ახალი ამბები

სააკაშვილი ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეფერხებაზე საუბრობს

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ჰქონდა შანსი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიეღო  4–5 დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, მაგრამ „ბოლო თვეების მოვლენების“ გამო საქართველოს ეს შანსი ვერ გამოიყენა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 დეკემბერს.

ვარშავაში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც იგი თავის პოლონელ კოლეგას შეხვდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამ შეფერხებისა, დაკარგული ჯერ არაფერია და წინსვლა შესაძლებელია ნატოში ინტეგრაციის კუთხით, თუ „ჩვენ რაღაცეებს გადავხედავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და ასევე ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში“.

“ჩვენ მუდმივად განვიცდით პროგრეს ნატოში [ინტეგრაციის თვალსაზრისით]. ჩვენ ვერ მივიღეთ ბუქარესტში MAP–ი [2008 წლის აპრილში], მაგრამ მივიღეთ პირდაპირ განცხადება და ჩაიწერა ეს ნატოს ყველა დოკუმენტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს იყო ნამდვილი გეოპოლიტიკური გარღვევა. შემდეგ შეიქმნა ნატო–საქართველოს კომისია [2008 წლის სექტემბერში]… შემდეგ ჩვენ მივიღეთ სტატუსი ასპირანტი წევრის [2011 წლის დეკემბერში]… შემდეგ იყო ჩიკაგოს სამიტზე უკვე განცხადება [2012 წლის მაისში], რომ 2014 წელს ნატო უნდა გაფართოვდეს და საქართველო არის ერთ–ერთი მთავარი კანდიდატი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოსთან დაკავშირებით, ნატოს სამიტმა, რომელიც ჩიკაგოში მაისში გაიმართა, კიდევ ერთხელ გაიმეორა 2008 წლის შემდეგ გამართული წინა სამიტების დეკლარაციების ფაქტორები და აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად გახდება ნატოს წევრი. ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს კოლეგებთან ოთხი ქვეყნიდან – მაკედონიიდან, მონტენეგროდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან და საქართველოდან, რომლებიც „ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან“. შეხვედრის შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა: „მჯერა, რომ ეს სამიტი იქნება ბოლო სამიტი, რომელიც არ იქნება გაფართოების სამიტი“.

„გუშინ ჩატარდა ნატო–საქართველოს კომისია ბრიუსელში და სამწუხაროდ ჩვენ შანსი გვქონდა არჩევნების შემდეგ მიგვეღო აქ MAP–ი, იმიტომ რომ მაშინ პირდაპირ დისკუსიები იყო, რომ რახან ესე მაგრად ჩატარდა არჩევნები, რადგან ჩვენ გვქონდა კონსესუსი ახალ კოალიციასა და პრეზიდენტს შორის, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ნატოში; იყო შანსი და ამის შესახებ მე მითხრეს პირადად ძალიან მაღალ დონეზე ყველგან, რომ ჩვენ შეგვეძლო დეკემბრისთვის უკვე კიდევ ერთი ნაბიჯი გაგვეკეთებინა, უკვე ნახევარი ნაბიჯი წევრობიდან  და მიგვეღო როგორც იქნა ეს MAP–ი“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ „ჩვენ არ დაგვიგეგმავს რაიმე განხილვები წევრობის სამოქმედო გეგმაზე ან რაიმე სხვა ნაბიჯები ნატო–საქართველოს კომისიის ხვალინდელ სხდომაზე“.

„სამწუხაროდ, ბოლო თვეების მოვლენებმა, და ამას ვამბობ დიდი დანანებით, ამ ეტაპზე ამის საშუალება გუშინ არ მოგვცა. გუშინ ჩაიარა ისე, რომ პრაქტიკულად ახალი ინსტიტუციური   წინსვლა არ გვქონია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მაგრამ მე ვფიქრობ ეს გამოსწორებადია , არაფერი არ არის დაკარგული. მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ თუ რაღაცეებს გადავხედავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და ასევე ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში, ცოტათი შევძლებთ, რომ ისევ გავაგრძელოთ წინსვლა. ეს არის საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესებში, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ერთმანეთი თუ არ მოგვწონს.  ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ საქართველოს წინსვლა არ შეჩერდეს იმიტომ, რომ ეს ეხება ქართველი ხალხის გრძელვადიან პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის არსებობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის და შვილების მომავალს“, – განაცხადა მან.

„ამიტომ აქ პარტიული განსხვავებები არ შეიძლება იყოს და მე არ შემიძლია გახარებული ვიყო რაიმე ცუდად თუ მიდის, პირიქით, ეს ცუდი ფაქტი იქნება ყველასათვის. ამიტომ, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ სიტუაცია, თუ სადმე შევფერხდით, წავფორთხიალდით,  რაღაც ყოყმანი გაჩნდა, ეს გადაილახოს და ჩვენ გავაგრძელოთ საქართველოსთვის წინ სვლა“, – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button