
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2012 წლის იანვარ–სექტემბერში
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის იანვარ–სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%–ით გაიზარდა და 7.59 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 17.8%–ით გაიზარდა და 4.05 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 24 ოქტომბერს.
ექსპორტი 2012 წლის იანვარ–სექტემბერში 14%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 17%–ით მოიმატა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც იანვარ–სექტემებრში 1.169 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა თურქეთიდან 1.05 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან თურქეთში მხოლოდ 117.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 940.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; უკრაინა – 544.6 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 459 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 434.7 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 371.5 მილიონი აშშ დოლარი (რუსეთთან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 306.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა); აშშ – 341.2 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 244.1 მილიონი აშშ დოლარი; იტალია – 240 მილიონი აშშ დოლარი და სომხეთი – 235.2 მილიონი აშშ დოლარი.
2012 წლის იანვარ–სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.4% შეადგინა – 432.2 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 202.9 მილიონი აშშ დოლარით (11.5%–იანი წილი მთლიან ექსპორტში); აზოტოვანი სასუქები – 104.7 მილიონი აშშ დოლარით (5.9%); თხილი – 65.8 მილიონი აშშ დოლარით (3.7%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 62.1 მილიონი აშშ დოლარით (3.5%); სპირტი ეთილის არადენატურირებული – 61.3 მილიონი აშშ დოლარით (3.5%); მინერალური წყლები – 45.4 მილიონი აშშ დოლარით (2.6%); წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – ე.წ. „არმატურა“ – 43.3 მილიონი აშშ დოლარით (2.4%); ღვინო – 42.6 მილიონი აშშ დოლარით (2.4%); შავი ლითონების ჯართი – 42.1 მილიონი აშშ დოლარით (მისი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 6.7%–დან 2.4%–მდე შემცირდა).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის პირველ ცხრა თვეში ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 702.5 მლნ აშშ დოლარი (12.1%–იანი წილი მთლიან იმპორტში); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 492.3 მლნ დოლარი (8.5%); ხორბალი – 184.1 მლნ აშშ დოლარი (3.2%); ნახშირწყალბადები – 182.8 მლნ აშშ დოლარი (3.1%); სამკურნალო საშუალებები – 162 მლნ აშშ დოლარი (2.8%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 84.3 მლნ აშშ დოლარი (1.4%); ელექტრული ტრანსფორმატორები – 78.8 მლნ აშშ დოლარი (1.4%); გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 78.5 მლნ აშშ დოლარი (1.3%); მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან – 78.5 მლნ აშშ დოლარი (1.3%); ტრაქტორები – 65.2 მლნ აშშ დოლარი (1.1%).
This post is also available in: English Русский