
ნატო მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს რეფორმები
- ‘მეტი საქმეა გასაკეთებელი’;
- სასამართლო საქმეები ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ არ უნდა იყოს აღქმული პოლიტიკურ დევნად;
- ნატო ელის მშვიდობიან თანაარსებობას და თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს 2013 წელს;
- ნატო მიესალმება მთავრობას და პრეზიდენტს შორის გენშტაბის უფროსზე მიღწეულ შეთანხმებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ბრიუსელი, 5 დეკემბერი. ფოტო: ნატო
ოქტომბერში ჩატარებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახლა მთავარი გამოწვევაა შენარჩუნდეს იმპულსი, უზრუნველყოფილ იყოს მშვიდი თანაარსებობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს „დემოკრატიული რეფორმების გზაზე დარჩენა“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
5 დეკემბერს, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსმა აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული სერიოზული რეფორმები.
„მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელების და კანონის უზენაესობის გაძლიერების, ასევე მედიის თავისუფლების და გამჭირვალობის კუთხით“, – განაცხადა რასმუსენმა. „ჩვენ ველით უფრო ძლიერ და ახლო ურთიერთობას [საქართველოსთან] 2013 წელს და მის შემდეგაც“.
დაახლოებით სამი კვირის წინ, 12 ნოემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა რომ იგი „უკიდურესად შეშფოთებული“ იყო საქართველოში, როგორც მან მაშინ თქვა, „პოლიტიკური ოპონენტების“ დაკავებების გამო.
როდესაც მას 5 დეკემბრის პრესკონფერენციაზე კითხეს, მოხდა თუ არა ამ კუთხით საქართველოში მოვლენათა პოზიტიური განვითარება მის მიერ 12 ნოემბრს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რასმუსენმა უპასუხა, რომ „ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი დაკავებების“ საკითხი ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილეს.
„ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ნატო არანაირად არ აპირებს ამ სამართლებრივ პროცესებში ჩარევას. მაგრამ, ჩვენ ასევე დავძინეთ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი სცეს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და იმას რომ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გარანტირებული ქონდეთ,“ – განაცხადა რასმუსენმა.
„ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სამართლებრივი საქმეები არ იქნას აღქმული პოლიტიკურ დევნად. აქ აღქმაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მოწონება იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში გატარდა; ჩვენ ასევე გავუსვით ხაზი, რომ გასაკეთებელი კვლავაც რჩება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იმავე პრესკონფერენციაზე მას იგივე თემაზე დამატებით, მეორე შეკითხვაც დაუსვეს, კერძოდ, ნიშნავდა თუ არა მისი განცხადებები, რომ ნატოს აღარ ჰქონდა რაიმე წუხილები ბოლოდროინდელ დაკავებებთან დაკავშირებით.
რასმუსენმა უპასუხა: „ჩვენ დღესაც გამოვხატეთ ჩვენი წუხილი, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ისევე როგორც მანამდე პრემიერ მინისტრ [ბიძინა ივანიშვილისგან], მივიღეთ გარანტია, რომ მთავრობა არ ჩაერევა სასამართლო სისტემაში; ისინი უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს მიიღებენ; ისინი უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობის პრინციპის სრულ პატივისცემას“.
„ამრიგად ჩვენ დაგვარწმუნეს და ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა; მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს“, – დასძინა რასმუსენმა.
კითხვაზე მიაჩნია, თუ არა რომ თანაარსებობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის შესაძლებელი იქნება, ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ „ეს ადვილი არ არის“, მაგრამ აღნიშნა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მიღწეულ შეთანხმებას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის დანიშვნის თაობაზე.
მისი თქმით, „ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“ და „სულ ცოტა იმედისმომცემია“.
„ეს ნათელი ნიშანია იმისა, რომ მხარეები ცდილობენ წინ წავიდნენ მშვიდი თანაარსებობის უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა რასმუსენმა.
„ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვაღიარეთ…. 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ძალიან წარმატებული ჩატარება. საქართველომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა“, – განაცხადა მან.
„ახლა ჩვენ ველით, რომ თანაარსებობა ახალ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის იქნება მშვიდი, ხოლო მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ", -დასძინა რასმუსენმა.