ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანიებს საგადასახადო დავალიანების შემცირებას სთავაზობს

მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს, მათივე თხოვნის საფუძველზე შეუმცირდეს არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული სანქცია–საურავები, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა 15 ოქტომბერს.

„პროცესის გამჭირვალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მინდა ღიად მივმართო ყველა მაუწყებელს, იქნება ის ცენტრალური თუ ადგილობრივი, სათანადო მომართვით მომართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და სამუშაო ვითარებაში საგადასახადო დავალიანებების შემცირებაზე მსჯელობა“, – განაცხადა ხეთაგურმა.

მისი თქმით, „ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქებით“ ყველა ტელეკომპანიის „თანაბარ საგადასახადო პირობებში ჩაყენება“ მოხდება.

„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას, თავისთავად კონკურენციის გაზრდას, მაუწყებლებს გაუჩნდებათ საშუალება მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები და განავითარონ ტელეკომპანიები ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ხეთაგურმა.

ეს ინიციატივა მან 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა, რის შემდეგაც მას ჟურნალისტების კითხვებისთვის აღარ უპასუხია.

მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ინიციატივა გულისხმობს არსებული დავალიანების შემცირებას და არა მის სრულად გაუქმებას, თუმცა მათ ამ ეტაპზე არ დააკონკრეტეს, თუ რა სამართლებრივი ფორმით განხორციელდება ეს პროცედურა. პრესცენტრში  Civil.ge-ს განუცხადეს, რომ ამ საკითხის ირგვლივ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა, ჯერ–ჯერობით არ გაიცემა.
 
ივლისში ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია ნაციონალური მაუწყებლების მიერ დაგროვილი დავალიანებების შესახებ, რომელთა ჯამური ოდენობაც 23 მლნ ლარამდე აღწევდა. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ იმ დროისთვის დაგროვილი დავალიანება 13.9 მლნ ლარს, „რუსთავი 2“–ის დავალიანება –  5.496 მლნ ლარს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც 2012 წელს ბიუჯეტიდან 49.6 მლნ ლარით ფინანსდება  – 3.538 მლნ ლარს შეადგენდა. ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებს, რომლებიც ამ დროისთვის მის ვებ–გვერდზე აღარ იძებნება.

ფინანსთა სამინისტრო კონფიდენციალურობის მოტივით არ გასცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მოცემული მომენტისთვის რამდენ ტელეკომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, რამდენს შეადგენს თითოეულის ვალი ცალკ–ცალკე ან ჯამურად სახელმწიფოს წინაშე. 

ინიციატივის წარმოდგენისას ალექსანდრე ხეთაგურმა ხაზი გაუსვა  რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა ტელევიზიებს ვალებს პატიობს და მაგალითად მოიყვანა, დაახლოებით, ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება მაუწყებელთა საგადასახადო ამნისტირების შესახებ.

2010 წლის ივლისში განხორციელებული ამ ინიციატივის ფარგლებში ნაციონალურ და რეგიონალურ მაუწყებლებს, დაახლოებით, 36 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერათ. ეს გადაწყვეტილება მაშინ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის გზით განხორციელდა. მთავრობას არც მაშინ გაუხდია გამჭირვალე, თუ რომელ ტელეკომპანიას კონკრეტულად რამდენი თანხა ჩამოაწერა სახელმწიფომ, თუმცა ცნობილი იყო, რომ დავალიანებების უდიდესი ნაწილი „იმედზე“, „რუსთავი 2“–სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდიოდა. ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ განაცხადეს, რომ საგადასახადო ამნისტია მათზე იმის გამო არ გავრცელებულა, რომ სახელმწიფოს მიმართ არანაირი დავალიანებები არ გააჩნდათ.

ამ გადაწყვეტილების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მთავრობა ტელეკომპანიებს არათანაბრად ექცეოდა, როცა თვალს ხუჭავდა მისდამი ლოიალური ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობაზე.

ეს ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებშიც, განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ 15 ოქტომბერს.

„საგადასახადო ამნისტია არასამართლიან კონკურენტულ გარემოს ქმნის და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ ტელევიზიებს, რომლებსაც პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ. მაუწყებლებს შეუძლიათ გადასახადების გადახდას თავი აარიდონ, ვინაიდან ეს დავალიანება მათ მაინც “ეპატიებათ”,  მაშინ როდესაც სხვა ტელევიზიები კეთილსინდისიერად იხდიან ყველა გადასახადს. რისკის ფაქტორი ეხლაც არსებობს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button