ახალი ამბები

ბაჩო ახალაიასთვის საპატიმრო დაწესებულების შეცვლა დავის საგანი გახდა

ბაჩო ახალაიას საპატიმრო ადგილმდებარეობის შეცვლას მისი გულშემატკივრები აპროტესტებენ, როგორც მასზე „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ მცდელობას, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი ამ ნაბიჯს ბრალდებულის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის.

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 2008 წლამდე ასევე ხელმძღვანელობდა სასჯელაღსრულების სისტემას, წინასწარ პატიმრობის შეფარდებიდან დღემდე გლდანის ციხეში იყო მოთავსებული.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ბრალდებულ ახალაიას ეტაპირება #7  პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ასეთივე ტიპის მე-8 დაწესებულებიდან „მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა“.

ახალაიას გულშემატკივრებმა, მათ შორის ოჯახის წევრებმა და დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან გააპროტესტეს ახალაიას გადაყვანა ციხეში, სადაც მათი თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს. მხარდამჭერები ხაზს უსვამენ, რომ ახალაიამ დიდი როლი შეასრულა კანონიერი ქურდების „წელში გადატეხვაში“.

ადვოკატმა დავით დეკანოიძემ, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში მოინახულა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ახალაია ორთაჭალის ციხეში გადაყვანას უკავშირებს იმას, რომ „უნდოდათ მოეხდინათ ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე“

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ადამიანებს აქვს მცდელობა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ ბაჩო ახალაიაზე“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი მინაშვილმა მე-7 საპყრობილესთან და მოითხოვა, რომ დეპუტატების გარკვეულ ჯგუფს, სანამ ახალაია ორთაჭალის ციხეში რჩება, მიეცეთ მასთან „ულიმიტო შესვლის და ყოფნის უფლება“. 

მანამდე დეპუტატების ჯგუფი ნაციონალური მოძრაობიდან სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა და ახალაიას გლდანის ციხეში დაბრუნება ან იმ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა, სადაც სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები იხდიან სასჯელს. თუმცა დეპუტატების განცხადებით, ეს შეხვედრა „უშედეგოდ“ დამთავრდა.

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მე-7 დაწესებულებაში ახალაის აქვს „გაცილებით უკეთესი პირობები, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო რომელიმე სხვა დაწესებულებაში“.

მისი თქმით, ამ დაწესებულებაში, სადაც სულ 35 პატიმარი იხდის სასჯელს, ახალაია მოთავსებულია ოთხ ადგილიან საკანში, რომელიც სრულიად იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან და სადაც მას შეუძლია გამოიყენოს გასეირნების უფლება. ასევე მისი უსაფრთხოება 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილია დაცვისა და სათვალთვალო კამერების საშუალებით. ასევე მისი მონახულების საშუალება აქვთ სამუშაო საათებში ადვოკატებს, ხოლო დღე-ღამის ნებისმიერ დროს სახალხო დამცველის აპარატის და საზოგადოებრივი მონიტორინგის 51-წევრიანი ჯგუფის წარმომადგენლებს. ამ უფლებით დღეს რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა.  

სუბარმა განაცხადა, რომ ახალაიას მხარდამჭერების პრეტენზიები „უსაგნო“ და „ხელოვნურია“, რადგან არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლის განზრახვა ახალი ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს.

„ერთადერთი რაზეც ვზრუნავთ არის მისი უსაფრთხოება“, – განუცხადა მან „რუსთავი 2“-ს,  „ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მის არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ იმაზე მის მიმართ არ ქონდეს უმცირეს დარღვევებსაც კი ადგილი“.

ახალაიას ეტაპირების გადაწყვეტილება მინისტრმა იმით ახსნა, რომ მის ხალხმრავალ ციხეში ყოფნას შესაძლოა გამოეწვია „ზედმეტი ხმაური, რომლის განეიტრალებასაც შეიძლება დასჭირდეს ზედმეტი ძალისხმევა“.  

„მე-8 საპყრობილეში არის არა 35, არამედ ათასობით ადამიანი, რომლებიც რიგ შემთხვევაში ძალიან მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები ან მისჯილები, რომელთაც ახსოვთ ძალიან მძიმე დღეები იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც ბაჩო ახალაია წარმოადგენდა, მათ შორის წამება“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა 14 ნოემბერს, რომ მისმა რწმუნებულებმა ახალ საპატიმრო ადგილას მოინახულეს ახალაია, რომელმაც განუცხადა, რომ „მის მიმართ არანაირი სახის არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა, ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს და არც ადმინისტრაციის მიმართ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტინგენტიდან გამომდინარე, გამართლებულად არ მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება“.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ განიხილოს ბაჩო ახალაიას მე-7 დაწესებულებაში განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი.

სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო განიხილავს ამ საკითხს, თუკი ჩათვლის, რომ შესაძლებელია მისი იმ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც ყოფილი ჩინოვნიკები იხდიან სასჯელს. ამ ეტაპზე, მისი თქმით, მიზანშეუწონელი იყო ამის გაკეთება არსებული „სხვა ინფორმაციების“ გამო, რომლის დაკონკრეტებისაგანაც მან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში „ჩვენ შეგვეძლება ამაზეც ვილაპარაკოთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button