skip to content
ახალი ამბები

წლიური ინფლაციის დონე კვლავ ნულს ქვემოთაა

საქსტატის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონე უკვე მეექვსე თვეა, რაც ნულის ფარგლებში მერყეობს.

ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში -0,5  პროცენტი შეადგინა, რასაც წინ უძღოდა 0.1%–იანი ზრდა ოქტომბერში და 0.1%–იანი დეფლაცია სექტემბერში. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 5.5%–მდე შეამცირა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ორნახევარი წლის მანძილზე.

ნოემბერში სურსათის ფასები 1.8%–ით შემცირდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით; ასევე 2.5%–იანი კლება დაფიქსირდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასებზე; ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორში და ჯანდაცვის მომსახურებაში ფასები 5%–ით და 2.5%–ით გაიზარდა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%–იანი ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე. საქსტატის ინფორმაციით, ტრანსპორტის ფასები 0.5%–ით გაიზარდა.

2011 წლის მაისში 14.3%–მდე გაზრდის შემდეგ, წლიურმა ინფლაციამ კლება დაიწყო და 2011 წლის ბოლოსთვის 2%–მდე შემცირდა, ხოლო 2012 წლის დასაწყისისთვის ნულს ქვემოთ ჩამოვიდა და მაისში –3.3% შეადგინა.

This post is also available in: English Русский

Back to top button