
ფინანსთა სამინისტრო რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება თბილისის მერიის მიერ რამდენიმე წლის წინ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის გაყიდვის და შემდეგ უკან გამოსყიდვის ფაქტზე, რომლის დროსაც, როგორც სამინისტრო ეჭვობს, ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ფინანსური ზიანი მიადგა.
საქმე ეხება 43 350 კვ.მ მიწის ნაკვეთს რიყეზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხა რამდენიმე ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსანი, რომლებიც 2006 წელს თბილისის მერიაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრები იყვნენ, მათ შორის ამჟამინდელი ვიცე–მერი პაპუნა პეტრიაშვილი და იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.
საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე ასევე დაიბარა დავით საყვარელიძე, დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან; იგი 2006 წელს მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი იყო.
დეპუტატმა საყვარელიძემ, რომელიც მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილეა, განაცხადა 11 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიება „გაურკვეველი“ და „პოლიტიკურად მოტივირებულია“, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არის მიმართული პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთით.
„ამიტომ, მე ვაცხადებ მზადყოფნას, ნებისმიერი შეკითხვა გამომიგზავნონ საჯაროდ და მე საჯაროდვე გავცემ ამ შეკითხვებს პასუხს“, – განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ იგი არ მივა დაკითხვაზე 12 დეკემბერს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მინდა მათ ხელი შევუწყო და დავეხმარო რაღაც პოლიტიკური დევნის და ამ სიბინძურის პროცესში ჩვენი გასვრის მიმართულებით“.
თბილისის მერიის მიერ რიყის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გაყიდვის და შემდეგ უკან გამოსყიდვის საქმე ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში მოექცა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოცულობითი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სარეაბილიტაციო პროექტებს აანალიზებდა.
ანგარიშის ერთ–ერთი ეპიზოდი რიყის ტერიტორიასაც ეხება.
2006 წლის ივნისში რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43 350 მ.კვ თბილისის მერიის მიერ 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა; მიწის მყიდველი იყო შპს "ახალი რიყე", რომელიც შეთანხმების ხელმოწერამდე, დაახლოებით, ორი თვით ადრე დარეგისტრირდა.
კომპანიის თანადამფუძნებელი იყო GMC ჰოლდინგი, რომელსაც სხვადასხვა ბიზნეს ინტერესები აქვს საქართველოში, მათ შორის იგი იმ კომპანიის თანამფლობელია, რომელიც რესტორნების ქსელს მართავს. GMC ჰოლდინგის მფლობელია ოფშორული კომპანია, რომელსაც რიყის ტერიტორიის შესყიდვის დროს ლევან ყარამანიშვილი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის თანამფლობელია.
2008 წლის ბოლოს თბილისის მერიამ უკან გამოისყიდა იმავე კომპანიისგან იგივე მიწის ნაკვეთი 17 მილიონ აშშ დოლარად, რითაც, როგორც საიამ თავის ანგარიშში აღნიშნა, 10 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური ზიანი მიადგა თბილისის ბიუჯეტს.
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის შეძენის დროს, კომპანიას ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. თუმცა, 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს–ს არ ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, თბილისის მერიამ გამოისყიდა ზემოხსენებული მიწის ფართები იმაზე გაცილებით ძვირად, ვიდრე თავად გაყიდა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა 11 დეკემბერს, რომ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. „ეს არის ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით მიღებული შემოსავლების გაფლანგვა“, – განაცხადა მან.
დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ხადურის განცხადება, იმ დროს, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, „ცილისწამებაა“, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
გასულ კვირაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სრული სურათის მისაღებად გამოძიებამ რიყის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაკითხოს.
ახვლედიანმა, რომელიც 2006 წელს თბილისის მიწის მართვის და განკარგვის კომისიის თავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ 2006 წელს თბილისის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებდა ივანიშვილთან, რათა რიყის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა დაეფინანსებინა. ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ვერ მოხდა შეთანხმება პროექტის დიზაინზე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დაფინანსებაზე უარი განაცხადა, თბილისის მერიამ მიწის გამოსყიდვა გადაწყვიტა, რათა შემდეგ თვითონ კეთილმოეწყო ის. ახვლედიანმა უარყო რაიმე კანონდარღვევები შეთანხმების დადების პროცესში და მზადყოფნა გამოთქვა პასუხი გაეცა ნებისმიერი კითხვისთვის, რაც გამოძიებას გაუჩნდებოდა. პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა 9 დეკემბერს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაიკითხოს ის ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგანაც მას ხელისუფლებამ მხოლოდ რიყის პარკის განვითარების დაფინანსება შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა, ვინაიდან შემოთავაზებული პროექტის არქიტექტურული დიზაინი არ მოეწონა.