფლება, რესპონდენტების 51%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 29%-მა უარყოფითი. 19%-მა განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია. 

მიმდინარე მოვლენების შესახებ არსებულ კითხვებს შორის, ერთ-ერთი ეხებოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე. რესპონდენტების 68% მიესალმა ამ ნაბიჯს, ხოლო 4% – არა. კვლევის თანახმად, 27%-მა განაცხადა, რომ მათ არ იციან ამ გადაწყვეტილების შესახებ.

რესპონდენტების 79% უკმაყოფილოა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობით რუსეთთან, ხოლო 12%-ს მოსწონს. აგვისტოს კვლევაში, 89% უკმაყოფილო იყო რუსეთთან საქართველოს ურთიერთობით, ხოლო 5% – კმაყოფილი.

განსხვავებით წინა კვლევისგან, ნოემბრის კვლევაში მხოლოდ 26% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს, აგვისტოში არსებული 9%-დან ნოემბერში 22%-მდე გაიზარდა. 

40% აცხადებს, რომ მართალია რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია; იგივე პასუხი რესპონდენტთა 30%-მა გასცა აგვისტოში.

ამავე დროს, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა, და ნოემბერში 71% და 77% შეადგინა, შესაბამისად, ნაცვლად აგვისტოში არსებული 62% და 68%-ისა.

რესპონდენტების 68% აცხადებს, რომ ისინი მიესალმებოდნენ საქართველოს და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button