ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დეპუტატები: ნატოდან კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის „დამახინჯებული“ ინფორმაციის შედეგია

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის „დამახინჯებული და ცალმხრივი“ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულეს, რასაც შედეგად მოყვა საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ორი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების „დაუსაბუთებელი“ კრიტიკა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა პრაღაში 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე, რომ ის „უკიდურესად შეშფოთებულია“ საქართველოს ახალი მთავრობის მიერ „პოლიტიკური ოპონენტების“ დაკავების გამო.

იმავე დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „დემოკრატიის მომავალი აღმოსავლეთ სამეზობლოში“, რომლის ნაწილი საქართველოსაც ეხება. ეხმიანება რა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს, რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს „გავრცელებულ ინფორმაციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებზე და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული ზეწოლის გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან“.

„სამწუხაროა, რომ აღნიშნული განცხადების და რეზოლუციის გაკეთების საფუძველი გახდა არა საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის, ნატო-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ან ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ, სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული დამახინჯებული ინფორმაცია და ცალმხრივი შეფასებები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი აწერს ხელს.

კერძოდ, განცხადებას ხელს აწერენ თედო ჯაფარიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;  ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ვიქტორ დოლიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ორი მათგანი, დოლიძე და სესიაშვილი, რომლებიც პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ, აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ ასამბლეის სხდომის დატოვება მოუხდათ მის დასრულებამდე, დელეგაციის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი კანდელაკი აქტიურად ლობირებდა რეზოლუციაში იმ პუნქტის შეტანას, რომელიც საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს გააკრიტიკებდა.

„ვინ დაიჯერებს იმას, რომ მე ერთი ადამიანი ვაკონტროლებ ამხელა ასამბლეას და შეცდომაში შევიყვანე 28 ქვეყნის 350 დეპუტატი?“ – განუცხადა კანდელაკმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ტელეფონით 13 ნოემბერს. „მას შემდეგ, რაც გენერალურმა მდივანმა გააკეთა ძალიან მკაცრი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის შემდეგ ნორვეგიის დელეგაციამ თავმჯდომარის მეთაურობით შეიტანა ეს შესწორება [რეზოლუციის პროექტში]“. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიანიჭოს, ის ასევე შეიცავს „დაუსაბუთებელ კრიტიკას“, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოსთან მიმართებაში ტექსტის მთლიან შინაარსზე.      

„ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნება განაპირობებს, ხოლო საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამის გარანტია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებულია ქვეყანაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ძლიერი, ფუნქციონირებადი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დამკვიდრებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
„ამ საკითხებზე მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ პირადი ინტერესები და ვიწრო პარტიული დამოკიდებულებები არ უნდა დადგეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა“.
 
„ამასთანავე, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხალხმა მხარი დაუჭირა იმ იმედით, რომ ახალი მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ქვეყანაში სააკაშვილის გუნდის მიერ დამკვიდრებულ პოლიტიკური ნიშნით დევნას, შერჩევით მართლმსაჯულებას, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას და ავტორიტარულ მმართველობას“.

„შესაბამისად, მოქალაქეთა უფლებების უხეშად შელახვაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში მხილებული პირების დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის წარდგენა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება არის ჩვენი სწრაფვა ქვეყანაში ნატო-ს ღირებულებების დამკვიდრებისკენ და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, როგორც ეს ბატონ რასმუსენს წარმოუჩინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.     
 
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნატო-ს სტანდარტების საბოლოოდ დამკვიდრებისთვის ჩვენ გვესაჭიროება ჩვენი მეგობრების დროული რჩევები, რეკომენდაციები და ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკაც. ამიტომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან და ყველა საკითხზე მივაწოდოთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბრიუსელს სტუმრობს, 14 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 12 ნოემბერს, რომ პრემიერ–მინისტრი შესთავაზებს ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოში გამოაგზავნოს ჯგუფი, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ორი სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას გაუწევს მონიტორინგს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button