skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

პრეზიდენტი სააკაშვილი 5 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა, სადაც  პოლკოვნილი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად წარადგინა.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გვერდზე მჯდომმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას თავდაცვის მინისტრთან გენშტაბის ახალი უფროსის შერჩევასთან დაკავშირებით  „აზრების  კონსტრუქციული ურთიერთგაცვლა“ ჰქონდა. მისი თქმით, პოლკოვნიკი ძნელაძე „იდეალური კანდიდატია“.

გაერთიანებული შტაბის მეთაურის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილ უფროსს, 32 წლის ბრიგადის გენერალს, გიორგი კალანდაძეს სისხლის სამართლის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე  გამოძიების გამო სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილება დაახლოებით ერთი თვის წინ შეუჩერა.

„თქვენ იცით, რომ პრობლემები შეიქმნა გენშტაბის წინა უფროსთან დაკავშირებით, გენერალ კალანდაძესთან დაკავშირებით, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. „მიმაჩნია, რომ ეს გაუგებრობები მალე უნდა დასრულდეს და  დასრულდება… და ის დაუბრუნდება თავის საქმიანობას [შეიარაღებულ ძალებში]".

მას შემდეგ, რაც კალანდაძე ხანმოკლე დაკავების შემდეგ გირაოთი გათავისუფლდა, 10 ნოემბერს იგი პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო პრეზიდენტის სასახლებში. იმ დროს კალანდაძე ჯერ კიდევ გენშტაბის უფროსი იყო. შეხვედრის დროს სააკაშვილმა დაავალა კალანდაძეს დაბრუნებოდა სამსახურს გენშტაბის უფროსის რანგში; თუმცა, მეორე დღეს სასამართლომ მას პროკურატურის მოთხოვნით უფლებამოსილება შეუჩერა.

„ამ სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს უფლება ავყვეთ ემოციებს, იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა და დგას უფრო მაღლა ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება ან თუნდაც უსამართლოდ შექმნილი იურიდიული პრობლემები“, – განაცხადა სააკაშვილმა 5 დეკემბერს. „ჩვენ ვერ გავაჩერებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას. ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული ურთიერთგაცვლა აზრების ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრთან. თავდაცვის სამინისტროს ზუსტად იგივე შეხედულება აქვს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ნატოს მიმართულებით“. 

„მე ვფიქრობ, რომ თუ კი რამე სირთულეები შეიქმნა ბოლო ხანებში თუნდაც  ნატოსთან მიმართებაში, ჩვენ უნდა გადავლახოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა ნატოს სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების თაობაზე მას შემდეგ, რაც გენშტაბის უფროსი იქნა დაკავებული.

„ მე მიმაჩნია, ჩვენ გვეჭირა ყველა კოზირი ხელში შემდგომი წინსვლის 1 ოქტომბრის შემდგომ“, – განაგრძო მან. „არაფერი არ არის შეუქცევადი. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთობლივი მუშაობით ამ კურსის გაგრძელება. 2014 წელს არის ჩიკაგოში ახალი გაფართოების სამიტი, როგორც ჩიკაგოში გადაწყდა და იმედია, რომ საქართველო ამ დროისთვის იქნება კარგ ფორმაში, რათა მოხვდეს ნატოს გაფართოების შემდგომ ჯგუფში“.

„როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში… შეიარაღებული ძალები უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა იმავე შეხვედრაზე, რომ გენშტაბის ახალი უფროსი, რომელიც „კონსულტაციების“ შედეგად შეირჩა, რა თქმა უნდა, დადებითი ნაბიჯია. 

"მნიშვნელოვანი დღეა დღეს იმითაც, რომ პოლიტიკური ძალები ვთანხმდებით, რომ  საქართველოს შეიარაღებული ძალები, ისევე როგორც სამართალდამცავი სტრუქტურები მთლიანად პოლიტიკის მიღმაა და ჩვენ ავაშენებთ ძლიერ არმიას, რომელიც ძლიერი განვითარებული საქართველოს სადარაჯოზე იქნება", – განაცხადა ალასანიამ.

„მე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არ იქნება არავის ხელში პოლიტიკური თამაშის იარაღი. მიუხედავად პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობის და ოპოზიციის განსხვავებული პოზიციებისა რიგ საკითხებზე, ქართული არმია, ქართული ჯარი     არის ის, რასაც ორივე პოლიტიკური ძალა აფასებს, სიამაყით აფასებს და აუცილებლად ერთობლივად მოვუვლით“, – განაცხადა ალასანიამ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში სწორედ იმ წარმატებაზე, რომელიც 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მიაღწია და ჩვენ დაუმტკიცეთ ყველას, რომ ფუნდამენტურად დემოკრატიული საზოგადობა ვართ, ამ წარმატებაზე უნდა ავაშენოთ ძლიერი, გაერთიანებული სახელმწიფო და დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ევრო–ატლანტიკურ ოჯახში“, – დასძინა მან.

აშშ–ის საელჩომ თბილისში 5 დეკემბერს „იმედის მომცემი“ უწოდა იმას, რომ „შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე“ მთავრობამ და პრეზიდენტმა შეძლეს „შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ბრიუსელში 5 დეკემბერს ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მიღწეულ შეთანხმებას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის დანიშვნის თაობაზე.

„ეს ნათელი ნიშანია იმისა, რომ მხარეები ცდილობენ წინ წავიდნენ მშვიდი თანაარსებობის უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა რასმუსენმა.

 

Back to top button